სიახლეები

ბათუმში ღამით მოხალისეების ჯგუფი მიუსაფარ ადამიანებს დაეხმარება

10.01.2013 • 1654
ბათუმში ღამით მოხალისეების ჯგუფი მიუსაფარ ადამიანებს დაეხმარება

ამ წუთებში მოხალისეების ჯგუფი ბათუმში არსებული უსახლკარო ადამიანებისთვის განკუთვნილ, კათოლიკური ეკლესიის მფარველობის ქვეშ მყოფ ღამის თავშესაფრში იმყოფება, სადაც ღამის გასათევად მისულ 24 ადამიანს გადასცემენ თბილ ტანსაცმელს. შეგროვებული ნივთების ტრანსპოტირებას და მოხალისეთა ჯგუფის გადაადგილებას ბათუმის მერია უზრუნველყოფს.

მოხალისეთა ჯგუფი გათენებამდე დარჩება ქუჩებში, რომ ღია ცისქვეშ დარჩენილი ადამიანები თბილი ტანსაცმლითა და საკვებით უზრუნველყონ და  ღამის თავშესაფარში გადაიყვანონ. დღეს ბათუმში ცივი ამინდია, თოვლ-ჭყაპი, სწორედ ასეთ ამინდში 2011 წელს ბათუმის ქუჩებში ორი ადამიანი გარდაიცვალა სიცივისაგან.

მოხალისეთა ჯგუფის წევრები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები: ედო მჟავანაძე, გოჩა სურგულაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სვეტა კუდბა, რომელიც წლების მანძილზე საქველმოქმედო ორგანიზაციასა და უფასო თავშესაფარს ხელმძღვანელობდა. მოხალისეებს თან ახლავთ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი ელენა შუმსკაია,  რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო და მედიკამენტოზურ დახმარებას გაუწევს მიუსაფარ ადამიანებს.

მოხალისეთა ჯგუფი აპირებს ზამთრის ცივ ამინდებში ბათუმის ქუჩებში იმორიგეონ და სხვა ადამიანებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას, რომლის მიზანია უსახლკარო ადამიანების დახმარება.

მოხალისეებმა დღეს აქციის ფარგლებში 429 ლარი შეაგროვეს, შეგროვებული თანხით ისინი მედიკამენტებისა და საკვების შეძენას გეგმავენ უსახლკაროდ დარჩენილი და უკიდურესად ღარიბი ადამიანებისათვის.

შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული უსახლკაროთა თავშესაფარი საქართველოში არ არსებობს. ბათუმში უსახლკარო ადამიანები, ძირითადად, ქუჩაში ან დანგრეულ შენობებში ათევენ ღამეს. ბათუმში ორი თავშესაფარია, მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსების ქვეშ მყოფი  „სავანე” და კათოლიკური ეკლესიის მფარველობის ქვეშ არსებული თავშესაფარი, სადაც ღამის გათევა საბუთების არმქონე ადამიანებსაც შეუძლიათ. ორივე თავშესაფარში ადგილების სიმცირეზე საუბრობენ.

2013 წელს ბათუმის მერია უფასო ღამის თავშესაფრის გახსნას გეგმავდა, თუმცა, როგორც მერიაში აცხადებენ, ქალაქის შემცირებული ბიუჯეტის გამო, თავშესაფარის დაფინანსება ვერ მოხდება.

შეგროვებული თანხა

თბილი ტანსაცმელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: