მთავარი,სიახლეები

შადრევანი კაფე „ტყუპების“ ნაცვლად – ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმა ისევ შეცვალა

22.04.2026
შადრევანი კაფე „ტყუპების“ ნაცვლად – ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმა ისევ შეცვალა

ბათუმის მერიამ ბულვარში კაფე „ტყუპები“ ჯერ დაანგრია, შემდეგ კი საკრებულოს მიმართა ბულვარში განაშენიანების გეგმაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. ცვლილებების პროექტი, რომლითაც მერიამ საკრებულოს მიმართა, კაფე „ტყუპები“ გენგეგმაში დემონტაჟს დაქვემდებარებულ ობიექტად ჩაწერეს, ნაცვლად რეკონსტრუქციას დაქვემდებარებული არსებული ობიექტისა.

დღეს, 22 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ „ლელოდან“ გადაწყვეტილება გააპროტესტა და განაცხადა, რომ არასწორია, როცა სპეციალისტების მომზადებულ დოკუმენტს ცვლიან. მისთვის მიუღებელია ისიც, როცა მერიამ ჯერ კაფე დაანგრია და საკრებულოს პოსტფაქტუმ გადაუგზავნა დოკუმენტი ცვლილების შესახებ: „ნოტარიუსები ვართ?“.

მერიის ინფორმაციით, გამოთავისუფლებულ ადგილებზე სარეკრეაციო სივრცის და შადრევნის მოწყობას გეგმავენ.

„ცვლილებიდან გამომდინარე არსებული და საპროექტო ობიექტების ადგილმდებარეობის გეგმიდან ხორციელდება კაფე „ტყუპების“ შენობების ამოღება და სანაცვლოდ დაიტანება წყლის სარკე (ზედაპირი)“.

ბულვარის გენგეგმის ცვლილებაზე საუბარი ისე დასრულდა, არც საკრებულოს თავმჯდომარეს, არც „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს და არც სხვებს, არ გამოუყენებიათ საკრებულოს ტრიბუნა, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ ბათუმის ბულვარში 20 ავტომანქანის უნებართვო გადაადგილებაზე.

როგორც ჩანს, ეს საკითხი მათ ისე არ აღელვებთ, რომ ამომრჩეველს აუხსნან რა რეაგირება მოახდინეს, ვინმეს პასუხი მოსთხოვეს თუ არა.

არც ის უკითხავთ მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსისთვის, როგორ ხდება, რომ მერია ბულვარის გენგეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის მოტივით ანგრევს კომერციული ობიექტების ერთ ნაწილს, რომლებსაც საიჯარო ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ, მეორეს კი არ ეხება და მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

საკრებულოს უმრავლესობის წევრებს არ აქვთ კითხვები არც შერჩევით მიდგომაზე და არც კორუფციაზე.

სხდომაზე კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ზედმიწევნით ცდილობს დაიცვას რეგლამენტი. როგორ ცდილობს დაიცვას ბულვარი, ამაზე არაფერი გაგვიგია.

რით აისხნება შერჩევითი მიდგომა, ამაზე საკრებულოს წევრებს კითხვები არ აქვთ.

22 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე, დიდი დრო დაუთმეს აჭარის მთავრობის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის დამშვიდობებას – მადლობა უთხრეს მას ბულვარში უსახური შენობების დანგრევისთვის – „რომ არა მისი ჩართულობა, კონკრეტული ხედვა და მკაფიო გადაწყვეტილებები, იმ შედეგს ვერ დავდებდით, რაც დღეს ქალაქში ხდება და კარგია.“  ასევე, მადლობა უთხრეს კარგი მუშაობისთვის და მათ მიმართ ნდობის გამოცხადებისთვის – „ჩვენი გუნდის ფორმირებისთვის.“

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა ამ ეტაპზე ასევე აქებს მერს – გიორგი ცინცაძეს და მადლობას უხდის, ისევე როგორც აქებდნენ ყოფილ მერს არჩილ ჩიქოვანს, მანამდე კი ლაშა კომახიძეს… კითხვები კი არჩეული მერის წასვლასთან დაკავშირებით არც მაშინ გასჩენიათ და არც ახლა გამოიჩენენ ალბათ თავს, თუ სულხან თამაზაშვილის წასვლის შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. უმრავლესობა იმასაც კი ვერ ბედავს მერს შეახსენოს, რომ მათი არჩეულია და სხდომაზე მისვლის ვალდებულება აქვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: