ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში 46 631 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას კერძო კომპანია „ისთ თაუნ რეზიდენშელი“ ღობავს.
კომპანიის ინფორმაციით, აქ სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება.

ბათუმი, ლერმონტოვის ჩიხი N5. ტერიტორიაზე, რომელსაც კერძო კომპანია ღობავს, სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება / 3.04.2026
„ჩვენ დეველოპერები ვართ, სპეციალიზებულები სავაჭრო ცენტრზე… Domino ჩვენია, ჩვენს პორტფელშია სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“. მე მგონი ცუდს არაფერს არ გავაკეთებთ, პირიქით, 500-600 ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით. გვინდა, რომ ერთი ლამაზი ობიექტი ვაჩუქოთ კიდევ ბათუმს. იქნება სავაჭრო ცენტრი Domino-სთან ერთად, რომელიც სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტია. თბილისში გვაქვს ორი მაღაზია, ახლა ქუთაისში ვაკეთებთ და Domino იქნება ბათუმშიც“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ისთ თაუნ რეზიდენშელის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად თავართქილაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროექტი მუშავდება, მშენებლობის დაწყებას კი 2027 წლისთვის ვარაუდობენ.
„„სხვისი სამშენებლო ნაგავი იყო მანდ. გავწმინდეთ ეგ ყველაფერი და ახლა ვღობავთ… ვმუშაობთ პროექტზე და როგორც კი მზად გვექნება და მერია შეითანხმებს, დავიწყებთ მშენებლობას. დიდი ალბათობით მომავალ წელს“, – ამბობს ზვიად თავართქილაძე.
შპს „ისთ თაუნ რეზიდენშელი“ 2022 წელს თბილისშია რეგისტრირებული.
კომპანიის 100 პროცენტი წილის მესაკუთრეა კვიპროსში რეგისტრირებული შპს Asatiani Holdings (Cyprus) Limited.
საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, „ისთ თაუნ რეზიდენშელის“ გენერალური დირექტორია ზვიად თავართქილაძე, ხოლო ოპერაციების დირექტორი – უკრაინის მოქალაქე სერგი ტრიფონოვი. სამეთვალყურეო საბჭოში კი სამი წევრია [სამივე კვიპროსის მოქალაქეა].

ბათუმი, ლერმონტოვის ჩიხი N5. ტერიტორიაზე, რომელსაც კერძო კომპანია ღობავს, სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება / 2.04.2026
ღობის პროექტში, რომელიც კომპანიამ ბათუმის მერიაში გადააგზავნა, წერია, რომ „მიწის ფართობი ისეა რეგისტრირებული, რომ ახალმოწყობილი ასფალტი და ტროტუარი საზღვრებს შიგნით მდებარეობს, ამიტომაც ღობე მოეწყობა ტროტუარის შიგნით და არ შევეხებით ქალაქის ინფრასტრუქტურას, ამ შემთხვევაში მოვერგებით ქუჩას და არა რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს…
მიწის ნაკვეთის სრული ფართობი არის 46 631 კვადრატული მეტრი. პროექტის ფარგლებში, გამომდინარე ნაკვეთის მდებარეობიდან, გვიწევს ღობე საკადასტრო ხაზების შიგნით მოვაქციოთ გარკვეულ ადგილებში. აქედან გამომდინარე სრულად შემოიღობება 43 216 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. ტერიტორია ამჟამად განაშენიანებული არ არის, არ გვხვდება არანაირი შენობა-ნაგებობა ან მრავალწლიანი ნარგავი.“
მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების ცვლილების ისტორია
აღნიშნული ნაკვეთი [46 631 კვადრატული მეტრი, ლერმონტოვის ჩიხი N5-ში] ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაში იყო 2008 წელს.
2009 წელს ბათუმის მერიამ მიწის ნაკვეთი გადასცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
იმავე, 2009 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ეს ტერიტორია საკუთრებაში გადასცა შპს „ჰესტოკ ბათუმს“ [HESTOK BATUMI, შემდგომში შპს „არგო ანურია“].
„არგო ანურიაში“ დღეს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი თავის დროზე მათ ვალდებულებით გადაეცათ საკუთრებაში. ვალდებულება კი, ბათუმში საბაგირო გზის აშენება და ექსპლუატაციაში გაშვება იყო.
„არგო ანურიამ“ 2021 წელს აღნიშნული ტერიტორია გაასხვისა. მყიდველი იყო შპს „უძრავი ქონების მართვის კომპანია“.
ამჟამინდელმა მესაკუთრემ, შპს „ისთ თაუნ რეზიდენშელმა“ კი ეს ნაკვეთი სწორედ „უძრავი ქონების მართვის კომპანიისგან“ შეიძინა 2024 წლის ბოლოს.

ტერიტორია ბათუმში [მონიშნულია წითელი ფერით], სადაც სავაჭრო ცენტრი უნდა განთავსდეს Domino-სთან ერთად. მშენებლობა 2027 წლისთვის იგეგმება.






