მთავარი,სიახლეები

„არც ქოლგა მინდა, არც კარავი, სიკვდილი მინდა ამ შენობასთან“ – შშმ ბავშვის დედა ანგარიშების გაუქმებაზე

22.04.2026
„არც ქოლგა მინდა, არც კარავი, სიკვდილი მინდა ამ შენობასთან“ – შშმ ბავშვის დედა ანგარიშების გაუქმებაზე

სამოქალაქო აქტივისტი თამარ იარაჯული აცხადებს, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით „თიბისი“ ბანკმა პირადი ანგარიში გაუუქმა. პირდაპირ ჩართვაში, რომელიც თამარ იარაჯულმა მთავრობის კანცელარიიდან გააკეთა, ამბობს, რომ მას ქველმოქმედების მიზნით ჩარიცხული თანხების ქვითრებს სთხოვს უსაფრთხოების სამსახური.

„თიბისი“ ბანკმა გამიუქმა პირადი ანგარიში. როცა მოვითხოვე განმარტება, არაოფიციალურად მითხრეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება ითხოვს ჩემს პირად ანგარიშზე დარიცხული საქველმოქმედო თანხების შესახებ ინფორმაციას. ანუ, ტერორიზმის და ფულის გათეთრების მუხლი მომიყენეს, წარმოგიდგენიათ ხომ?

მე მყავს აუტისტური სპექტრის მქონე შვილი, რომელსაც რამდენიმე მძიმე ოპერაცია გავუკეთე საზღვარგარეთ. ასევე, ჩემს მეორე შვილს სჭირდება ძვირადღირებული მკურნალობა უცხოეთში და რადგან სახელმწიფო არ გვაფინანსებს, საზოგადოების მიერ შემოწირული თანხებით წავიყვანე შვილი უცხოეთში.

ახლა კი, როგორც გავიგე, ამ თანხების შესახებ ითხოვს სახელმწიფო ინფორმაციას. ქვითრები უნდა წარმოადგინოო, რაც შეუძლებელია. ვინ ინახავს დღეს ქვითარს. ანუ საკვები რომ ვუყიდე ჩემ შვილს და წამალი ამის ქვითრები უნდა შემენახა?“ – ამბობს თამარ იარაჯული „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, წლებია სახელმწიფოს თავისი შვილების მკურნალობაზე დახმარებას სთხოვს, ახლა კი ხალხის მიერ დარიცხული შემოწირულობების გამო, ფულის გათეთრებას ედავებიან.

„ოთხი წელია ლამის მათხოვრად ვიქეცი, რომ ჩემი შვილები გადავარჩინო. სამი წელია ვეხვეწები სახელმწიფოს, რომ აქ შეგვიქმნას იმ დაავადების მკურნალობის პროტოკოლი, რომელიც ჩემს შვილს სჭირდება და უცხოეთში წასვლა არ დაგვჭირდება, მაგრამ ეს პროტოკოლი არ შექმნეს. ახლა, როცა სამ-ოთხ თვეში, ხან ერთი შვილი და ხან მეორე, ხალხის დახმარებით მიმყავს სამკურნალოდ, ამის ქვითრები უნდა შემენახა თურმე.

მე რა დოკუმეტებიც მქონდა ხელთ, ყველაფერი გადავუგზავნე ბანკს და დღეს, დღის ბოლომდეც არ დამაცადეს, გამიუქმეს ანგარიში. ფაქტობრივად, დამასანქცირა სახელმწიფომ. ჩემი შვილების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დიდი ხანია არ გამოვსულვარ გარეთ, მაგრამ გუშინ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე ვიყავი, მხარდაჭერის მიზნით, რადგან ეს ადამიანები წამალს ითხოვენ თავიანთი შვილებისთვის. სავარაუდოდ, ჩემი აქტიურობა არ მოეწონათ“, – ამბობს თამარ იარაჯული.

მისი თქმით, ის დღეს, 22 აპრილს მივიდა „თიბისი“ ბანკში და ითხოვდა იმ ოქმის ასლს, რომელიც მის ანგარიშებთან დაკავშირებით შედგა.

„მეორე ის, რომ რაზეც სახელმწიფო უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას, იმაზე მე ნუ მთხოვს პასუხს. ამ ანგარიშების გაუქმებით ჩემი შვილი ვეღარ წავა იმ გამოკველვებზე, რომელსაც თავად ჯანდაცვის სამინისტრო მიწერს კონსილიუმების საფუძველზე. ჟანგბადსაც ვერ აწვდიან ჩემს შვილს, როცა მდგომარეობა მწვავდება და სახალხო დამცველთანაც დევს ამის შესახებ მოკვლევაზე ჩემი მოთხოვნა. ფაქტობრივად გაწირეს ჩემი ოჯახი“, – ამბობს თამარ იარაჯული.

თამარ იარაჯული ამბობს, რომ ის სახელმწიფო კანცელარიასთან შიმშილობას იწყებს. „იქამდე ვიშიმშილებ, სანამ აღარ დამჭირდება მათხოვრობა ფეისბუქით და ჩემ შვილს პენსია გაუხდება 1500 ლარი, რადგან რეალურად, ეს თანხაც კი არ ჰყოფნის ჩემი შვილის საჭიროებებს. ძალიან ხშირად, ქცევა ირღვევა და ცუდად ხდება და ამის გამო ექიმები დიაზეპამინს ჩრიან პირში. მე არ ვაპირებ შევცვალო ჩემი შვილის საჭიროებები.

სანამ არ შემუშავდება პროტოკოლი იმ დაავადებების, რომელიც ჩემ შვილს აქვს და სანამ არ აიღებს სახელმწიფო პასუხისმგებლობას უცხოეთში მკურნალობაზე, ბილეთების, სასტუმროს და სხვა ხარჯებზე.

სახელმწიფო რასაც გვიფინანსებს, ერთი იმდენზე მეტი, გზას, სასტუმროს და კვებას სჭირდება. აქედან გამომდინარე, სანამ ჩემი ყველა ეს მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, არ ვაპირებ შიმშილობის შეწყვეტას, თუნდაც  ჩემი სიცოცხლე დავტოვო აქ. მაგრამ შევეცდები დავრჩე ცოცხალი და ისე გავიმარჯვო იმ უსამართლობაზე, რაც დღეს გააკეთეს.

არც ქოლგა მინდა, არც „პუფი“, არც კარავი – სიკვდილი მინდა ამ შენობასთან, რომ სამაგალითოდ მაინც დარჩეს ეს ამბავი. თქვენს შვილებს აჭამეთ 420 ლარი და თქვენი ხარჯები გამოითხოვეთ ბანკიდან“, – ამბობს თამარ იარაჯული.

თამარ იარაჯული დღეს კანცელარიაში, შესაბამის პირებთან იტხოვდა შეხვედრას, თუმცა მას შენობაში გაჩერების უფლება არ მისცეს. „შეხვდნენ ირაკლი კობახიძეს და გადმომცენ ოქმი, ირღვევა თუ არა ჩემი და ჩემი შვილების უფლებები.

მე ვარ დედა, მხარდამჭერი და ჩემი ანგარიშები გაუქმდა, დედა, რომელსაც ყოველ სამ თვეში დაჰყავს შვილი საზღვარგარეთ და სიცოცხლეს უნარჩუნებს“, – ამბობს თამარ იარაჯული.

„ბათუმელები“ ესაუბრა თამარ იარაჯულის ერთ-ერთ შვილს, გიორგი ნიშნიანიძესაც, რომელიც ადასტურებს მისი მშობლის საბანკო ანგარიშების გაუქმებას. მისი თქმით, ბანკი პირადი გადარიცხვების შესახებაც ითხოვს ინფორმაციას.

„იყო ასეთი მესიჯიც, რომ თამარ იარაჯულს სთხოვენ მისი მეუღლის, ანუ მამაჩემისგან, ავთანდილ ნიშნიაძისგან ჩარიცხული თანხების ამონაწერებს. რა მიზნით ურიცხავთ ერთმანეთს და სად მიგაქვთ ეს თანხებიო. „ქეშად“, რომ გამოგაქვთ, ის თანხები სად მიგაქვთო და ასე შემდეგ.

როცა ბანკს განმარტება მოვთხოვეთ, თუ რის საფუძველზე ითხოვდა ამ ინფორმაციას, მოგვწერეს 21-ე პრიმა მუხლი, საქართველოს კერძო ბანკების შესახებ კანონის მიხედვითო. როგორც იურისტებმა აგვიხსნეს, ეს არის ტერორიზმის და ფულის გათეთრების მუხლი“, – ამბობს გიორგი ნიშნიანიძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა თიბისი ბანკსაც და მომხდართან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. ბანკში გვითხრეს, რომ გაერკვევიან სიტუაციაში და შემდეგ გვიპასუხებენ.

______________

ამ თემაზე:

რას ჰყვება დედა, რომელიც სახელმწიფოს შვილის გადასარჩენად წამლის დაფინანსებას სთხოვს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: