ერაყში, ქალაქ ბასრასთან, ნავთობტანკერზე მყოფი ქართველი მეზღვაურების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ მუშაობენ მეზღვაურების საქართველოში დაბრუნებაზე.
დღეს, 12 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ირანული წყალქვეშა დრონების თავდასხმის შედეგად ერაყში, ქალაქ ბასრას პორტთან ცეცხლი გაუჩნდა ორ ნავთობტანკერს – მარშალის დროშის ქვეშ მცურავ Safesea Vishnu-ს და მალტის დროშის ქვეშ მცურავ Zefyros-ს.
ბერძნული კომპანიის კუთვნილ ტანკერ Zefyros-ზე 23 ქართველი მეზღვაური იყო. ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახის წევრის ცნობით, რომელსაც “ბათუმელები” ესაუბრა, ამ ეტაპზე 23-ივე მეზღვაური უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
„გემთმფლობელი და სადაზღვევო კომპანია ჩართული არიან პროცესში და მიმდინარეობს მეზღვაურთა რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემთმფლობელ კომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნება ყველა ზომა, საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების ინტერესების დასაცავად.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) და სხვა საერთაშორისო სტრუქტურები მუდმივად აკვირდებიან ახლო აღმოსავლეთის საზღვაო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
აღნიშნული რეგიონი გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტია, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდება მრავალი სავაჭრო გემი, მათ შორის ენერგეტიკული ტვირთის გადამზიდავი ტანკერები. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გემები ოპერირებენ მოქმედი საერთაშორისო უშიშროების რეკომენდაციების გათვალისწინებით,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში, რომელიც მათ „ბათუმელებს“ მოაწოდეს.
ამავე თემაზე:
გემს, რომელზეც 23 ქართველი მეზღვაური იყო, ირანული ჭურვები მოხვდა






