მთავარი,სიახლეები

რას ითვალისწინებს ახალი სამშენებლო რეგულაციები

02.02.2017 • 4654
რას ითვალისწინებს ახალი სამშენებლო რეგულაციები

შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმის მერიისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. ბლიც-ინტერვიუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნუგზარ ძნელაძესთან.

ბატონო ნუგზარ, რას გულისხმობს ახალი რეგლამენტი?

არის გარკვეული სიახლეები დაგეგმარებაში და მშენებლობაში, რაც მოეთხოვება ნებართვის გამცემს, მაკონტროლებელსა და მშენებელს. ახლა გაცნობითი ხასიათის შეხვედრებია [პარალელურად ამ პროცესში ჩართული იქნებიან მერიის მუნიციპალური სამსახურები და მუნიციპალიტეტები] ნათელი რომ იყოს ის სიახლეები, რა ცვლილებებსაც გულისხმობს ნებართვის გაცემა თუ ნებართვის მიღება.

უსაფრთხოების ისეთ რა საკითხებს ითვალისწინებს რეგლამენტი, რასაც ამ დრომდე სამშენებლო რეგულაციები არ ითვალისწინებდა?

ეს ძირითადად მესამე და მეოთხე კლასის შენობებს ეხება, მეხუთე კლასსაც თავისთავად, მაგრამ ბათუმში, ძირითადად, მეხუთე კლასის შენობები შენდება. ძირითადად სახანძრო უსაფრთხოებაზეა საუბარი. იმას, თუ სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე რა გეგმარებითი მოთხოვნები იქნება აუცილებელი; როგორ დაიგეგმოს შენობა, რომ რაღაც შემთხვევის დროს მაქსიმალურად იქნას შენობაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება დაცული; ეხება ასევე გეგმარებით ნაწილს შშმ პირებისთვის;  ეს უკავშირდება ასევე ფასადებს, შენობების განთავსებას და ასე შემდეგ.

მხოლოდ ის შენობები იგულისხმება, რომლებიც უნდა აშენდეს, თუ მიმდინარე მშენებლობებიც?

რაც ახლა იგეგმება, იქ მკაცრად რომ იყოს ეს ნორმები დაცული. რაც შეეხება უკვე აშენებულ შენობებს, რაიმე აუცილებლობა თუ იქნება, შეიძლება მერე დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში. ალბათ უფრო სავარაუდოა, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე რაიმე მოთხოვნები შემოვიდეს. სასტუმროებზე, სავაჭრო ცენტრებზე და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე დოკუმენტი მხოლოდ ახლა მშენებარეს განიხილავს და არა უკვე აშენებულს.

ხომ არ ითვალისწინებს ეს რეგლამენტი მუშების უსაფრთხოების წესების დაცვის გამკაცრებასაც?

ამ საკითხს თავისთავად არეგულირებს შრომის უსაფრთხოების წესი, რომელიც უნდა დაიცვას ნებისმიერმა დეველოპერმა და ობიექტზე უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების ინჟინერი. მესმის, რომ რომ ბევრი სამწუხარო ფატი მოხდა სამშენებლო ობიექტებზე, თუმცა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეს დოკუმენტი არ ითვალისწინებს.

უკვე ამ რეგლამენტის მოთხოვნათა გათვალისწინებით გაიცემა ნებართვები?

დიახ. ეს დოკუმენტი მოთხოვნებსაც ითვალისწინებს. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს გულისხმობს მთავრობის 57-ე დადგენილება, ამ დადგენილებაშიც უნდა შევიდეს ცვლილება და ეს ორი დოკუმენტი იყოს ურთიერთთავსებადი. გარდა ამისა, ყველა სხვა სამშენებლო წესიც, ამ დოკუმენტთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: