„ის ივანიშვილს ელაპარაკება და არა ხალხს. ხალხს არასდროს ელაპარაკებოდა და არც რეალურად რაიმეს ცდილობდა ხალხისთვის.
სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ რაღაც შეცვალოს.
აი, სტალინს რომ წერდნენ სასოწარკვეთილები ყოფილი ბოლშევიკები, რომლებიც თავად იყვნენ 1937 წლის და დახვრეტების ინიციატორები და შემდეგ თვითონ მოხვდნენ ციხეებში – „ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც შენ მიბრძანებდი და რატომ ვარ მე ასეთ მდგომარეობაშიო“ – ასე განმარტა ანალიტიკოსმა კახა გოგოლაშვილმა „ოცნების“ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებული წერილების მოტივს.
პატიმრობაში მყოფმა ღარიბაშვილმა 30 სექტემბერს ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც პრემიერობის დროს საკუთარ მიღწევებს გაუსვა ხაზი და წერილის ბოლოს ხალხს ჰკითხა:
ვის ესაუბრება ამ წერილებით ღარიბაშვილი რეალურად? მართლა ხალხის აზრი აინტერესებს თუ ვინმე სხვა ჰყავს მხედველობაში, როცა ხალხს მიმართავს? – ამ თემაზე „ბათუმელების კითხვებს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი პასუხობს:
„ალბათ პირველ რიგში ივანიშვილს ელაპარაკება და არა ხალხს.
ხალხს ის არასდროს ელაპარაკებოდა და არც რეალურად ცდილობდა, ხალხისთვის გაეკეთებინა რაიმე. აკეთებდა იმას, რასაც ივანიშვილი უბრძანებდა და ცდილობდა, წინასწარ განეჭვრიტა და გაეკეთებინა ის, რაც ივანიშვილს მოეწონებოდა.
ახლაც ასეა, მე მგონი, უბრალოდ ახსენებს საკუთარ თავს, რომ აი, ასეთი და ისეთი დამსახურება მაქვსო.
ერთი მხრივ, ვერ დავუჭერ მხარს ვერანაირ დისკრიმინაციას, მათ შორის რაიმე სახით პოლიტიკური მოტივით ადამიანების დაკავებას და მათ გასამართლებას და ასე შემდეგ, მაგრამ, მეორე მხრივ რომ შევხედოთ, მის დროს ზუსტად იგივე ხდებოდა და მთლიანობაში არაფერი შეცვლილა.
პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა „ქართული ოცნების“ მმართველობის წესში.
ეს იქიდან ჩანს, რომ, პრინციპში, არც ღარიბაშვილი, არც ახლანდელი პრემიერი და „ქართული ოცნების“ არცერთი პრემიერი საქართველოში არ ატარებს თავის საკუთარ პოლიტიკას. ისინი აკეთებენ იმას, რასაც ივანიშვილი უკვეთავს.
ამიტომ ახლა აქ საუბარია შიდა კლანურ ბრძოლებზე, რომელიც, პრინციპში, ხალხის ზურგზე არ უნდა გადავიდეს და არც არავის სადარდებელი არ უნდა იყოს, ჩემი აზრით.
უნდა ვიდარდოთ იმაზე, რომ ადამიანის უფლებები, ნებისმიერის, ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა, არ არის ბოლომდე დაცული და ჩვენ არ გვაქვს რწმენა, რომ მასაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, გააჩნია წვდომა სამართლიან სასამართლოზე.
ღარიბაშვილის დროს დააკავეს დიპლომატები, საგარეო სამინისტროს თანამშრომლები, ექსპერტები დავით გარეჯის საქმეზე, რომლებმაც საკმაოდ დიდი ხანი გაატარეს ციხეში, აბსოლუტურად უდანაშაულო ხალხმა და პირდაპირ ღარიბაშვილის მითითებით მოხდა ეს.
უსამართლობას თვითონაც ჩადიოდა ძალიან ბევრის მიმართ, ხომ სწორია?!
ძალიან ბევრის, თუ გნებავთ სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების და პრეზიდენტის ჩათვლით, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით… შეიძლება უდანაშაულოები არ იყვნენ, მაგრამ აშკარაა, რომ პოლიტიკური მოტივით მათ ბევრად უფრო მაღალი სასჯელები მიუსაჯეს და აშკარა იყო პოლიტიკური დევნა.
ახლანდელ რიტორიკაში, მის საუბარში, არ ისმის აპელირება კონკრეტულად იმ რეალურ პრობლემებზე, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და ასე შემდეგ. ლაპარაკია, როგორ დაჩაგრეს პირადად, რა კარგი მმართველი იყო თვითონ და რა ცუდი მმართველები არიან ახლა.
ეს არაადეკვატური საუბარია, ჩემი აზრით, არ არის არანაირი გულახდილობა ამაში, პლუს არანაირი სინანული არ ჩანს მის საუბარში და რწმენა იმისა, რომ ვთქვათ, რომ დაბრუნდეს, მაგალითად, ხელისუფლებაში, ოდესმე უკეთესად მოიქცევა, რომ ამ გაკვეთილს მიიღებს.

კახა გოგოლაშვილი
- ამ წერილებით რის მიღწევას ცდილობს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილს შეახსენოს თავი? მის გარეშე ხომ ისედაც ვერ მიიღებდნენ ღარიბაშვილის დაკავების გადაწყვეტილებას და ივანიშვილს კარგად მოეხსენება, სადაც არის ახლა ღარიბაშვილი?
ყურადღებას იქცევს.
ჯერ ერთი, ჩვენ არ ვიცით მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რამდენად სტაბილურია. ესაა ადამიანი, რომელიც იყო, პრინციპში, მომხვეჭელი და ხელისუფლებას და ძალაუფლებას იყენებდა გამდიდრებისთვის, თანაც ეგონა, რომ ეს არასდროს არ დამთავრდებოდა, იმიტომ, რომ მას ჰქონდა ივანიშვილის ზურგი და ფიქრობდა, რომ მარტივია ივანიშვილის უკან ყოფნა – მთავარია აჩვენო მას და უმტკიცო [ივანიშვილს], რომ ხარ ლოიალური და მისი ერთგული სამუდამოდ.
აღმოჩნდა, რომ ეს ერთგულება არ ყოფილა საკმარისი.
რა თქმა უნდა მას ექნებოდა ფსიქოლოგიური შოკი ამის გამო. ღარიბაშვილის ეს საუბარი უკვე არ შეიძლება ჩაითვალოს სრულად რაციონალურად, აქ ძალიან დიდი ნაწილი არის ემოციური… შეიძლება ითქვას, ნაკლებად გასაგები ლოგიკურად.
აშკარაა, რომ ეს არის თავის გადარჩენის მცდელობა, მაგრამ არც ისე კარგადაა დაგეგმილი მისი ეს აქცია, რასაც ჰქვია ეს წერილები და ასე შემდეგ.
უბრალოდ, სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ რაღაც შეცვალოს. აი, სტალინს რომ წერდნენ ყოფილი ბოლშევიკები, რომლებიც თავად იყვნენ 1937 წლის და დახვრეტების ინიციატორები და მერე თვითონ მოხვდნენ ციხეებში. ისინი ალბათ ასეთივე წერილებს სწერდნენ სასოწარკვეთილები – „ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც შენ მიბრძანებდი და რატომ ვარ მე ასეთ მდგომარეობაშიო“.
ფსიქოლოგიურად ვერ გადაუხარშავს, მე ასე მგონია.
- წერილის ბოლოს ღარიბაშვილი კითხვას სვამს – „ხალხს მინდა ვკითხო, ჩემი გადადგომის შემდეგ გაუმჯობესდა თუ გაუარესდა მდგომარეობაო“. ასე ცდილობს იგი კობახიძის შემოყვანას ამ ამბავში?
რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერს აბრალებს კობახიძეს, მაგრამ აბრალებს კობახიძეს ივანიშვილის წინაშე და არა ხალხის წინაშე.
ის ვერ იტყვის – „ივანიშვილს მინდა ვკითხო, ჩემზე უფრო კარგი მმართველი და შენი ხელის ბიჭია კობახიძე თუ არა?“
დაახლოებით ასეა სინამდვილეში ეს კითხვა, მაგრამ ის იყენებს სიტყვა „ხალხს“. სინამდვილეში მან იცის, რომ არც ხალხს აინტერესებს ეს კითხვა და არც თავად აინტერესებს ხალხის აზრი, იმიტომ, რომ არც არასდროს აინტერესებდა.
როცა გამოდიოდა და რაღაცებს იგონებდა, იგივე დავით გარეჯზე ან ახალგაზრდებს ბრალს დებდა გადატრიალებების მცდელობებში და თითქოს რაღაც შეთქმულების თეორიებს ავრცელებდა ტელევიზიით, მაშინ ხალხის აზრი აინტერესებდა?! პირიქით, ხალხს იქეთ ახვევდა თავის აზრს. ახლაც ასეა.
სინამდვილეში, სიტყვა „ხალხით“ ჩაანაცლა „ივანიშვილი“. გულახდილად რომ დაეწერა, დაწერდა: „ბატონო ბიძინა, რატომ მჩაგრავთ მე, განა კობახიძის მუშაობა უფრო ნაყოფიერია და აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს მეტად, ვიდრე ჩემი მუშაობა იყო?“ დაახლოებით ეს არის კონტექსტი სინამდვილეში.
- როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს, თუ მისი მიზანი, რაზეც აქვს გათვლა, ვერ შესრულდა? შეიძლება, მაგალითად, კობახიძის წინააღმდეგ უფრო მეტი თქვას?
შესაძლებელია, დიახ.
აქ შეიძლება იყოს კიდევ ერთი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. შეიძლება ივანიშვილსაც მოსწონს, რომ ის აი, ასეთ წერილებს წერს, იმიტომ, რომ კობახიძე ჰყავს დაძაბულ მდგომარეობაში და ღარიბაშვილმაც იცის, რომ ივანიშვილს სიამოვნებს, როცა თვითონ წერს კობახიძის საწინააღმდეგოს, ოღონდ ივანიშვილზე ნუ იტყვის ნურაფერს.
მაგ შეცდომას არ დაუშვებს, ამდენი ინტუიცია გააჩნია, რა თქმა უნდა, მაგრამ კობახიძეზე შეეცდება, რომ ასეთი რაღაცები წეროს და ივანიშვილიც, ალბათ, არ დაუშლის ამას.
ივანიშვილს რომ ნდომოდა, უბრალოდ დაურეკავდა ციხეში და დაელაპარაკებოდა. ეტყოდა, თუ გინდა შეგიმცირდეს სასჯელი, ჭკუით მოიქეცი და დაანებე თავი რაღაცების ჯღაბნას მაქედანო, მაგრამ ამას არ ეუბნება, არ უკრძალავს. რომ აუკრძალოს, ხვალვე გაჩერდება, რა თქმა უნდა და ერთ სიტყვასაც არ დაწერს.
ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ თავად ივანიშვილიც აძლევს ამას მწვანე შუქს, რომ მან წეროს და წეროს კობახიძის წინააღმდეგ.
შეიძლება უფრო მწვავეც გახდეს და შეიძლება მართლა უფრო კონკრეტულ ფაქტებზე და კონკრეტულ თემებზე გადაიტანოს საუბარი, ეს არ არის გამორიცხული.
- რასაც შეიძლება შემდეგ ლოგიკურად მოჰყვეს უკვე კობახიძის წასვლაც?
არ ვიცი. შეიძლება წასვლა და შეიძლება უბრალოდ მეტად დაძაბული და უფრო, ასე ვთქვათ, მონდომებული იმუშავებს კობახიძე იმისთვის, რომ მართლა არ გადაუხვიოს არანაირად ივანიშვილის მოთხოვნებს, არ გაივლოს თავში არაფერი, დაუმორჩილებლობის აზრი და ასე შემდეგ.
კობახიძეს ეს საინფორმაციო ნაკადი, რომელიც მოდის ღარიბაშვილისგან, დამოკლეს მახვილივით ჩამოეკიდება, დამატებით.






