ბოლო თვეებია საქართველოდან უცხო ქვეყნის ასობით მოქალაქე აძევებენ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორისაა საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხოელების ქვეყნიდან გაძევების შემთხვევები.
რამდენიმე დღის წინ ქვეყნიდან გააძევეს ბათუმში მცხოვრები კაცი, თურქეთის მოქალაქე, რომელსაც შშმ შვილი ჰყავს, დედა ბავშვის სპეციფიური საჭირობებიდან გამომდინარე ვერ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა.
„ოცნების“ ხელისუფლების საემიგრაციო პოლიტიკა შერეულ ოჯახებს, ფაქტობრივად, ანგრევს.
რატომ ხდება ასე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ადვოკატს, საბა სუთიძეს ესაუბრა.
- ბატონო საბა, „ბათუმელებმა“ არაერთი ისტორია გააშუქა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც უცხოელებზე არიან დაქორწინებული, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ვერ ახერხებენ მათი მეუღლეები საქართველოში ბინადრობის მიღებას და ამის გამო წყვილებს თვეობით და წლობითაც უწევთ ერთმანეთთან დაშორება. რატომ ხდება ასე, კანონში გვაქვს პრობლემა?
ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რა მოტივი ამოძრავებს მთავრობას, როცა ასეთ პოლიტიკას ატარებს. თუკი ადამიანს აქვს საფუძველი იმის, რომ მიიღოს ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში, არ უნდა აშორებდნენ ოჯახს.
ეს საფუძველი შეიძლება იყოს ქორწინება, სტუდენტობა ან სხვა რამ, თუმცა საქართველოს მოქალაქეზე ქორწინება არ ნიშნავს იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ავტომატურად მიიღებს ბინადრობის უფლებას.
თუ ადამიანი არალეგალურად აღმოჩნდება ქვეყანაში, მას ორი არჩევანი აქვს – დაემორჩილოს კანონმდებლობას და დატოვოს ქვეყანა ან არალეგალად იქცეს. ანუ უკანონოდ იცხოვროს ქვეყანაში. თუ უკანონოდ ცხოვრობს, ასეთი ადამიანის გაძევება კანონიერია.
ტექნიკურად როგორ აკეთებენ ამას, ჩვენი პრაქტიკის გათვალისწინებით შემიძლია გითხრათ. ძალიან ხშირად, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, მაგრამ ეს დასკვნა არის საიდუმლო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელიც ბინადრობის ნებართვას გასცემს, მისდის წერილი. სააგენტო სხვადასხვა უწყებიდან ითხოვს ინფორმაციას – არსებობს თუ არა კონკრეტულ პირზე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო უწყება არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ბინადრობაზე უარის თქმის შემთხვევების 95% მოდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფით დასკვნაზე და თვითონ სააგენტოც კი ვერ ეცნობა ამ დასკვნას.
უბრალოდ წერილში წერია, რომ ამ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-18 მუხლის ა და გ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები [ორგანიზებული დანაშაულის, ტერორისტულ საქმიანობა] რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება, მაგრამ სააგენტომაც არ იცის რა დგას ამ წერილის უკან, რა კონკრეტული ინფორმაცია არსებობს.
- სასამართლოს ხომ შეუძლია მიმართოს მომჩივანმა, არც იქ ჟღერდება გაძევების მოტივი?
სასამართლო, ცხადია, გამოითხოვს სუს-ისგან ამ დასკვნას და მოსამართლეც ეცნობა, თუმცა შინაარსი მაინც საიდუმლოდ რჩება მხარეებისთვის.
- ეს რამდენად სწორია?
ნორმალურია იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია, მაგრამ ეჭვს აჩენს ისეთი შემთხვევები, როცა ისეთ პირზეა ასეთი დასკვნა გაცემული, რომლის საქმიანობაც რეალურად არ უნდა ქმნიდეს ქვეყნისთვის პრობლემას.
მაგალითად, სტუდენტი გოგო იყო, რომელმა ჩვენ მოგვმართა ამ პრობლემით, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა და მაინც არ აძლევდა სახელმწიფო ბინადრობის უფლებას. ასეთ ადამიანზე მოდის სუს-ის უარყოფითი დასკვნა. რა უნდა მოიმოქმედოს სტუდენტმა ისეთი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას.
- აი, მაგალითად, ბათუმში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე, რომელიც 12 აგვისტოს გააძევეს ქვეყნიდან, არ იყო ნასამართლევი, არც საქართველოში და არც საკუთარ ქვეყანაში. მუშაობდა და არჩენდა ოჯახს. აუტისტური სპექტრის მქონე არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, რატომ არ შეიძლება გაითვალისწინოს ასეთი სპეციფიური ფაქტორები სახელწიფომ ოჯახის წევრების დაშორებისას?
არ ვიცი ასეთ დროს რა მოტივზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. შეიძლება მართლაც ჰქონდეთ სია კონკრეტული ქვეყნების. მაგალითად, „მუსლიმური ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეებზე დაქორწინებულ მოქალაქეებს არ ვაძლევთ ბინადრობის ნებართვას“ და ასე შემდეგ.
ასეთი დაუწერელი კანონი შეიძლება მოქმედებდეს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით გადაჭრით, რომ მხოლოდ მუსლიმურ ქვეყნებზეა აქცენტი, რადგან გვქონდა შემთხვევა, როცა რუსეთის მოქალაქე ქალმა მოგვმართა 2-3 თვის წინ, რომელსაც ასევე უთხრეს ბინადრობის ნებართვაზე უარი.
- რუსეთის მოქალაქეებზე პოლიტიკური მოტივით უფრო მახსენდება უარის თქმა. როგორც წესი, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს უფრო აძევებენ ქვეყნიდან.
რაღაც ტენდენციის სახე ჰქონდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ჩვენს ანგარიშებში სახელობითადაც კი მოხვდნენ ის ადამიანები, ძირითადად ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც არ შემოუშვეს ქვეყანაში.
ასევე იყო ჩრდილო კავკასიის მაცხოვრებლებიც, რომლებიც საათობით იდგნენ საზღვართან და არ უშვებდნენ.
ევროპის ქვეყნებიდანაც იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა არ გაუგრძელეს ბინადრობის უფლება პირს და აქაც პოლიტიკური მოტივი იყო, ცხადი, რადგან ჟურნალისტია ის ადამიანი და აშუქებდა საპროტესტო აქციებს თბილისში.
ერთი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქალი, ერთი – კაცი, რომლებსაც მეუღლეები და შვილები ჰყავთ საქართველოში, ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეები არიან მათი ოჯახის წევრები, მაგრამ მაინც არ შემოუშვეს ქვეყანაში და მუდმივი ბინადრობის უფლებაც კი გაუუქმეს ორივეს.
- რომელი ქვეყნიდან იყვნენ?
ერთი იყო საფრანგეთის მოქალაქე და მეორე იყო ლიეტუვის.
ასეთ შემთხვევებში უფრო ნათელია უარის საფუძველი და ადვილია მოტივის მტკიცება, მაგრამ როცა გაძევების მოტივი არის საიდუმლო და არ გვაქვს წვდომა დოკუმენტის შინაარსზე, დარწმუნებით ვერ ვამბობთ, რის გამო შეიძლება ეთქვათ უარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობაზე.
ეჭვი მაქვს, რომ ხშირ შემთხვევაში არც არაფერი წერია იქ ისეთი და არც არსებობს რაიმე ინფორმაცია უსაფრთხოებაზე, მაგრამ როგორც წესი, ჩვენს ქვეყანაში სასამართლო მაინც იჭერს სახელმწიფოს მხარეს.
ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, როცა სასამართლომ დაგვიკმაყოფილა სარჩელი და თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა არ იყო დამაჯერებელი და მისცეს პირს ბინადრობის უფლება. 2023 წელს იყო ეს შემთხვევა.
- არსებობს კანონები, კონვენციები, რომელიც ბავშვის უფლებებს და მის ინტერესებს იცავს. როცა ვსაუბრობთ „ბავშვის საუკეთესო ინტერესზე“, სად არის ამ გადაწყვეტილებებში ბავშვის კონსტიტიტუციური უფლება, მისი საუკეთესო ინტერესი, როცა მშობელს წლობით აშორებ და აზიანებ ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას?
იმ კანონში, რომელიც პირდაპირ ბინადრობის ნებართვებს არეგულირებს, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კანონში პირდაპირ არის მითითებული ოჯახის ერთიანობის პრინციპი, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპი.
ასევე, არსებობს ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც ყველა ჯერზე იმეორებს, რომ სახელმწიფო ორგანო როცა რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, უნდა გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მას მიანიჭოს დიდი მნიშვნელობა.
ამავე დროს, არც ეს არის გარანტია იმის, რომ თუ ადამიანი უკანონოდ იმყოფება ქვეყანაში, შეიძლება არ გააძევონ მხოლოდ იმიტომ, რომ შვილი და მეუღლე ჰყავს.
თუმცა, ასეთ დროს, სახელმწიფოს ევალება მეტი ისეთი კონტრარგუმენტი წარმოადგინოს, რომ გადაწონოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ოჯახის ერთიანობის პრინციპი.
ჟურნალისტის შემთხვევაზე რომ ვსაუბრობდი, რეალურდ იქაც დააშორეს ადამიანი მეუღლეს და შვილებს. სახალხო დამცველმაც დაადგინა უფლებების დარღვევა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებსა და ოჯახზე ისაუბრა, მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, მაგრამ ეს არის მხოლოდ რეკომენდაცია, რომელსაც ან გაითვალისწინებს შსს ან არა.
მაგრამ სახელმწიფოს მეტად ევალება გაძევების დასაბუთება იმიტომ, რომ აქ დგას მნიშვნელოვანი ინტერესი ოჯახის ერთიანობის და ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
საქართველოში სასამართლო რომ იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, ასეთი შედეგები არ დადგებოდა და ადამიანი, რომელმაც დროულად შეიტანა განაცხადი ბინადრობის უფლების მიღებაზე და მიჰყვება კანონით დადგენილ ყველა პროცედურას, მიიღებდა ბინადრობის უფლებას. თუმცა ფაქტია, რომ დღეს ასე არ არის.
- რა უნდა გაითვალისწინონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ვისაც აქ ჰყავთ ოჯახები და მაინც ვერ ახერხებენ ბინადრობის მიღებას?
საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა 96 ქვეყანასთან. 96 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია საქართველოში შემოვიდეს უვიზოდ და დარჩეს ერთი წელი. ამ ერთი წლის თავზე შეუძლია გავიდეს ერთი დღით და გადმოკვეთოს ხელახლა საზღვარი და ხელახლა დაიწყება წლის ათვლა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბინადრობის ნებართვა შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ პრაქტიკულად ცხოვრობდე საქართველოში.
მაგრამ თუ გავიდა და მერე აღარ შემოუშვებენ, ეს იქნება პრობლემა.
ამიტომ, სანამ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა ამოგეწურება, მინიმუმ 40 დღით ადრე უნდა შეიტანო განცხადება და მოითხოვო შესაბამისი ბინადრობის ნებართვა იქნება ეს საქართველოს მოქალაქეზე ქორწინება, სტუდენტობა თუ სხვა ლეგალური საფუძველი.
- ქვეყნიდან გაძევების შემთხვევაში ვალდებულია თუ არა საემიგრაციო სამსახური, რომ ოჯახს შეატყობინოს და თუ ასე არ მოიქცა, ირღვევა თუ არა ამ ადამიანის უფლება?
ასე პირდაპირ ოჯახის წევრთან დაკავშირების ვალდებულება არ აქვს სახელმწიფოს, თუმცა თუ ადამიანი ითხოვს ერთი ზარის უფლებას, რომ დაუკავშირდეს ოჯახის წევრს იძულებით გაძევების შემთხვევაში, სულ მცირე, ამბავი მაინც უნდა გააგებინოს ოჯახს, რომ აძევებენ. ეს ელემენტარული საკითხია. სახელმწიფოსაც არანაირი პრობლემა არ ექმნება ამის უფლება რომ მისცეს ადამიანს.
თუკი პოლიცია ან მიგრაციის დეპარტამენტი აღმოაჩენს, რომ ადამიანი უკანონოდ არის ქვეყანაში, მას დაიბარებენ მიგრაციის დეპარტამენტში, სადაც უტარდება ინტერვიუ თარჯიმანის თანხლებით, სადაც ხდება იმის მოკვლევა, თუ რატომ არ უნდა, რომ დააბრუნონ მისსავე ქვეყანაში.
შეიძლება ადამიანი იდევნება ან თავშესაფარზე აქვს მოთხოვნა შეტანილი და ასეთი ადამიაანი არც უნდა გააძევო ქვეყნიდან.
როგორც წესი, უცხოელს აძლევენ 10 დღის ვადას, რომ ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყანა, მაგრამ თუ ეჭვი გაჩნდება იმისა, რომ ნებაყოფლობით შესაძლოა არ გავიდეს ქვეყნიდან, გამოიყენონ გაძევება და გაძევების შესახებ გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა ჩააბარონ პირს.
გასაჩივრების ვადები აითვლება გაძევების დოკუმენტის ჩაბარებიდან.






