„საქართველოში ახალბედა მძღოლები საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე ჯგუფს წარმოადგენენ, იგეგმება მათთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა,“ – ნათქვამია საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში.
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2026-2027 წლებისათვის საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.
გამოსაცდელი პერიოდის ვადა ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა სტრატეგიის მიხედვით, ამ დროის განმავლობაში, ახალბედა მძღოლების მიერ ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების მიმართ დიფერენცირებული და უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების გამოყენება იგეგმება.
დაგეგმილია, მათ შორის ფინანსური სანქციების გამკაცრება და მართვის მოწმობის ქულების გაზრდილი რაოდენობით ჩამოკლება.
„ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს დამწყები მძღოლების ქცევის კორექტირებას, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას და, საბოლოო ჯამში, მათი მონაწილეობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციას,“ – ასეთია გამოსაცდელი პერიოდის დანერგვის დასაბუთება ახალ სტრატეგიაში.
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში ნათქვამია, რომ საქართველოში 2024 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 18% მეტი 4 წლამდე გამოცდილების მქონე მძღოლების ბრალეულობით მოხდა.
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის თანახმად, ახალბედა მძღოლები საგზაო მოძრაობის მომეტებულ რისკის წყაროს წარმოადგენენ, რაც რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული.
„პირველ რიგში, მათ აკლიათ პრაქტიკული გამოცდილება, რის გამოც უჭირთ საფრთხის წინასწარ განსაზღვრა და რთულ საგზაო სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.
ამასთან, არასაკმარისი გამოცდილება მოიაზრებს მართვის ტექნიკასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც ზრდის სატრანსპორტო საშუალების მართვისას შეცდომების დაშვების ალბათობას.
დამატებით, ახალგაზრდულ ასაკთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ფაქტორები – რისკისადმი მეტი ტოლერანტობა, სიჩქარისადმი მიდრეკილება და თანატოლების ზეგავლენა – აძლიერებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ალბათობას.
შედეგად, გამოცდილების ნაკლებობისა და ქცევითი თავისებურებების ერთობლიობა ახალბედა მძღოლებს მაღალრისკიან კატეგორიად აქცევს. ამასთან, ევროკავშირში 2025 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს ახალბედა მძღოლებისთვის მინიმუმ ორწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რომლის განმავლობაშიც მძღოლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები გამოიწვევს მეტად მკაცრ სანქცირებას“, – ნათქვამია საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში.
სტრატეგიის თანახმად, მიუხედავად ახალბედა მძღოლების მიერ წარმოქმნილი რისკებისა, საქართველოს კანონმდებლობით სრულყოფილად არ არის დარეგულირებული ეს საკითხი.






