ბათუმში, მწვანე კონცხის პლაჟთან არსებული პირსი, რომელიც ვიზიტორთათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია და რომლის რეაბილიტაციაში რამდენიმე წლის წინ 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, დღეს ჩაკეტილია.

ხიდზე შესასვლელი სპეციალური ბარიერითაა გადაკეტილი და განთავსებულია წარწერები – STOP, „შესვლა აკრძალულია!“.
ხიდის შუა ნაწილში კიდევ ერთი ბარიერი და წარწერაა – „ვიზიტორთა შესვლა დროებით შეზღუდულია!“.
„ხიდი რამდენიმე თვეა რაც გადაკეტილია და ეს წარწერებიც გააკეთეს, ამბობენ ავარიულიაო, თუმცა უმეტესობა მაინც გადის ხიდზე“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ადგილზე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში.

პირსზე კიდევ ერთი წარწერაა: „ხიდიდან გადახტომა აკრძალულია!“, თუმცა ასეთი წარწერა აქ ადრეც იყო.
საქმე იმაშია, რომ მწვანე კონცხის პლაჟის გასწვრივ ზღვაში/წყალქვეშ აგებულია ქვის დამბა – ტალღმტვრევი ნაგებობა. ამ წყალქვეშა ნაგებობის [რომელიც პირსის ქვემოთ გადის] სიგრძე 790 მეტრია და ის კონცხთან ნაპირდამცავ ფუნქციას ასრულებს.
პლაჟთან ახლოს მდებარე წყალქვეშა ნაგებობა კი ბანაობისთვის სახიფათოა.

რატომ აიკრძალა პირსზე გასვლა? კონკრეტულად რა დაზიანება აქვს და რას უპირებენ ნაგებობას? – ამ კითხვებით ბათუმის მერიას მივმართეთ. მერიის პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.

ბათუმში კიდევ ერთი პირსი, ახალი ბულვარის მიმდებარედ, დაახლოებით 5 წლის წინ შტორმმა დაანგრია. მის აღსადგენად ამ დრომდე არაფერი გაუკეთებიათ.
ახალი ბულვარის პირსი და მიმდებარე ტერიტორია კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და რეესტრის ამონაწერით ის იჯარითაა გაცემული.
ამ თემაზე: რას უპირებენ ახალ ბულვართან შტორმით დანგრეულ პირსს

აჭარის საკუთრებაშია ასევე მწვანე კონცხზე პირსის მიმდებარე ტერიტორიაც პლაჟის გასწვრივ.
ამ ტერიტორიას თავის დროზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტსი“ ითხოვდა, თუმცა, აღარ გადასცეს და ამ კომპანიას მხოლოდ მიმდებარე ნაკვეთები მიჰყიდეს.

რატომ არ გადასცა აჭარის მთავრობამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის პლაჟი