სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში მეოთხე დღეა სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
სამების საკათედრო ტაძარი დღეს, 21 მარტს, მთელი დღე ღია იქნება, ხოლო ხვალ, 22 მარტის 02:00 საათიდან დილის 9:00 საათამდე დაიკეტება.
ამის მიზეზი ტაძრის მსახურებისთვის მომზადებაა.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 02:00 დან 09:00-მდე მონაკვეთში მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაჩერდნენ, თუმცა ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II 17 მარტს გარდაიცვალა.
კათოლიკოს-პატრიარქი 18 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
4 დღეა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათი ღიაა და კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ათასობით ადამიანი უწყვეტად მიდის.
როგორც ცნობილია, სამების საკათედრო ტაძარში მსახურება 22 მარტს დილის 9:00 საათზე დაიწყება და მას მოსაყდრე შიო გაუძღვება სხვა მიტროპოლიტებთან ერთად.
11:00 საათზე ჩამოვა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ეს კვირას, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.






