ჩემმა პროდიუსერმა ეს ამბავი მნიშვნელოვნად ჩათვალა და დილით პირდაპირი ჩართვა მთხოვა ადგილიდან, სადაც, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს უსახლკარო 90-მდე ადამიანი ღამეს გაათევდა; პირდაპირი ჩართვა მქონდა იმ ადგილიდან, სადაც ადრე ბავშვთა სახლი იყო. მერიის პროექტით, ეს შენობა უნდა გადაკეთებულიყო ისე, რომ ყველა ოთახს სველი წერტილი ჰქონოდა. ანუ აქ იგეგმებოდა თავშესაფარის მოწყობა, მიუსაფარ ადამიანებს ზამთარში სითბოში რომ ეცხოვრათ, დღეში სამჯერადი კვებით. წინასწარი გაანგარიშებით პროექტს ბათუმის მერია აფინანსებდა; მაშინ ზუსტი ბიუჯეტის დადგენაზე მუშაობდნენ.
რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის მერმა ბრიფინგი გამართა: თემა ბათუმის ბიუჯეტის შემცირება; მერმა დაასახელა პროექტები, რომლებიც ამ წელში იყო დაგეგმილი, მაგრამ ვეღარ გაკეთდებოდა, რადგან ბათუმის ბიუჯეტი შემცირდა… მჯეროდა, რომ ბიუჯეტის შემცირება მაინცადამაინც მიუსაფარ ადამიანებს არ შეეხებოდა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი, პირადად მე, ეს პრობლემა მგონია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი – სწორედ თავშესაფარის დაფინანსებაზე თქვა მერიამ უარი. მიზეზად ბათუმის ბიუჯეტის შემცირება დაასახელეს.
მე მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება მერიამ შარშან მორჩენილი თითქმის 20 მილიონიდან დააფინანსოს ერთი პატარა თავშესაფარი ბათუმში… ჩემი აზრით, ჩემს ქალაქს შეუძლია მაქსიმუმ ასამდე ადამიანისთვის თავშესაფარის მიცემა, თუნდაც ისეთ საშინელ სუსხში, როგორიც დღესაა ბათუმის ქუჩებში.
ამ ქვეყნად მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ადამიანის სიცოცხლეა… აღარ მინდა ჩემს ქალაქში, ქუჩაში, ადამიანები იყინებოდნენ და ისე იხოცებოდნენ. ნუთუ ეს ასე ბევრია.