მთავარი,სიახლეები

„რეჟიმს ჩვენი პროფესიის მკვლელობა აქვს დაგეგმილი“ – მზია ამაღლობელის წერილი

06.02.2026 •
„რეჟიმს ჩვენი პროფესიის მკვლელობა აქვს დაგეგმილი“ – მზია ამაღლობელის წერილი

დღეს, 6 თებერვალს, თბილისში გაიმართა კონკურსის – ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დაჯილდოების ცერემონია, სადაც წაიკითხეს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის წერილი. 

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილს:

„მოგესალმებით,

ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმ სივრცეში ყოფნა, თუნდაც ვირტუალურად, სადაც მეტ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, მის მნიშვნელობასა და როლზეა საუბარი. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ეს შეხვედრა განსაკუთრებით ღირებული და წონადი მგონია იმის გამოც, რომ ის ევროკავშირის ორგანიზებულია – გაერთიანების, რომელიც იყო და მჯერა, მომავალშიც იქნება მსოფლიოს უსაფრთხოების, სამართლიანობის, თანასწორობისა და კეთილდღეობის კომპასი.

აუდიტორიას გახსოვთ ალბათ 20 წლის მუსიკოსი ბიჭი, ერთ-ერთი იმ პოლიტპატიმრებს შორის, ვინც ქუჩაში ევროპული მომავლის მოთხოვნით გამოვიდა და დააკავეს. გახსოვთ, რა სიტყვებით დატოვა მათე დევიძემ სასამართლო დარბაზი განაჩენის გამოტანის შემდეგ: „მივდივარ სინათლის საძიებლად წყვდიადში“.

ციხე – ადგილი, სადაც გამოკეტილი ვართ, მართლაც წყვდიადს ჰგავს. აი, სინათლე კი ამ ბნელ უსასრულობაში ჩემთვის ინფორმაციაა, ის ამბები, რომლებსაც თქვენ – კრიტიკული მედია ქმნით და როგორც სინათლე და მზის სხივი, ისე შემოდის ჩემამდე.

მადლობა ამისთვის.

ვფიქრობ, ამ დარბაზში ბევრი იდეალისტი უნდა იყოს – ჩემი ნაცნობ-მეგობარი ჟურნალისტების მსგავსად. მათ რიგებში ვხედავდი საკუთარ თავს, ოღონდ მანამდე, სანამ დამაპატიმრებდნენ.

დაპატიმრებამდე ვიყავი მიუკერძოებელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წარმომადგენელი. მას შემდეგ კი, რაც ხელბორკილები დამადეს და საზოგადოებისთვის საშიშ პირად, სისხლის სამართლის დამნაშავედ გამომაცხადეს, ასე მგონია, პროფესიაც წამართვეს. იძულებული გავხდი, სხვის ისტორიებსა და ფაქტებზე კი არა, საკუთარ თავზე მელაპარაკა. მხარედ მაქციეს.

დიახ, როცა შენს უფლებებსა და თავისუფლებაზე გიწევს საუბარი, როცა უსამართლობასთან, უკანონობასა და უთანასწორობასთან გიწევს ბრძოლა, როგორც მოქალაქეს და არა როგორც ჟურნალისტს, იქ მხარე ხარ.

დღეს ჩემი კოლეგების – ჟურნალისტების ყოველდღიურობა კი დანაღმულ ველზე სიარულს დაემსგავსა. კრიმინალიზებულია ყველა ის ჯგუფი, რომელიც იბრძვის თავისუფალი და ეთიკური ჟურნალისტიკის გადასარჩენად.

არ იქნება გადაჭარბებული, ალბათ, თუ ვიტყვი, რომ რეჟიმს თავისი რეპრესიული და მტრული დამოკიდებულებებით ჩვენი პროფესიის – ჟურნალისტიკის მკვლელობა აქვს დაგეგმილი.

დაუშვებს კი ამას ქართული საზოგადოება? მაგრამ მათაც ხომ ოლიგარქიის რეჟიმი პოლიტიკურად ავიწროებს, განათლების შესაძლებლობას უზღუდავს, სულიერი სამყაროსგან იზოლირებულ ცხოვრებას უგეგმავს, საქართველოს მოქალაქეების ვალდებულებად საყოფაცხოვრებო, სამომხმარებლო ინტერესებს გვიტოვებს.

რა იქნება ხვალ? – არ ვიცი. წესით, უნდა იყოს ის, რაც ქართველ ხალხს გვინდა და არა ოლიგარქიის რეჟიმს და პუტინის რუსეთს. ქართველ ხალხს თავისუფლება და ევროპული მომავალი უნდა. მომავალი, რომელსაც არავინ გვაჩუქებს – ის ჩვენ უნდა შევქმნათ და მოვიპოვოთ. 

ღირს ამისთვის ბრძოლა.

მადლობა.

მზია ამაღლობელი“.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი წელიწადზე მეტია უკანონო პატიმარია.

2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: