მთავარი,სიახლეები

„პატრიარქის სურვილი იქნებოდა ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ“ – ზურაბიშვილი სააკაშვილზე

21.03.2026
„პატრიარქის სურვილი იქნებოდა ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ“ – ზურაბიშვილი სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას ვერ დაესწრება.

სააკაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოთხოვნა 18 მარტს გაუგზავნა და ითხოვა მისი შვილის ნათლიის და მისი მეგობრის გასვენებაში მისვლის ნება მიეცათ.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს თხოვნაზე უარი უთხრა და განმარტა, რომ მესამე პრეზიდენტის მოთხოვნა „პენიტენციური დაწესებულების კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს არ შეესაბამება“.

„პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ შეეშალა ხელი ჩემთვის პატრიარქთან გამომშვიდობებაში რაც მოვითხოვე, როგორც პატრიარქის სულიერმა შვილმა და ასევე პატრიარქის მონათლული ნიკუშას მამამ.

ჩემი მიყვანა მათი მხრიდან იქნებოდა ერთიანობისკენ მიმართული სწორი საქციელი, მაგრამ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ სახელმწიფო მოღვაწეები, ხოლო ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი, ე.ი. როგორც სახელმწიფოებრიობის მტერი.

საერთოდ, სიმართლე ითქვას, ვისაც როგორც უნდა ეწყინოს, ორი ადამიანი აღიზიანებდა ყოველთვის ივანიშვილს ყველაზე მეტად, პატრიარქი, (რომელსაც შენობით მიმართავდა, ხელზე არასდროს მთხვევია და ყველანაირად უთხრიდა ძირს) და მე.

პატრიარქი ჯერ გაანეიტრალა და ახლა საბოლოოდ გათავისუფლდა მისგან და ახლა ჩემი მოშორებაღა დარჩა სრული ბედნიერებისთვის.

ვერ ეღირსება!“ – დაწერა დღეს, 21 მარტს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

მესამე პრეზიდენტი ინფორმაციის გასავრცელებლად პირად სოციალურ გვერდს აქტიურად იყენებს.

“ყველანი ვალდებულები ვართ, კვირას ვიყოთ ერთად – პატრიარქის სურვილი იქნებოდა, საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა ერთობის ნიშანი, ამ პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა” – ასე ფიქრობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა  20 მარტს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ვრცლად ისაუბრა, თუ რატომ იქნებოდა სასურველი ყველა პრეზიდენტის ერთად დგომა კათოლიკოს-პატრიარქის გასვენებაში.

„თვით პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა რაღაცა ერთობის ნიშანი მის ირგვლივ, ამ ყველა პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა და ეს იყო მისი მთავარი დამახასიათებელი, რასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში.

სადაც არ უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს ვის ექნება საშვი და ვის არა, კვირას ჩვენ ყველანი ერთნი უნდა ვიყოთ, რადგან ეს იქნება ყველაზე დიდი ნიშანი იმის, რომ ჩვენ მას პატივს ვცემდით და გავიგეთ, რისთვის იყო მოსული ჩვენ შორის და რა იყო მისი მთავარი მიზანი.

ასევე ყველა ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, უნდა იყოს მიძღვნილი ერთობის, მშვიდობის და ერთმანეთის სიყვარულისკენ.

ეს იქნება შეწყალება იმ ადამიანების, რომლებიც სრულიად უსამართლოდ სხედან ციხეში, ეს პატრიარქმა ძალიან კარგად იცოდა, შეიძლება ვეღარ ამბობდა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა. ამ დღისთვის მისი სურვილი ალბათ ასეთი იქნებოდა, რომ არავინ დარჩენილიყო, ვისაც არ ექნებოდა საშუალება, მისთვის პატივი მიეგო, მოსულიყო სამებაში.

ყველანი ვართ მისი შვილები და ამისთვის ვართ მადლიერები“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ჩუბინიძის თქმით, თუ სააკაშვილს პატრიარქის გასვენებაში მიიყვანენ “უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია”

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: