ფოთის პორტი ახალი ნავმისადგომის მშენებლობის მეორე ფაზას იწყებს.
მშენებლობის განსახორციელებლად საჭირო თანხები კი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) გამოჰყო სესხის სახით.
დღეს, 25 ივნისს, ფოთში გაიმართა მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი იღებდა.
ოფიციალურ ცერემონიამდე განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ს საელჩომ, სადაც სესხის დეტალები განმარტა.
„მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა.
დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ.
აღნიშნული პროექტი ეფუძნება DFC-ისა და PACE Group-ის წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში 2020 წელს ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის $50 მილიონი დოლარის სესხი გამოიყო,“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
DFC აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოა, რომლის ინვესტიციები ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მყარ ეკონომიკურ შედეგებს უზრუნველყოფს და ხელს უწყობს აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელის განცხადებით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში DFC-მ საქართველოში, კერძო სექტორში 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობის დაწყების ცერემონია


