მთავარი,სიახლეები

რა ხდება ადგილზე, სადაც მატარებელი მოზარდ გოგოს დაეჯახა

14.08.2026
რა ხდება ადგილზე, სადაც მატარებელი მოზარდ გოგოს დაეჯახა

გუშინ, 13 აგვისტოს, ბათუმში, მწვანე კონცხზე, თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.

როგორც „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა უთხრეს, შემთხვევა სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა.

„არ დამინახავს როგორ დაეჯახა. ხმა გავიგე და წამოვხტი. ქვასთან ეგდო უკვე საწყალი ბავშვი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მომხდარი ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

სარკინიგზო გადასასვლელზე შუქნიშანი არაა. მხოლოდ აბრაა, რომ გადასვლა არ შეიძლება.

გადასასვლელი, სადაც 13 აგვისტოს 16 წლის მოზარდს მატარებელი დაეჯახა

„ქალბატონებო და ბატონებო, ფრთხილად, მატარებელი ახლოვდება, დაიცავით პირადი უსაფრთხოების წესები,“ – ეს ორენოვანი გაფრთხილება შუქნიშნის ჩართვის პარალელურად ირთვება მწვანე კონცხზე, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, მატარებლის ჩავლამდე.

მწვანე კონცხი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილია ტურისტული თვალსაზრისით.

რკინიგზა ავტობუსის გაჩერებასა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის შუაში გადის. გადასასვლელზე შუქნიშანია დამონტაჟებული.

ბოტანიკური ბაღის მთავარ შესასვლელთან არსებული შუქნიშნიანი გადასასვლელი

მეორე სარკინიგზო გადასასვლელი, სადაც გუშინ 16 წლის მოზარდი დაიღუპა, ამ ადგილიდან დაახლოებით 180 მეტრშია.

ხმა, რომელიც ადამიანებს მოახლოებული საფრთხის შესახებ აფრთხილებს, არ აღწევს იმ გადასასვლელამდე, სადაც მოზარდი გოგო დაიღუპა. ასევე ლიანდაგი მოხვეულია და რკინიგზის უსაფრთხოდ გადასაკვეთად ორივე მხარეს გახედვაა აუცილებელი.

თუ ქარიანი ამინდია, როგორც მაგალითად დღეს, 14 აგვისტოს იყო, ამ გადასასვლელამდე მატარებლის პირველი სიგნალიც არ აღწევს, რადგან გარემოს ხმებში ირევა.

შეიძლება ითქვას, რომ სიგნალი მაშინ აღწევს ადამიანის სმენამდე, როცა მატარებელს ხედავს.

მეორე გადასასვლელი ოფიციალური არ არის.

მართალია, გადასასვლელის ორივე მხარეს დამონტაჟებულია გამაფრთხილებელი სარკინიგზო ნიშანი, რომლის მიხედვითაც რკინიგზის გადაკვეთა აკრძალულია, მაგრამ ამ ნიშანს ყურადღებას არავინ აქცევს.

„აზრი არ აქვს ამ ნიშანს, ეს ხის გადასასვლელი მოშალეს, მაგრამ ხალხმა თავისით მაინც გააკეთა. მაინც ყველა აქ გადადის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა პირმა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზეა დასაქმებული.

გადასასვლელის მოპირდაპირე მხარეს, ზღვისკენ, ბუნგალო და რესტორანია. ასევე ჩასასვლელი პლაჟზე. აქ მუდმივად ხალხი ირევა.

გადასასვლელი სადაც 13 აგვისტოს მატარებელი მოზარდს დაეჯახა

„300 ტონამდეა ეს მატარებელი. ამ ტერიტორიაზე მოძრაობს დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით. მაგრამ სულ რომ 10 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაოს, ამხელა მასის გაჩერება შეუძლებელია და შეჯახების შემთხვევაში გადარჩენის შანსი მინიმალურია. ციხისძირიდან მოყოლებული ბათუმამდე ყველგან უკონტროლოდ გადადის ხალხი.

ამკრძალავი ნიშნები არის, მაგრამ ტურისტები ზედ ლიანდაგზე დგებიან და ფოტოებს იღებენ.

არ ვიცი გამოსავალი რა შეიძლება იყოს. ვფიქრობ, უნდა შეიღობოს ეს ტერიტორია, დარჩეს მხოლოდ შუქნიშნიანი გადასასვლელები და ეგ გახდის უსაფრთხოს ამ ტერიტორიას,“ – უთხრა რკინიგზაში დასაქმებულმა, ინფორმირებულმა პირმა „ბათუმელებს“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მატარებელი დასახლებულ ზონაში ადამიანს შეეჯახა.

თუმცა სარკინიგზო უსაფრთხოების კუთხით არაფერი იცვლება. მაგალითად, დასახლებულ ადგილებში, სადაც ადამიანების გადაადგილება ინტენსიურია, ლიანდაგს არსად არ აქვს ღობე ან სხვა ფიზიკური ბარიერი, რაც ხელს შეუშლიდა ადამიანის ლიანდაგზე მოხვედრას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: