კომპანიასთან შექმნილი პრობლემების აღწერისას გამოკითხულებმა ყველაზე ხშირად დაბალი ძაბვა, ინფორმაციის მიღების სირთულე, ცხელი ხაზის არ არსებობა, დაგვიანებული რეაგირება და პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი პირის ვერპოვნა დაასახელეს.
კითხვარში სულ 7 სერვისი: „ენერგო პრო ჯორჯია,“ „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ბათუმის წყალი“, „სანდასუფთავება“, „ბათუმის პარკინგი“, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ინტერნეტი იყო მითითებული, თუმცა რესპოდენტს შეეძლო დაესახელებინა სხვა სერვისიც, რომლითაც ის სარგებლობს.
გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ უმრავლესობას პრობლემები „ენერგო პრო-ჯორჯიასთან“ ურთიერთობისას ექმნებათ. პრობლემები გამოიკვეთა „სოკარ ჯორჯია გაზის“ შემთხვევაშიც. უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ სამონტაჟო სამუშაოები თვეობით იწელება და გვიანდება. ინტერნეტის მოწოდებასთან დაკავშირებით გამოკითხულმა რესპონდენტებმა კი დაბალი სიხშირე და ხშირი გათიშვა დაასახელეს.
გამოკითხულები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას: დაგვიანებას, მძღოლების უკულტურობასა და თვითნებობას, ასევე მანქანაში ანტისანიტარიას უჩივიან. პრობლემის მოსაგვარების მიზნით ოცდახუთი გამოკითხულიდან შვიდს არავისთვის მიუმართავს, რვა გამოკითხული კი აცხადებს, რომ მიმართა შესაბამის უწყებას, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მომსახურების სერვისების მომხმარებელთა პრობლემების შესასწავლად ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში ფართომასშტაბიანი კვლევის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს, კვლევა ორგანიზაციის ახალი პროექტის – „მომსახურების სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის კამპანიის“ ფარგლებში განხორციელდება.
ორგანიზაციის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით შეხვედრას წინ უსწრებდა აჭარის რეგიონში მოქმედი მომსახურების სერვისების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ორგანიზაციის თანამშრომლებმა სერვისის მომწოდებელ კომპანიებში ოფიციალური წერილები გაგზავნეს, რომლითაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მათთან არსებული პრაქტიკისა თუ სტანდარტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს.
ინფორმაცია კომპანიაში არსებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემის არსებობის შესახებ არც ერთ კომპანიას არ მიუწოდებია. რამდენიმე მათგანი მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა.
ფოკუს ჯგუფების შეხვედრა „დემოკრატიის ინსტიტუტში” 13 თებერვალს შედგა და მას აჭარაში მოქმედი მომსახურების სერვისების წარმომადგენლები, არასამთავრობო და მედია სექტორის წევრები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მომსახურების სერვისების კუთხით პირად გამოცდილებასა და ასევე, საზოგადოებაში გავრცელებულ პრობლემებზე ისაუბრეს. დისკუსია მომსახურების სერვისებში არსებულ ბევრ პრობლემას შეეხო და ამ პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფების შექმნა გადაწყდა.
შეიქმნება შერეული ტიპის სამუშაო ჯგუფები და მასში მონაწილეობას მომსახურების სერვისების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო და მედია სექტორის წევრები მიიიღებენ. ჯგუფები რეკომენდაციებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ დოკუმენტის შექმნაზე იმუშავებენ.
მასალა მომზადებულია „ დემოკრატიის ინსტიტუტის“ პრესსამსახურის მიერ მომზადებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.