ბათუმის მერიას „შანხაის დასახლებაში“ 2026 წლის ბოლომდე ორი მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აეშენებინა, რაზედაც თავის დროზე ხელშეკრულება 32 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული.
მშენებლობა სამი წლის წინ ტენდერში გამარჯვებულმა „ანაგიმ“ დაიწყო, თუმცა 2026 წელს კომპანია და მერია შეთანხმდა, რომ ორიდან ერთი კორპუსი აღარ აშენდება. ამ შეთანხმების „ობიექტურ მიზეზად“ კი დასახელებულია მოსახლეობა, რომელიც თურმე „ბარაკებიდან“ ვერ გამოასახლეს.
ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი ერთი კორპუსი აღარ აშენდება, შესაბამისი ცვლილება შეიტანეს ქალაქის ბიუჯეტში და ხარჯები შეამცირეს.
„სოციალური სახლის“ არაშენებით ბიუჯეტის ხარჯის შემცირებას დღეს, 2026 წლის 21 აგვისტოს, მხარი დაუჭირა ქალაქის საკრებულომ „ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობით.
ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობის დაფინანსება შემცირდა 10 920 200 ლარით, ხოლო მერიის სამმართველოსა და „ანაგს“ შორის შეთანხმების აქტში წერია, რომ – 15 277 179 ლარით.
- „მცირდება ღონისძიების დაფინანსება [ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმების შედეგად ამოღებულია ერთი კორპუსის მშენებლობა, რის შესაბამისადაც შემცირდა ხელშეკრულების ღირებულება – 10 920 200 ლარით“, – წერს მერია ბიუჯეტის გადასახდელების ცვლილების პროექტში, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
- „მხარეთა შეთანხმების“, ანუ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და „ანაგს“ შორის გაფორმებულ დოკუმენტში კი წერია, რომ „ბ“ ბლოკის მშენებლობის სამუშაოების გაუქმებისა და კომუნალური სისტემის მიერთება/გამრიცხველიანების საფასურის ცვლილების შემდგომ ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შემცირდა 15 277 179,67 ლარით“.
ბათუმის მერია, რომელიც „საცხოვრებელი სახლების მშენებლობის“ ქვეპროგრამით იწონებს თავს, ქალაქის ბიუჯეტის შესახებ კანონში წერს, რომ ამ ქვეპროგრამის ერთ-ერთი მიზანი „მუნიციპალური საბინაო ფონდისა“ და „ბათუმის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს“ შექმნა და „საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაა“. სწორედ ამ ქვეპროგრამით იყო გათვალისწინებული „შანხაის დასახლებაში“ 2 კორპუსის მშენებლობაც.
რატომ არ აშენდება დაგეგმილი ორი კორპუსიდან ერთ-ერთი, რომლის მშენებლობაზეც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წელს იქნა მიღებული და ბიუჯეტში შესაბამისი თანხაც იყო გამოყოფილი?
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „ანაგს“ შორის მხარეთა შეთანხმება #19, 2026 წლის 25 ივნისით არის დათარიღებული.
ამ შეთანხმების მიხედვით კი, ზემოთ აღნიშნულ შეკითხვაზე „მხარეების“ პასუხი ასეთია:
„რაც შეეხება ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობას, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების მომენტიდანვე ვერ მოხერხდა მიმწოდებლისათვის საპროექტო ტერიტორიის სრულად გადაცემა. კერძოდ, შესაძლებელი იყო მხოლოდ ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ათვისება, რის გამოც სამუშაოების დაწყება განხორციელდა მხოლოდ „ა“ ბლოკზე.
მიუხედავად გასული პერიოდისა, დღემდე სრულად არ არის დაცლილი და მიმწოდებლისთვის გადაცემული „ბ“ ბლოკის მშენებლობისათვის საჭირო ტერიტორია, რამაც შეუძლებელი გახადა არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, სამშენებლო ფრონტის მომზადება და „ბ“ ბლოკის სამშენებლო სამუშაოების დაწყება.
აღნიშნული გარემოება შპს „ანაგმაც“ არაერთხელ დააფიქსირა. შპს „ანაგი“-ს 2026 წლის 18 ივნისის კორესპონდენციით, სამმართველოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ კომპანიის მხრიდან „ა ბლოკზე“ სამუშაოები სრულად არის განხორციელებული, ხოლო „ბ ბლოკის“ სამშენებლო არეალში დღემდე განთავსებულია „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც არ არის დაცლილი მოსახლეობისგან, რის გამოც კომპანია მოკლებულია სამუშაოების დაწყების ფიზიკურ შესაძლებლობას.
აღნიშნული მომართვის საფუძველზე, „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ 2026 წლის 16 ივნისის წერილით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურს საპროექტო არეალში არსებული სახლების დემონტაჟისა და მოსახლეობის განსახლების ვადების დაზუსტების მოთხოვნით.
აღნიშნული წერილის საპასუხოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსის 2026 წლის 23 ივნისის მოხსენებითი ბარათით ოფიციალურად დადასტურდა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია მოსახლეობასთან სრული შეთანხმების მიღწევისა და დემონტაჟის ზუსტი ვადების განსაზღვრა ობიექტური გარემოებების გამო“.
„ობიექტური გარემოებები“ უფრო მეტად დაკონკრეტებული არ არის, თუმცა „მხარეები“ შეთანხმებულან, რომ ეს ყველაფერი „სამართლებრივად ადასტურებს“, რომ მერიამ კომპანიას ტერიტორია „ობიექტური ფაქტორების“ გამო ვერ გადასცა. ამიტომ, „ბ“ ბლოკის მშენებლობა შეუძლებელიაო:
„ბ ბლოკის“ სამშენებლო ტერიტორიის თავისუფალ მდგომარეობაში მოყვანა და მიმწოდებლისთვის გადაცემა შეუძლებელი გახდა მუნიციპალიტეტის მხარეს არსებული ობიექტური ფაქტორების გამო. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, „ბ“ ბლოკის მშენებლობის განხორციელება ხელშეკრულების დარჩენილ მოქმედ ვადაში ობიექტურად შეუძლებელია“, – წერია შეთანხმების დოკუმენტში.
თუმცა, ამის შემდეგ, „მხარეები“ იმაზეც თანხმდებიან, რომ არა ეს „ობიექტური გარემოებები“, „ბ“ კორპუსი თურმე მაინც ვეღარ აშენდება ადრე დადგენილი სამუშაოების ღირებულების გამო.
„ამასთან, შეუძლებელია აღნიშნული სამუშაოების შესრულება მოქმედი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ფასებითაც, ვინაიდან ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების ღირებულება განსაზღვრული იყო კონკრეტული ვადის, მოცულობის, სამუშაო ფრონტის ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტის საფუძველზე“, – წერია შეთანხმებაში.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ ხარჯთაღრიცხვიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ ბლოკის მშენებლობის სამუშაოები. ასევე ცვლილება შევიდეს „ა“ ბლოკის გაზმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და წყალმომარაგება-წყალარინების მიერთების/გამრიცხველიანების საფასურის ნაწილში, რომელთან დაკავშირებითაც მიმწოდებელს ასევე აქვს წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
შესაბამისად, „ბ“ ბლოკის მშენებლობის სამუშაოების გაუქმებისა და კომუნალური სისტემის მიერთება/გამრიცხველიანების საფასურის ცვლილების შემდგომ კორექტირებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ე.წ „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება
შემცირდა 15 277 179,67 ლარით და შეადგინა 17 198 330.10 ლარი“, – წერია მხარეთა შეთანხმებაში.

ეს შეწყვეტილი ტენდერი 33 097 204 ლარით იყო გამოცხადებული.
ამ თემაზე: ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, 2 კორპუსის ასაშენებლად 33 მილიონია გამოყოფილი
ამის შემდეგ მერიას ცალკე ტენდერი აღარ გამოუცხადებია.
რაც შეეხება „ანაგს“, ის გამარჯვებულად გამოავლინეს ტენდერში, რომელიც „შანხაის დასახლების“ გარდა კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებდა სხვა ადგილებშიც. ეს გაერთიანებული ტენდერი კი მერიის სამმართველოს 78 589 607 ლარით ჰქონდა გამოცხადებული 2022 წლის დეკემბერში.
ამ ტენდერის ფარგლებში „ანაგს“ ევალებოდა ბათუმში:
ე.წ „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა [2 ერთეული სახლის]; 26 მაისის 13-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა; კახაბრის ქ.№30-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა; ს. ხიმშიაშვილის ქ.№94-96-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა [2022-2026 წწ სახსრებით]“.
სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში კი პირველი სართულის ფართობს ბათუმის მერია არა „სოციალური დანიშნულებით“, არამედ მუნიციპალური ინსპექციისთვის გამოიყენებს.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ამ კორპუსში 40-მდე სამუშაო ოთახს მოაწყობს, რემონტში კი 900 ათასამდე ლარს დახარჯავს.
ამ თემაზე: 900 ათას ლარს დახარჯავს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალი ოფისის მოწყობაში
ინსპექციას ბათუმში, „სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე N94/96, საცხოვრებელი კორპუსის I სართულის სივრცეში საჯარო სამსახურის ოფისის მოწყობაზე“ ხელშეკრულება შპს „ვარმშენთან“ 839 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.
აღნიშნული კორპუსის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაში იგივე შეთანხმებით შევიდა ცვლილება, რომლითაც „შანხაის დასახლებაში“ „ბ“ კორპუსის აშენებაზე უარი თქვეს. თუმცა, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ხარჯთაღრიცხვა პირიქით, გაზარდეს.
„კორექტირებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ს. ხიმშიაშვილის ქ. N94-96-ში მდებარე ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება გაიზარდა 838 444,35 ლარით და შეადგინა 21 674 905.77 ლარი“, – წერია მერიის სამმართველოსა და „ანაგის“ შეთანხმების დოკუმენტში.
ამ და სხვა ხარჯების შემცირება-გაზრდით კი თავდაპირველი, 78-მილიონიანი „ხელშეკრულების საერთო ღირებულება შემცირდა და განისაზღვრა 46 889 095,87 ლარით“, – წერია მხარეთა შეთანხმებაში.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, ანუ 46,8 მილიონი ლარიდან, „ანაგზე“ დღეისათვის უკვე გადარიცხულია 39 964 449 ლარი [საერთო ღირებულების 85 პროცენტი].