პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის 23 თებერვალს და მან კიევი რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.
ანდჟეი დუდა ამბობს, რომ მაშინ ცრემლებამდე შეძრა უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამბედაობამ, როდესაც მან უარი თქვა კიევის დატოვებაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეებში. დუდამ ამის შესახებ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა.
„არასდროს დამავიწყდება, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მითხრა 23 თებერვალს, რუსეთის აგრესიამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც აქ, კიევში დავემშვიდობე – როცა მას ჩავეხუტე, იმდენად შეძრული ვიყავი, რომ თვალებზე ცრემლები მომადგა“, – იხსენებს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი.
დუდას თქმით, ზელენსკიმ მას უთხრა, რომ კიევში ოჯახთან ერთად რჩებოდა და „ბოლომდე“ ბრძოლას აპირებდა.
„არასდროს დამავიწყდება, რაც მითხრა. მან მითხრა: „ანდჟეი, თუ პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინას ისევე დაიპყრობს, როგორც 2014 წელს ყირიმი დაიპყრო, ბრძოლის გარეშე – როგორც დონეცკსა და ლუგანსკში, სადაც უბრალოდ შევიდა და ბევრი არ უწევდა წინააღმდეგობას – მაშინ ცდება“, – თქვა დუდამ.
პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ზელენსკის მიმართ „უსაზღვრო პატივისცემა“ აქვს და მის გადაწყვეტილებას დედაქალაქში დარჩენის შესახებ, უკრაინის წარმატებული თავდაცვისთვის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს.
„[რუსებს] ვოლოდიმირ ზელენსკის დატყვევება სურდათ და ეს, სავარაუდოდ, მისი სიკვდილით დასრულდებოდა. ამიტომ, ეს მართლაც უზარმაზარი მსხვერპლი იყო, რის გაღებისთვისაც მაშინ ის მზად იყო“, – თქვა დუდამ.
როგორც უკრაინული გამოცემა UNIAN იტყობინება, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ეტაპზე, კიევის სწრაფი აღების საფრთხიდან გამომდინარე, უკრაინის მთავრობის ნაწილი ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში გადაიყვანეს. მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განმარტებით, მაშინ არავინ იცოდა, როგორ დასრულდებოდა პროცესები, ამიტომ მთავრობის ნაწილის ზურგში ევაკუაცია, ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, სწორ ნაბიჯად ითვლებოდა.
კულებამ აღნიშნა, რომ ივანო-ფრანკოვსკშიც კი უსაფრთხოება ფარდობითი იყო: ყველა თანამდებობის პირი იმყოფებოდა ერთ შენობაში, რომლის განადგურებაც ერთი ან ორი რაკეტით შეიძლებოდა. მთავრობის ნაწილი კი კიევში დარჩა და შეხვედრები ონლაინ რეჟიმში ტარდებოდა.






