მთავარი,სიახლეები • • • •

ქალი ფეხბურთელები მხარს უჭერენ „ლანჩხუთის“ პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ

30.09.2026
ქალი ფეხბურთელები მხარს უჭერენ „ლანჩხუთის“ პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ

ქალი ფეხბურთელების ნაწილი სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთსა“ და კოლეგას, რომელიც საკუთარი კლუბის ხელმძღვანელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

საუბარია ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ 20 წლის ფეხბურთელზე, რომელმაც საფეხბურთო კლუბის მფლობელს, 32 წლის ბიზნესმენ მეჰმეთ უიარის გასული წლის დეკემბერში უჩივლა. 9-თვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, 2026 წლის 22 სექტემბერს, ბიზნესმენი გაამართლეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

იმ დროს, როცა მოსამართლე გიორგი არველაძე მეჰმეთ უიარის გამამართლებელ განაჩენს აცხადებდა, დარბაზში იმყოფებოდა საქმეში დაზარალებულად ცნობილი გოგო, რომელიც განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის სასამართლოდან სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.

გუშინ, 29 სექტემბერს, უნდა გამართულიყო მატჩი ქალთა საფეხბურთო კლუბებს – „ნიკე ლუსოსა“ და „ლანჩხუთს“ შორის, თუმცა „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა უარი თქვეს მატჩში მონაწილეობაზე და სტადიონი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სტადიონის დატოვებამდე ფეხბურთელმა ქალებმა გაშალეს ბანერი წარწერით: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.

იმავე დღეს, მოგვიანებით, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს განცხადება, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადეს 20 წლის კოლეგას.

დღეს, 30 სექტემბერს, მომხდარს გამოეხმაურნენ ქართველი ქალი ფეხბურთელები სხვა გუნდებიდან:

„ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ფეხბურთზე მეტი გააკეთა. მატჩი დაიწყო, ბურთი გათამაშდა და შემდეგ მოედანზე გაჩნდა ბანერი: „მოძალადის მხარდამჭერი მოძალადის თანამონაწილეა.“ ამის შემდეგ გოგოებმა მოედანი დატოვეს.

ეს არ ყოფილა უბრალოდ მატჩის ჩაშლა, ეს იყო პასუხი დუმილზე. როცა ძალადობის შესახებ არსებობს მძიმე ბრალდებები და ამ ყველაფრის ფონზე ადამიანი კვლავ რჩება ფეხბურთის სამყაროში გავლენიან ფიგურად, დუმილი ყველასთვის ერთნაირი არჩევანი აღარ არის.

გოგოებმა დღეს გადაწყვიტეს, რომ ასეთ გარემოში თამაში მათთვის მიუღებელია. მათ არ დაუყვირიათ, არავისთან ჩხუბი არ დაუწყიათ, უბრალოდ გაშალეს ბანერი და წავიდნენ.

ზოგჯერ ყველაზე ხმამაღალი პროტესტი სწორედ მაშინ არის, როცა მოედანს ტოვებ. ეს იყო მათი თანაგუნდელის, მეგობრის და პირველ რიგში, ადამიანის გვერდით დგომა.

ფეხბურთი ვერ იქნება ადგილი, სადაც შედეგი ადამიანის ღირსებაზე მაღლა დგას. ძალადობაზე დუმილი ნეიტრალიტეტი არ არის და ფეხბურთი არ უნდა იცავდეს ძალადობას, ფეხბურთმა ადამიანი უნდა დაიცვას“, – დაწერა სოციალურ ქსელში ქალთა საფეხბურთო კლუბ „ბათუმის“ ფეხბურთელმა, ნათია წოწერიამ.

ერთობლივი მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა ხობის „კოლხეთის“ ქალთა გუნდმაც. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს კლუბ „ლანჩხუთს“. განცხადებაში ნათქვამია, რომ სპორტში ქალთა უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვისთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა მსგავსი შემთხვევების დროს.

„ჩვენთვის ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ეს არის სივრცე, სადაც პატივისცემა, უსაფრთხოება და ერთმანეთის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

ძალადობას არ აქვს ადგილი ფეხბურთში და მითუმეტეს ქალთა ფეხბურთში. ჩვენ ვდგავართ ძალადობის წინააღმდეგ და მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანს, ვინც ძალადობის წინაშე დგას და სამართლიანობისთვის იბრძვის.

დღეს ჩვენი გუნდი ლანჩხუთის გვერდითაა. გვჯერა, რომ ასეთ დროს დუმილი გამოსავალი არ არის. საჭიროა ერთიანობა, მხარდაჭერა და მკაფიო პოზიცია. არა ძალადობას! კი უსაფრთხო და ღირსეულ სპორტს!”, – წერია ხობის „კოლხეთის“ ქალთა გუნდის განცხადებაში.

ინდივიდუალური განცხადებები გაავრცელეს თავად კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა ქალებმაც. მაგალითად, კლუბის კაპიტანი, ნინი ჩხარტიშვილი წერს, რომ ამაყია მისი გუნდის გადაწყვეტილებით, რომელმაც „3 ქულას“ და ჩემპიონობას „ადამიანობა, ღირსება და გვერდში დგომა ამჯობინა“.

„15 წელია ფეხბურთში ვარ. საზღვარგარეთაც მითამაშია, ეროვნულ ნაკრებში დღემდე ვარ, არაერთი მეგობარი მყავს სხვადასხვა კლუბიდან, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი. მსგავსი რამ არც მინახავს და არც გამიგია… რაც დღეს ხდება ეს არის სრული მარაზმი!

როგორ შეიძლება ყველაფერი და ყველა ფულით იყიდო?! მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფაქტზე დუმს და უფრო მეტიც. ვიღაც თურქ მილიარდერს ამართლებთ (ისეთ ადამიანს, ვისაც მის ქვეყანაში პატივს არ სცემენ) ადამიანები არ ხართ? არ გეშინიათ არაფრის? არ გეშინიათ უფლის?

არ გეშინიათ, რომ ხვალ თქვენ ან თქვენი მეგობარი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეთ? როგორ შეგიძლიათ უბრალოდ ხმა არ ამოიღოთ?? მართლა ფული ხომ არ არის ყველაფერი ამ წუთისოფელში? მრცხვენია ყველას მაგივრად, ვინც დუმს… მეცოდებით გულწრფელად.

ღმერთმა ყველას აპატიოს… სიტყვები არ მაქვს და ვერ ვფიქრობ ამ თემაზე საერთოდ რატომ უნდა მიწევდეს ხმის ამოღება… სამართალმა უნდა იზეიმოს, ხალხის გვერდში დგომა და ხალხის ხმა თუ აღასრულებს სამართალს, თორე დღეს ფულს ვერ აჯობებ .. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. არა ძალადობას!”, – წერს ნინი ჩხარტიშვილი.

„ლანჩხუთის“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ლიზი მწყერაშვილმა „TST სპორტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ გაგრძელდება პროტესტის მსგავსი ფორმით გამოხატვა, „სანამ ზომებს არ მიიღებენ“.

„პირველ რიგში ჩემი გუნდელის გვერდით ვდგავარ მეც და ჩემი გუნდიც, რაც აისახა დღევანდელ „თამაშზეც“.

არავის ადარდებს ფეხბურთი როდესაც მოძალადეები არიან და უსამართლოები.

ჩვენ ადამიანობა გაგვაჩნია და ასეც გაგრძელდება, სანამ ზომებს არ მიიღებენ“ – განაცხადა მწყერაშვილმა, რომელიც ამავდროულად საქართველოს ქალთა ნაკრების წევრია.

მომხდარს 29 სექტემბერს გამოეხმაურა ქალთა მოძრაობა. მათი შეფასებით, „ლანჩხუთის“ ქალი ფეხბურთელების გადაწყვეტილება არის „მნიშვნელოვანი სოლიდარობის აქტი ძალადობაგამოვლილი კოლეგა ქალის მიმართ და მკაფიო პოზიცია ძალადობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ”.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს, საჯაროდ უპასუხონ არსებულ კითხვებს და უზრუნველყონ ქალი ფეხბურთელების უსაფრთხოება.

  • რა ხდება?

„ნიკე ლუსო“ 2025 წელს ქალთა ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა. სწორედ ამ ამბის აღსანიშნავი წვეულების შემდეგ მოხდა ინციდენტი, რომელიც 32 წლის ბიზნესმენის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა.

ახალგაზრდა ქალი ფეხბურთელის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ანა თავხელიძის თქმით, მოწმეები არიან ამავე კლუბის წევრები ან კლუბში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულები, რომლებიც ფინანსურად იყვნენ დამოკიდებული ბრალდებულზე. შესაბამისად, ადვოკატს ეჭვი შეაქვს მათი ჩვენების სანდოობაში.

გარდა ამისა, ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლო განხილვების პერიოდში თანაგუნდელები „უკიდურესად მტრულ დამოკიდებულებას“ გამოხატავდნენ დაზარალებულად ცნობილი გოგოს მიმართ, მათ შორის, მატჩების დროს.

მეჰმეთ უიარის დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ბიზნესმენის პატიმრობას ამჯერად სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: