სიახლეები

დაითხოვენ თუ არა ხელვაჩაურის გამგეობაში თანამშრომლებს?

31.12.2012
დაითხოვენ თუ არა ხელვაჩაურის გამგეობაში თანამშრომლებს?

ახლად დანიშნული გამგებელი ამბობს, რომ მას ამის შესახებ არაფერი სმენია. ლევან ლორთქიფანიძის თქმით, დღის ბოლომდე განცხადებას მოადგილეები დაწერენ: „მე მათ შევხვდი და ველაპარაკე, დღის ბოლომდე, ალბათ, დაწერენ განცხადებას. თუმცა, ეგ მათი გადასაწყვეტია“.

 

„ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მოადგილე, თამაზი კარანაძე ამბობს, რომ მან უკვე „დაწერა განცხადება და სახლში მიდის“. მისივე ინფორმაციით, განცხადება დაწერა კიდევ ორმა მოადგილემ – ლევან თედორაძემ და ირაკლი სურმანიძე. „მე მიჩვეული ვარ მუშაობას, როცა უფროსთან ნორმალური დამოკიდებულება გაქვს. ახალი კაცი მოვიდა, არ ვიცნობ საერთოდ და არაფერი… ასაკის გამო დავწერე რა, საპენსიო ასაკის ვარ“, – აცხადებს თამაზ კარანაძე.

 

ირაკლი სურმანიძე გადადგომის შესახებ განცხადებას არ ადასტურებს. „ამ წუთში მოხდა ცვლილება და დაწერა ვინ გითხრათ… მე არ დამიწერია პირადად. არ ვიცი ვისგან რა მოთხოვნა იყო და არც არავის შევხვედრივარ. რომ შევხვდები მერე, ალბათ, იქნება“.

 

განცხადების დაწერას არ ადასტურებს არც ლევან თედორაძე. კითხვაზე, იყო თუ არა მოთხოვნა, რომ დაგეწერათ განცხადება, ლევან თედორაძე ამბობს, „მერე დამირეკეთ თუ შეიძლება“.

 

ლევან თედორაძე „ვერც იმას ადასტურებს“, მოსთხოვეს თუ არა გამგეობის სხვა თანამშრომლებს განცხადების დაწერა.

 

ახალი გამგებელი, ლევან ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ რადიკალური ცვლილებები გამგეობაში არ იქნება საჭირო. „გავივლით ყველაფერს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგს შეიძლება არც უნდა ჩემი ხელმძღვანელობით მუშაობა. ვნახოთ როგორ იქნება. მე არ ვარ მოწადინებული რადიკალური ცვლილებები განვახორციელო“.

 

ლევან ლორთქიფანიძის ინფორმაციით, მის დამტკიცებას საკრებულოს სხდომაზე 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სხდომას ზუსტად ამდენივე დეპუტატი ესწრებოდა.

 

ხელვაჩაურის საკრებულო 21 წევრისგან შედგება. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: