„ნოტარიუსია, მოსამართლე კი არა“, „ცირკი იყო, ცირკი“ – ერთი და იგივე ფრაზებს ახსენებენ ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც სასამართლოში იმიტომ აღმოჩნდნენ და შემდეგ საპატიმრო დაწესებულებებში, რომ ქვეყნის ევროპული კურსიდან გადაყვანას აპროტესტებენ. როგორ მოქმედებენ მოსამართლეები, როცა საქმე ივანიშვილის ინტერესს ეხება? – „დასჯილები“ მოსამართლეებზე საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებენ.
„არ ვიცი, ამ პროცესისთვის, რატომ დავხარჯე ამდენი დრო და ენერგია. ან სასამართლომ რატომ დახარჯა ამდენი დრო – 8 საათი ერთ პროცესზე?
ხშირ შემთხვევაში, სამართალდარღვევების საქმეებზე სასამართლო ნოტარიუსის ფუნქციას ითავსებს, ეს არ არის მართლმსაჯულება,“ – ამბობს იურისტი ანა ბერძენიშვილი. იგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ მუშაობდა, როცა ბათუმში, 2025 წლის გაზაფხულზე გაასამართლეს 30-მდე მოქალაქე, ზებრა გადასასვლელზე რატომ მოძრაობდითო.
2025 წლის 31 იანვარს, ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა უთხრეს, რომ „საკმარისი რაოდენობით“ არ არიან და ქუჩის სავალი ნაწილო უნდა გაათავისუფლონ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ზებრაზე მოძრაობა დაიწყეს, რაც, იურისტების და უფლებადამცველების შეფასებით, სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
ანა ბერძენიშვილი რამდენიმე აქტივისტის ინტერესებს იცავდა სასამართლოში, მათ შორის, მალხაზ ირემაძის, რომელიც ამ საქმის განხილვის დროს, ერთ სხდომაზე ზებრის ფერებში გამოწყობილი გამოცხადდა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძესთან, მეორე სხდომაზე კი, მოსამართლეს ბორში მიუტანა.
„სახლში მიირთვით“ – პერფორმანსით გაღიზიანება არ დამალა სხდომაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ, რომელმაც ისე დააჯარიმა 5 ათასი ლარით მოქალაქე, თვალით არ უნახავს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მალხაზ ირემაძე ნამდვილად გადადიოდა ზებრა გადასასვლელზე.
საქმეში შსს-მ რამდენიმე ვიდეო ჩანაწერი წარმოადგინა იმის სამტკიცებლად, რომ აქტივისტებმა ხელოვნურად შექმნეს ზებრა გადასასვლელზე ინტენსიური გადასვლა-გადმოსვლით ბარიერი. ამ ჩანაწერებში არაა კადრი, სადაც ჩანს, რომ ზებრაზე კონკრეტულად მალხაზ ირემაძე გადადის.
„ყველაზე უცნაური ისაა, რომ ის, ვინც უნდა ახორციელებდეს მართლმსაჯულებას, იკვლევდეს მტკიცებულებებს, გარემოებებს, წინაპირობებს, სახეზე გვაქვს თუ არა სამართალდარღვევა, მხოლოდ საკმარისი აღმოჩნდა შსს-ს წარმომადგენლის ჩვენება…
რამდენადაც ღიმილისმომგვრელი არ უნდა იყოს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა პროცესზე თქვა, რომ თითქოს ზებრაზე გადასვლამ შეაფერხა მოძრაობა, გადაკეტა რუსთაველის, გორგილაძის და ბათუმში შემოსასვლელი გზაც კი – ისეთი საცობი შეიქმნაო,“ – ანა ბერძენიშვილი იმ სასამართლო სხდომის დეტალებს იხსენებს, სადაც ზებრაზე მოძრაობის გამო დააჯარიმეს მოქალაქეები.
„შსს-ს წარმომადგენელმა საქმის მასალები არ იცოდა და ყოველ ორ წუთში რეკავდა სამსახურში, ეკითხებოდა: ამან და ამან მართლა გაიარა ზებრაზე? ვეკითხებოდი, გვაჩვენეთ აბა ჩანაწერში, რომელმა ავტომანქანამ ვერ გაიარა? – პასუხი შსს-ს და საპატრულოს წარმომადგენლებს არ ჰქონდათ.
თუ დადგინდებოდა, რომ ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხდა, მოსამართლეს უნდა შეეფასებინა პროპორციულობა: რეალურად ჰქონდა ადგილი სხვა პირების უფლებების დარღვევას? რამდენად შესაძლებელია მოქალაქეებს ჰქონდეთ პროტესტი ამ ფორმით ისეთ საჯარო სივრცეში, როგორიც არის, მაგალითად, ქუჩა?
ეს სასამართლო გადაწყვეტილებაში პრაქტიკულად არ შეფასებულა. შეფასება იყო ასეთი, რომ მოქალაქეებმა დაარღვიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და განზრახ ხელი შეუშალეს ქუჩაში მოძრაობას. იქ შეფასება არ ყოფილა: შეფერხდა, დაირღვა, რამდენწამიანი იყო ეს შეფერხება, საერთოდ გაიარა თუ არ გაიარა? არცერთი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს ის, რომ ქუჩა გადაკეტილი იყო და მანქანამ გავლა ვერ შეძლო.
ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დაგაჯარიმებ 5000 ლარით, მეორეჯერ ვეღარ გაბედავ პროტესტის გამოხატვას და აქციაზე გამოსვლას,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი.
ვინ არის მოსამართლე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის – სტატიის ლინკი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
რასთან გვაქვს საქმე, როცა საქმეებით გადატვირთული მოსამართლე დროულად იცლის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისთვის – პროტესტის მონაწილეების დასჯისთვის მტკიცებულებების გარეშე?
„როცა არ არსებობს მტკიცებულება, ვინც ნახავს ადამიანს ზებრაზე, რა შეიძლება ამას ეწოდოს სხვა სახელი, თუ არა ცირკი? პერფორმანსი დადგა კიდეც ბატონმა მალხაზ ირემაძემ და ამ პროცესს სხვა სახელს მართლა ვერაფერს დავარქმევდი – დიახ, ეს იყო ცირკი, სადაც ვმონაწილეობდით: მე, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მალხაზ ირემაძე და სასამართლო,“ – აღნიშნა ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“.
__
ვრცლად:
როგორ მოქმედებენ მოსამართლეები, როცა საქმე ივანიშვილის ინტერესს ეხება






