მთავარი,სიახლეები

ახალციხეში ნაცემი იმამის თქმით, მას 10 კაცი დაესხა თავს, მაგრამ პოლიციამ „აქტიურად იმუშავა“ და საჩივარი უკან გაატანინა

28.07.2026
ახალციხეში ნაცემი იმამის თქმით, მას 10 კაცი დაესხა თავს, მაგრამ პოლიციამ „აქტიურად იმუშავა“ და საჩივარი უკან გაატანინა

ახალციხის მეჩეთის იმამს, შევქეთ დვალიძეს, ორი კვირის წინ, 18 ივლისს, ახალციხეში, მამის სახლის ეზოში სცემეს.

დაზარალებულების თქმით, 56 წლის იმამს ათზე მეტი კაცი დაესხა თავს, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ორი მათგანი დააკავა.

მოგვიანებით ორივე თავდამსხმელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შევქეთ დვალიძეს კი პოლიციიდან საჩივარი გამოატანინეს.

  • რა მოხდა ახალციხეში 18 ივლისს 

შევქეთ დვალიძე, ახალციხის მეჩეთის იმამი, რომელსაც მამის სახლის ეზოში სცემეს, მუსლიმი მესხია. ის და მისი ოჯახის ნაწილი საქართველოში 2001 წელს დაბრუნდა.

თავდაპირველად მარნეულში ცხოვრობდნენ, 2009 წელს კი ახალციხეში გადავიდნენ ნაქირავებში. 2010 წელს ქალაქ ვალეში შევქეთ დვალიძემ საკუთარი ბინის შეძენა შეძლო და მას შემდეგ, 16 წელია ვალეში ცხოვრობს.

ბოლო 10 წელია შევქეთ დვალიძე ახალციხის მეჩეთის იმამია და მას იცნობენ, როგორც შევქეთ ხოჯას.

18 ივლისის ინციდენტის შესახებ „ბათუმელებს“ შევქეთ დვალიძის შვილი, ომარ დვალიძე ესაუბრა.

„შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში თურქეთიდან სტუმრად ჩამოვიდა ჩემი ბიძა – მამის ძმა და ბიძაშვილი. აქ გაატარეს დრო. ჩვენ ვალეში ვცხოვრობთ, ხოლო ჩემი პაპა ცხოვრობს ახალციხეში. ბიძაჩემი თურქეთში აპირებდა დაბრუნებას, ამიტომ ყველანი წავედით ახალციხეში პაპაჩემის სახლში სტუმრად.

საღამოს მე და ჩემი ბიძაშვილი გავედით სასეირნოდ. ვისეირნეთ და უკან სახლში ვბრუნდებოდით, როცა გზად ახალგაზრდების ორი ჯგუფი შეგვხვდა. ლუდს სვამდნენ – ერთ ჯგუფში 18-19 წლის ახალგაზრდები იყვნენ, მეორე ჯგუფში უფრო ასაკოვანები. ახალგაზრდებმა დაგვიძახეს, ხელი დაგვიქნიეს – მოდით, მოდითო. მივედით. ამ ახალგაზრდებმა მეგობრული საუბარი დაგვიწყეს, ამ საუბარში, დიდების ჯგუფიდან მოვიდა ერთი კაცი და იკითხა რა ხდებაო. ამ ახალგაზრდა ბიჭებმა უთხრეს – არაფერი, ჩვენი ბიჭები არიანო.

წავიდა და მერე კიდევ სხვა ბიჭი მოვიდა. ნასვამი იყო. ლუდი შემოგვთავაზა – დალიეთო. ვუთხარი, რომ მუსლიმი ვარ და სასმელს არ ვსვამ. ეს საუბარი ქართულ ენაზე მიდიოდა. ჩემმა ბიძაშვილმა მკითხა, რაზე მესაუბრებოდნენ. თურქულად ვუთარგმნე, რაც მითხრეს და რაც ვუთხარი.

ამ დროს, უფრო ასაკოვანების ჯგუფიდან ნასვამმა პირმა დაგვიწყო კამათი – საქართველოში ხარ და ქართულად რატომ არ საუბრობ, თურქულად რატომ ლაპარაკობო. თურქულად რატომ ლაპარაკობო – იმეორებდა და იმეორებდა. ერთი 10-15-ჯერ მაინც თქვა. ვუთხარი, რომ ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღით იყო სტუმრად საქართველოში ჩამოსული, ქართული არ იცოდა და მას ვუთარგმნე საუბარი თურქულად.

მერე გვკითხა ვინ ხართო, აქ რატომ მოხვედითო.

ვუთხარი, რომ პაპაჩემთან ვიყავი სტუმრად. სახლიც დავანახე – აი, იქ ცხოვრობს-მეთქი. ახლოს ვიყავით სახლთან.

მერე მკითხეს, რა არის ბიძაშენის სახელიო. ვუთხარი. „ხომ არ მეღადავები, რანაირი სახელიაო“ და სახელის გამო შეაგინა ბიძაჩემს. ჩემს ბიძაშვილს ხელით შეეხო. 16 წლისაა ჩემი ბიძაშვილი. სახლისკენ გაიქცა, მეც გავყევი. გამოგვეკიდნენ. შევვარდით პაპაჩემის ეზოში და შემოგვყვნენ. დაახლოებით 10-12 ადამიანი იყო. ეზოში შემოგვყვნენ. ხმაურზე ჩემი ოჯახის წევრები გამოვიდნენ. მამამ იკითხა რა ხდებაო და პირდაპირ სახეში დაარტყეს.

ძირს დააგდეს მამაჩემი და ფეხებს ურტყამდა 7-8 კაცი. დედაჩემი და სხვა ქალები გამოცვივდნენ სახლიდან და მე დამიჭირეს. მეზობლის ქალებიც გამოვიდნენ. საბოლოოდ ქალებმა გაყარეს ეზოდან თავდამსხმელები და გამოიძახეს პოლიცია.

პოლიცია მოვიდა, მხოლოდ ორი დააკავეს თავდამსხმელებიდან.

ჩემი მეორე ბიძაშვილი იქ ცხოვრობს, ყველას იცნობს, ვინც თავს დაგვესხა. მივმართეთ პოლიციას, ვუთხარით, მაგრამ ორ ადამიანზე მეტი არ დაუკავებიათ“, – მოუყვა “ბათუმელებს” ომარ დვალიძე.

„ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, რა მუხლით დაიწყო გამოძიება მომხდარ ფაქტზე.

„პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა ორი პირი. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შსს-ში.

შევქეთ დვალიძე, რომელსაც ათზე მეტი პირი მამის სახლის ეზოში დაესხა თავს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

„16 წელზე მეტია ვალეში ვარ. ვალეში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. არასდროს მქონია მსგავსი პრობლემა, რაც ახალციხეში გადამხდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შევქეთმა.

მას დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, რაც მოხდა ახალციხეში, იყო ეს შემთხვევითობა თუ განზრახვა.

შევქეთ დვალიძე ამბობს, რომ მას აიძულეს და პოლიციიდან განცხადება გამოატანინეს.

„საჩივარი გამოვიტანე. ახალციხის პოლიციამ ძალიან აქტიურად იმუშავა! მადლობა მათ. მათ მიბიძგეს ირიბი გზებით, რომ საჩივარი გამომეტანა. მადლიერი ვარ მათი… ასე ვთქვათ, „შენიღბულად“, ვინც მიხვდება – მიხვდება,“ – ამბობს შევქეთ დვალიძე.

შევქეთ დვალიძემ, რომელსაც ახალციხეში იცნობენ, როგორც შევქეთ ხოჯას, 18 ივლისის ინციდენტს ვრცელი  ფეისბუქ ლაივი მიუძღვნა, სადაც დეტალურად მოჰყვა, თუ რა მოხდა ახალციხეში. ამავე ლაივში ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რა პრობლემებს აწყდებიან საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მესხები.

„ანდაზაა ასეთი: ვიღაცას მუცელში ურტყამდნენ, ის კი „ვაიმე, ჩემო ზურგოო“ – გაიძახოდაო. მეც ასე ვარ, დღემდე „ჩემს ზურგს“ ვტირი. იმედია, დადგება დღე, როცა „ვაიმე ჩემო ზურგო“ აღარ გვექნება სათქმელი. ზურგიც გვეყოლება, ძალაც და სიმტკიცეც. მაგრამ იცოდნენ, რომ მათ [თავდამსხმელების] 100-150 წიხლს არ გავუტეხივართ. მადლობა ღმერთს, ფეხზე ვართ და კვლავაც მყარად ვიდგებით.

მადლობა ახალციხელებს, ჩვენს ხალხს, ვინც მოვიდა და დაგვიდგა გვერდში. გვითხრეს, რომ უნდა მივმართოთ ყველას, ვისაც ჯერ არს, რათა დაიცვან ეს მცირერიცხოვანი ხალხი. ეს ხომ საქართველოს ინტერესებშიც შედის. რომელ ქვეყანას უნდა ეთნიკური კონფლიქტები? არავის. ეს მათ ჩემზე უკეთ იციან. ჩემგან ამის თქმა ზედმეტია. საქართველო უძველესი ქვეყანაა, მრავალათასწლოვანი ისტორიით.

მე ვამაყობ ქართული ანბანით, რომელიც თითქმის 5000 წლისაა! ქართული ენა ძველი ენაა, რომელიც არ დაკარგულა. საბჭოთა კავშირის დროსაც კი, არც ენა დაუკარგავთ, არც ანბანი და არც გვარები. სხვებმა მაშინვე შეიცვალეს გვარები, მაგრამ ქართველებმა – არა, შეინარჩუნეს. ეს არის ხალხი, რომელიც თავის კულტურას, რელიგიასა და წარმოშობას უფრთხილდება.

მაგრამ საკუთარი წარმოშობის სიყვარული სხვების გარიყვას არ ნიშნავს. ეს უნდა ახსოვდეთ. საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა და ჩვენც მისი ნაწილი ვართ. ცოტანი ვართ, მაგრამ მაინც ვართ. ჩვენ „მესხ თურქებად“ გვიცნობენ და ასე მიგვიღეს. ჩვენ აქ ვცხოვრობთ. თუ ქვეყანაში 10-20-30 წელი ცხოვრობ და მოქალაქეობას არ გაძლევენ, ეს ხომ პრობლემაა?

თუ ადამიანმა გადაწყვიტა აქ ცხოვრება, მთავრობა მას გვერდში უნდა დაუდგეს, მოქალაქეობა ან ბინადრობა მისცეს. საქართველო თბილი ქვეყანაა. საკუთარ მოსახლეობას ასე უნდა ექცეოდეს? ეს უნდა იგრძნობოდეს. ჩვენ მეტს არაფერს ვითხოვთ. იცით, რომ ახალციხელი თურქები მშრომელი ხალხია. სადაც არ უნდა წავიდნენ, „ქვას გამოწურავენ წყალს“. არავის ვაწუხებთ, ჩვენი შრომით ვშოულობთ ყველაფერს. ვაშენებთ, ვყიდულობთ მანქანებს, ვცხოვრობთ ჩვენთვის.

მაგრამ ზოგს ეს თვალში ხვდება. ზოგი მთელი დღე უსაქმოდ დადის და არაფერს აკეთებს. შენ კი მონასავით მუშაობ, აშენებ… და როცა რაღაცას მიაღწევ, მერე ამბობენ – „ჩვენ წლებია აქ ვართ და ამათ ნახეთ, რა სახლები და მანქანები აქვთო“. კაცო, შენც იმუშავე და შენც გექნება! რა გინდა ამ მშრომელი ხალხისგან? შენს კარზე არ მოდიან, არაფერს გპარავენ, არაფერს გთხოვენ. პირიქით, ყოველ წელს ყურბან-ბაირამზე მეზობლებს ხორცს ვურიგებთ – ქართველებსაც და სომხებსაც. ჩვენს სოფელში რომ იკითხოთ, ყველა დაგიდასტურებთ, რომ საუკეთესო მეზობლები ვართ.

ვცდილობთ ქართული ვისწავლოთ. ბაზარში რომ მივდივართ, ქართულად გვინდა ვივაჭროთ, მეზობლებს ქართულად ველაპარაკოთ. ვცდილობთ, მაგრამ ასაკიც ხომ მნიშვნელოვანია? 60-70 წლის კაცმა როგორ ისწავლოს ენა ასე ადვილად? ქართული ძალიან რთული და მდიდარი ენაა. მე ბევრი ვიწვალე, გაკვეთილებზეც დავდიოდი, მაგრამ მაინც ვერ ვლაპარაკობ ისე თავისუფლად, როგორც ქართველი. არ შედის ამ ასაკში თავში. ვერავის დააძალებ. რაც შეუძლიათ, იმას სწავლობენ,“ – ამბობს ფეისბუქ ლაივში შევქეთ დვალიძე.

„ბათუმელებმა“ მიმართა სახალხო დამცველს და ჰკითხა, დაიწყო თუ არა 18 ივლისს მომხდარ ფაქტზე მოკვლევა.

“სახალხო დამცველის აპარატი დაიწყებს საქმის შესწავლას და შსს-დან გამოითხოვს მოკვლევის მასალებს”, – გვითხრეს სახალხო დამცველის აპარატში.

„ბათუმელებმა“ სცადა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა ინციდენტში მონაწილე სხვა პირებს. ვერც შსს-ს მიერ დაკავებულ ორ პირთან ან მათ ადვოკატთან შევძელით დაკავშირება.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, თუ ინციდენტში მონაწილე პირებს ექნებათ სურვილი, რედაქცია მათთან ინტერვიუს ჩაწერს და გამოაქვეყნებს.

21 ივლისს, თურქეთის პარლამენტში, AK Party-ს ( სამართლიანობისა და განვითარების პარტია), დეპუტატი ქაან ქოჩი სიტყვით გამოვიდა და საქართველოში მომხდარი ამბავი დაგმო.

ამავე გამოსვლაში დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცავებს, მაგრამ იქვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „თურქი მესხები უპატრონოები“ არ არიან.

„დღეს არც 1877-1878 წლების ომის და არც 1944 წლის დეპორტაციის პირობები აღარ არის. ყველამ ამ ცნობიერებით უნდა იმოქმედოს და არასოდეს გაბედოს მესხი თურქების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციები.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ახალციხეში მშვიდობის, ძმობისა და თანაცხოვრების კულტურის შენარჩუნება. გვწამს, რომ მეგობარი და მეზობელი საქართველო კვლავაც ამ მგრძნობელობით იმოქმედებს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მესხი თურქები უსამშობლოდ და უპატრონოდ არ არიან. მათ გვერდით ყოველთვის დგას თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო და ბატონი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი,“ – თქვა ქაან ქოჩმა.

ის სწორედ ერდოღანის პარტიის კვოტით არის შესული პარლამენტში არდაჰანის რეგიონიდან.

რამდენად სწორად დაიწყო შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს? – ვკითხეთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელს თამთა მიქელაძეს.

„ახალციხეში იმამ შევქეთ დვალიძეზე განხორციელებული თავდასხმა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც რიგითი ფიზიკური ძალადობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი დაკავშირებული იყო დაზარალებულთა ენობრივ და რელიგიურ იდენტობასთან. როგორც დაზარალებულები აღწერენ, დაპირისპირება სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც მათ ერთმანეთთან თურქულად ისაუბრეს.

სწორედ მოთხოვნას, რომ „საქართველოში ქართულად უნდა ილაპარაკოთ“, მალევე მოჰყვა დევნა, ოჯახის სახლში შეჭრა და ჯგუფური ძალადობა.

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მხოლოდ ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან. არსებული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ ძალადობა სავარაუდოდ დაკავშირებული იყო დაზარალებულთა რელიგიურ წარმომავლობასთან, ენასა და მათ, როგორც მუსლიმი მესხების, იდენტობასთან.

სწორედ ამიტომ, გამოძიებას აქვს ვალდებულება, საქმე განიხილოს, როგორც შეუწყნარებლობის მოტივით (hate crime) შესაძლო ჩადენილი დანაშაული და სრულყოფილად გამოიკვლიოს დისკრიმინაციული მოტივი,“ – ამბობს თამთა მიქელაძე „ბათუმელებთან“.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ როდესაც დანაშაულის გარემოებები მიუთითებს შესაძლო სიძულვილის მოტივზე, სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება, ეს მოტივი ეფექტიანად და სრულყოფილად გამოიძიოს.

„სამართლებრივი თვალსაზრისით, მომხდარის კვალიფიკაცია პროკურატურას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (დევნა) უნდა მოეხდინა, რომელიც ითვალისწინებს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ან პირის პოლიტიკური, საზოგადოებრივი, პროფესიული, რელიგიური ან სამეცნიერო საქმიანობის გამო დევნას.

ამავე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს ამგვარი ქმედების ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენის შემადგენლობას, რაც დამამძიმებელ გარემოებად არის განსაზღვრული.

ასევე, ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, შესაძლებელი იყო ამავე ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) საფუძველზე და ამავე კოდექსის 53¹ მუხლით განსაზღვრული შეუწყნარებლობის მოტივის კომბინაციაში.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ჩადენა შეუწყნარებლობის მოტივით წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას და გავლენას ახდენს სასჯელის განსაზღვრაზე. ამგვარი დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

თუმცა, როგორც ვხედავთ, პროკურატურამ შეუწყნარებლობის კონტექსტი საერთოდ არ დაინახა და საქმეს არც 156-ე მუხლით და არც 126-ე მუხლის 53¹ მუხლთან კომბინაციაში კვალიფიკაცია არ მისცა, რაც სამართლებრივი შეცდომაა და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე შეგნებულად თვალის დახუჭვაა.

ვხედავთ, რომ აღნიშნული პირები გირაოთი გათავისუფლდნენ, ხოლო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პროკურატურას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებისთვის არაფერი უცნობებია, მიუხედავად საქმის კომპლექსური და სოციალური მნიშვნელობისა.

ეს აჩვენებს, რომ სახელმწიფო დაზარალებული პირების რეალურ დაცვას და მართლმსაჯულების განხორციელებას ამ საქმეზე არც აპირებს. ამას დაზარალებული სასულიერო პირის ვიდეო ინტერვიუ და მისი აღქმებიც აჩვენებს. საბოლოოდ, დაზარალებულმა პირმა საჩივარი უკან გამოიტანა და ჩნდება ეჭვი, რომ მას ამის გაკეთება ზეწოლის გამო მოუწია.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მშობლიურ ან სხვა ენაზე საუბრის გამო ეთნიკური უმცირესობების მიმართ ძალადობრივი ან დისკრიმინაციული დამოკიდებულების შემთხვევები საქართველოში ბოლო წლებში არაერთხელ დაფიქსირებულა.

ამ საქმის სწორი სამართლებრივი შეფასება და ეფექტიანი გამოძიება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. აუცილებელია არა მხოლოდ მართლმსაჯულების განხორციელება, არამედ უფრო ფართო ტრანსფორმაციული სამუშაოების ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება მუსლიმი მესხების მიმართ საზოგადოებრივი აღქმების ცვლილებისკენ, მათი ისტორიული გამოცდილების აღიარებისა და თანასწორი მოქალაქეობრივი კუთვნილების გაძლიერებისკენ,” – უთხრა თამთა მიქელაძემ “ბათუმელებს”.

თამთა მიქელაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მუსლიმი მესხების რეპატრიაცია დაუსრულებელი და ნაკლოვანი პროცესია.

“1944 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მესხი მოსახლეობის იძულებითი გადასახლების შემდეგ, მათი დაბრუნების საკითხი ათწლეულების განმავლობაში რჩებოდა გადაუჭრელ პრობლემად.

დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, ხელი შეეწყო რეპატრიაციის პროცესისთვის, თუმცა პრაქტიკაში ეს პროცესი ვერ იქცა სრულფასოვან და ეფექტიან მექანიზმად ისტორიული უსამართლობის აღდგენისათვის.

რეპატრიაციის პროცესი წლების განმავლობაში ხასიათდებოდა ადმინისტრაციული ბარიერებით, გაჭიანურებითა და არასაკმარისი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით. შედეგად, იმ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც დაბრუნების სურვილი ჰქონდა, კვლავ აღმოჩნდა გაურკვეველ სამართლებრივ და სოციალურ მდგომარეობაში.

ეს მხოლოდ პროცედურული პრობლემა არ არის. რეპატრიაციის დაუსრულებლობა პირდაპირ უკავშირდება იმ განცდას, თუ რამდენად აღიარებს სახელმწიფო ამ ჯგუფის ისტორიულ გამოცდილებას და რამდენად ხედავს მას საქართველოს საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად.

ეს აძლიერებს გაუცხოებას და ხელს უშლის მოქალაქეობრივი კუთვნილების განცდის განმტკიცებას. შესაბამისად, მუსლიმი მესხების მიმართ არსებული დღევანდელი მოწყვლადობა მხოლოდ თანამედროვე დისკრიმინაციული პრაქტიკების შედეგი არ არის; ის ასევე დაკავშირებულია იმ ისტორიულ და ინსტიტუციურ პოლიტიკებთან, რომლებმაც ამ თემის მარგინალიზაცია განაპირობა”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.