ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ ჟურნალისტების მიმართ გაჟღერებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისა გამო.
გამომდინარე იქიდან, რომ თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს ქარტია პროკურატურას შემთხვევის სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს, ხოლო შსს-ს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას სთხოვს.
„ჟურნალისტების თანმიმდევრულმა და მიზანმიმართულმა სტიგმატიზაციამ, სიძულვილის ენის ხშირმა გამოყენებამ და დაუსჯელობის სინდრომმა საქართველოში შექმნა კლიმატი, სადაც აგრესია მედიის მიმართ წახალისებულია. ამგვარი დამაზიანებელი მიდგომის შედეგებს ჟურნალისტები ყოველდღიურად გრძნობენ,“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
რა მოხდა
„მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ გადამღები ჯგუფი ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის გამო შექმნილი პრობლემების გასაშუქებლად იმყოფებოდა.
ხადის ხეობაში ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროცესში სასაფლაო ჩამოიშალა. 21 წლის გიორგი ნარაიძის ნეშტი მეზობელი სოფლის სასაფლაოზე გადაასვენეს. ოთხი ადამიანის ნეშტს კი ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. „მთის ამბების“ ჟურნალისტები სწორედ ამ თემაზე მუშაობდნენ, როდესაც უცნობი პირები მათ თავს დაესხნენ.
„მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მყოფი პირები, სავარაუდოდ მშენებლობაზე მომუშავე ჩინური სახელმწიფო კომპანიის და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან.
კადრებში ისმის გინების ხმა, ოპერატორისკენ ფიზიკურად გაწევის მცდელობა. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ვიდეოში, რომელიც „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი, მამუკა როსტიაშვილი, ჟურნალისტებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
საბოლოოდ ჟურნალისტებს გადაღების შეწყვეტა და სოფლის დატოვება აიძულეს.
„მთის ამბების“ ინფორმაციით, შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ „მთის ამბების“ ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, რაც ჩადენილია ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.






