სიახლეები

საიას ხელმძღვანელი ახლო ხედით

15.02.2013
საიას  ხელმძღვანელი ახლო ხედით

მისი დღე დილის ათის ნახევარზე იწყება. ხუთი წლის განმავლობაში, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აჭარის ორგანიზაციაში მუშაობს, დილით არ უსაუზმია, იმიტომ არა, რომ ამის სურვილი არ აქვს, სამსახურში დაგვიანება არ უნდა. თვეზე მეტია, რაც სტატუსი შეიცვალა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არსებითი ცვლილება არ არის, რადგან დროის დიდ ნაწილს ისევ სამართლებრივი პრობლემების მქონე მოქალაქეებთან შეხვედრას, მათთან კონსულტაციებსა და სარჩელების მომზადებას უთმობს. „შეიცვალა ის, რომ ახლა უმაღლესი საბჭოს წევრებთან, იუნესკოს წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან შეხვედრა, ასევე კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობა მიწევს ხშირად“.

 

ინტერვიუს დროს გიას მობილური ტელეფონი არ ჩერდება. ძირითადად სამართლებრივი კონსულტაციისთვის ურეკავენ, უარს არავის ეუბნება. ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია იურისტი, რომელიც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით იმუშავებს: „გაწერილი გრაფიკით, ანუ დილის ათიდან ექვს საათამდე  თუ იმუშავებ, საქმე არ გამოგივა, ეს გამორიცხულია.  კვალიფიციური სარჩელის მომზადებას ერთი დღე სჭირდება, რასაც დღის განმავლობაში ვერ მოახერხებ. დღისით მოქალაქეები მოდიან კონსულტაციებისთვის, ამიტომ ძირითადი საქმე შაბათ-კვირას ან ექვსი საათის შემდეგ კეთდება“.  

 

პარასკევი ყველაზე რთული დღეა. გია ამბობს, რომ კვირის ამ დღეს განსაკუთრებით იღლება, ხვდება, რომ მისი ქმედითუნარიანობა იკლებს და მთელი დღის მეორე ნახევარს ანდომებს საქმეს, რაც შესაძლოა მეორე დღეს ერთ საათში გააკეთოს `ამ დროს ვდგები და შვიდის ხუთ წუთზე სამსახურიდან გავდივარ~. ეს ის დროა, როცა თუ ვინმე ჰკითხავს, მოსწონს თუ არა მისი სამუშაო და უნდა თუ არა ასე გააგრძელოს, უპასუხებს, რომ არა, დაიღალა. შაბათ-კვირის შემდეგ კი კვირას ისევ ახალი ენთუზიაზმით იწყებს. 

 

კმაყოფილებისა და აღფრთოვანებისთვის გიას, როგორც იურისტს, ორი მიზეზი სჭირდება: პირველი ის შემთხვევაა, როცა სასამართლო პროცესზე დგება შედეგი, რომელიც საიას იურისტებმა აზრთა შეჯერების საფუძველზე ივარაუდეს. მეორე და განსაკუთრებული შემთხვევა კი მაშინაა, „როცა უზენაესი საკასაციო სასამართლო საიას საჩივარს იღებს“, რაც იშვიათად ხდება: `საქართველოში სამი ინსტანციის სასამართლოა, მაგრამ იმდენად გართულებულია პროცედურა, რომ ორი ინსტანციის შემდეგ საქმეების 99 პროცენტი არ გადადადის უზენაეს სასამართლოში. ლამის გვენატრება უზენაესი სასამართლო. როდესაც უზენაესი უშვებს საჩივარს, უკვე გიხარია. მე მქონია შვიდი თუ რვა საქმე და მართლა დღეებს ვითვლიდი, თუ როდის მომიწევდა იქ ჩასვლა.  როდესაც იგებ, რომ გაქვს ბედნიერება შევხვდე უზენაეს მოსამართლეებს, ეს იურისტისთვის არის ერთი ცხოვრება. ხუთწლიანი სწავლა უნივერსიტეტში, შეიძლება შევადაროთ ხუთ პროცესს უზენაესში, ეს იმდენად ღირებულია“.

 

გია ბათუმში მამიდასთან ცხოვრობს. ქობულეთში, სახლში, სადაც მშობლები, ძმა და ბებია-ბაბუა ელოდება, ჩასვლას იშვიათად ახერხებს. ის დღე, როცა მშობლიურ სახლში მიდის, მისთვის დღესასწაულია. შაბათ-კვირას დღის პირველ ნახევარს სამუშაოს უთმობს, დღის მეორე ნახევარს კი – მეგობრებს. ერთადერთი, რისთვისაც ყველაფერს გადადებს, ეს მონატრებული მეგობრის ნახვაა, სხვა მსგავსი არაფერი ახსენდება. 

 

უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, სკოლის ასაკში დაბრუნდებოდა და უფრო მეტ დროს დაუთმობდა უცხო ენის სწავლას „ეს არის დაღი, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. ახლა სწავლას საკმარის დროს ვერ დავუთმობ, რადგან ხელფასს სწავლაში არ მიხდიან“.   

 

ამბობს, რომ რომანტიკული არ არის და არ აქვს ზეპირობის უნარი. ყველაზე მეტად რაც უყვარს კარგი, ხარისხიანი ტანსაცმელია, მაგრამ ამბობს, რომ მისი ბიუჯეტი ამ საკითხში მის გემოვნებას ვერ გასწვდება. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: