განათლება,მთავარი,სიახლეები

„ვაპროტესტებთ ბავშვებთან ერთად“ – მშობლები საჩუქრის გამო მასწავლებლის გათავისუფლებაზე

02.03.2026 •
„ვაპროტესტებთ ბავშვებთან ერთად“ – მშობლები საჩუქრის გამო მასწავლებლის გათავისუფლებაზე

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში თითქმის ერთი კვირაა მოსწავლეები მათი დამრიგებლის, ნატალია თურქაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და გაკვეთილებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან.

ნატალია თურქაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელია, რომელიც 24 თებერვალს, სკოლის დირექტორმა „ეთიკური ნორმების“ დარღვევის მოტივით გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს ამ ნორმების დარღვევა არ დაუდგენია.

„ბათუმელები“ მთელი კვირაა ცდილობს სკოლის დირექტორთან, ეკატერინე დოლიძესთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს.

დაკავშირება ვცადეთ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან მაია ცქიტიშვილთანაც. ზარებს არც მან უპასუხა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვიანი შეტყობინებით შემოიფარგლა – „სამუშაო შეხვედრაზე ვარ, შევხმიანდეთ ოთხშაბათს“- მოგვწერა მაია ცქიტიშვილმა.

„ბათუმელები“ ესაუბრა ერთ-ერთი გაფიცული მოსწავლის მშობელს, ვერიკო რუსიძეს, რომელიც ამბობს, რომ ერთკვირიანი პროტესტის მიუხედავად, სკოლის დირექტორი არც მშობლებს დაკავშირებია და არც რაიმე ზომები მიუღია ბავშვებთან დიალოგისთვის.

„ჩვენ, მშობლებსაც გვაქვს, რა თქმა უნდა, პროტესტი ნატალია თურქაძის გათავისუფლების გამო და დემონსტრაციულად დავტოვეთ სკოლა მშობლებმაც და ჩვენმა შვილებმაც მას შემდეგ, რაც ნატალია თურქაძე გაათავისუფლეს. 25-ივე მშობელი ვართ პროტესტში ბავშვებთან ერთად. თითქმის ერთი კვირაა ბავშვები სკოლაში არ დადიან და არც არავინ შეწუხებულა და შეგვხმიანებია, რატომ არ დადიხართ ან გამოცხადდითო. არც რესურსცენტრი და არც განათლების სამინისტროდან გამოჩენილა ვინმე“- ამბობს ვერიკო რუსიძე.

როგორც მასწავლებელმა ნატალია თურქაძემ გვითხრა, ის სკოლის დირექტორმა სამსახურიდან იმიტომ დაითხოვა, რომ ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრად იტალიის საგზური მიიღო. მისი თქმით, ეს იყო სიურპრიზი და ამის შესახებ, გამოსაშვები კლასის ბანკეტზე გაიგო.

შემთხვევა გასული წლის ივნისში მოხდა, როცა მე-12 კლასელებს სკოლა უკვე დასრულებული ჰქონდათ.

უნდა მიეღო თუ არა მასწავლებელს ასეთი საჩუქარი თუნდაც ყოფილი მოსწავლეებისგან, რას ფიქრობთ ამ თემაზე? – ვკითხეთ ვერიკო რუსიძეს. მისი თქმით, სისტემაში ნამდვილად არის რაღაცები შესაცვლელი, „თუმცა, საჩუქრის გამო მასწავლებლის სკოლიდან ამ ფორმით გაშვება, სწორი არ იყო“- გვითხრა მან.

„მე, როგორც მშობელი, ვიტყვი, რომ არის რაღაცები ნამდვილად შესაცვლელი, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ საჩუქრის აღება მასწავლებელს ჩაუთვალონ დანაშაულად, თან ასე საჯაროდ გამოაცხადონ, რომ სკოლის იმიჯი შელახა, სრულიად მიუღებელია მორალურადაც და სამართლებრივადაც, ჩემი გადმოსახედიდან.

შეიძლება ასეთ დროს გამოიყენო გაფრთხილება, უთხრა მასწავლებელს, რომ არ იყო სწორი ამ საჩუქრის მიღება, შეგეშალა. შვიდი თვე გავიდა და მერე გაახსენდათ, რომ მასწავლებელი არასწორად მოიქცა? მე ვფიქრობ, აქ სხვა ინტერესებია ალბათ“ – ამბობს ვერიკო რუსიძე.

მისი თქმით, დღესასწაულებზე თავად მშობლები წყვეტენ, რომ საჩუქარი გაუკეთონ თავიანთი შვილების მასწავლებლებს და ამით ცდილობენ გამოხატონ ყურადღება:

„თუმცა, თუ უნდათ, რომ ეს ტრადიცია მოისპოს, მაშინ მიდგომა უნდა იყოს ერთიანი. ხუთი შვილის დედა ვარ და ვფიქრობ, ყველას სიამოვნებს ყურადღების გამოხატვა მის მიმართ. ზოგადად, ნატალია თურქაძე, როგორც მე ვიცი, არასდროს იღებდა საჩუქრებს და ამიტომ გაუკეთეს სიურპრიზად ბანკეტზე. ზუსტად ამან გამოიწვია აჟიოტაჟი, რომ ჩუმად მოიფიქრეს კურსდამთავრებულებმა.

ძალიან თბილი, ყურადღებიანი მასწავლებელია და ამიტომ უყვართ მოსწავლეებს. ამ წლების მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა რომელიმე მშობელს ან მოსწავლეს პრეტენზია ჰქონოდა მის მიმართ.

ამიტომ, თუ საჩუქრის მიღებაზე შეზღუდვა ან აკრძალვა იქნება, ეს უნდა იყოს საყოველთაო და არა ისე, რომ ის დაისაჯოს მხოლოდ, ვინც საჯაროდ გამოხატა მადლიერება საჩუქრის გამო“- ამბობს ვერიკო რუსიძე.

მისი თქმით, ახლა 36-ე სკოლაში გაფიცულია ნატალია თურქაძის სადამრიგებლო მეხუთე „ა“ კლასი, თუმცა, პროტესტს სხვა კლასელებიც გამოხატავენ.

„ჩაივლის დასვენების დღეები და იმედი მაქვს, მოსწავლეების და მშობლების პროტესტი შედეგს გამოიღებს. თუ არ გამოიღო, როგორც ვიცი, ნატალია თურქაძე აპირებს სამართლებრივად იბრძოლოს და ამ ბრძოლაში ჩვენც გვერდით დავუდგებით. ხელმოწერებსაც ვაგროვებთ და ვაპირებთ გავაგზავნოთ განათლების სამინისტროში, რომ ამ ყველაფერზე ჰქონდეთ სამართლიანი რეაგირება“- ამბობს ვერიკო რუსიძე.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ მშობელს, ნონა გოგიბერიძეს ესაუბრა. ისიც მიიჩნევს, რომ ნატალია თურქაძის მიმართ გამოტანილი სასჯელი, არაპროპორციულია.

„არ არის სამართლიანი ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, როცა ეს ამბავი გავიგეთ, ყველა მშობელი გამოვცხადდით სკოლაში.

ბავშვები ძალიან აღელვებულები იყვნენ, ტიროდნენ, ცრემლიანები დაგვხვდნენ და პროტესტის ნიშნად ყველამ დავტოვეთ სკოლა.

ზოგადად, არ ვთვლი ლამაზ საქციელად, როცა რაღაცის სანაცვლოდ ჩუქნი ადამიანს რაღაცას, მაგრამ ნატალიას შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა, რადგან ეს ყველაფერი მოხდა სკოლის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ.

ეს იყო ნებაყოფლობითი საჩუქარი, რომელიც სიყვარულით გააკეთეს ყოფილმა მოსწავლეებმა და არ ყოფილა ქრთამი, როგორც ზოგიერთმა გააჟღერა“ – ამბობს ნონა გოგიბერიძე.

მასწავლებლების საჩუქრებისთვის ფულის აგროვების შესახებ არაერთი მშობლისგან და მოსწავლისგან გვსმენია. რამდენად გამართლებულია ეს, თქვენი აზრით? – ვკითხეთ მას. მშობლის თქმით, საჩუქარი მაშინაა პრობლემა, თუ ამას ვალდებულების სახე აქვს.

„საჩუქარი არ უნდა იყოს ვალდებულებითი, ვიღაცას არ უნდა ავალდებულებდეს პირდაპირ თუ ირიბად. სკოლის გარეთ კი, როცა ადამიანები ერთმანეთს რაღაცას აჩუქებენ, ამის განსაზღვრა რთულია“-ამბობს ნონა გოგიბერიძე.

ის იმედს იტოვებს, რომ მოსწავლეების და მშობლების პროტესტს ექნება შედეგი და „ზემდგომი პირები მაინც მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას“.

„იქნებ გაფრთხილებით შემოიფარგლონ და დააბრუნონ მასწავლებელი. არ იმსახურებს ერთი ხელის მოსმით სკოლიდან გაგდებას, რადგან ძალიან დიდი ამაგი აქვს ამ სკოლაში და მის მიმართ თანადგომაც ამაზე მეტყველებს“ – ამბობს ნონა გოგიბერიძე.

ამავე თემაზე: 

„საბჭომ დარღვევა არ დაადგინა, დირექტორმა კი მაინც გამათავისუფლა სკოლიდან“ – მასწავლებელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: