ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სანამდე გაგრძელდება ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაცია და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ

30.01.2026
სანამდე გაგრძელდება ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაცია და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ

ბათუმის მერიის განცხადებით, ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის უსახლკარო სტატუსის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია მიმდინარე წლის, 2026 წლის 1-ელ მაისამდე გრძელდება.

განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისთვის განსაზღვრული განაცხადის სპეციალური ფორმები.

უსახლკაროს სტატუსის საკითხი ბათუმში, აჭარაში და ზოგადად, საქართველოში ასობით ადამიანისთვის განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ „ოცნება“ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს ბათუმში, შესაძლოა, სოციალური მიზნით გამოიყენებს, თუმცა მანამდე სპეციალურმა კომისიამ უსახლკარო პირთა განაცხადები უნდა შეისწავლოს, იმისათვის კი მოქალაქეებმა განცხადებით მერიას უნდა მიმართონ.

ეს დაპირება ოზთურქის კორპუსებთან შეკრებილ მოქალაქეებს აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მისცა.

ბათუმში უსახლკაროს სტატუსის მიღება ასობით მოქალაქეს სურს, მათ შორის არიან ისინიც, ვინც ბათუმში არ არის რეგისტრირებული. გუშინ, 29 იანვარს მერიასთან აქციაც კი გაიმართა, სადაც მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მერია არ იღებს მათ განცხადებებს. ამის საპასუხოდ გუშინ, გვიან საღამოს მერიამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერს, რომ განცხადების მიღებაზე უარი ეთქვათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არიან რეგისტრირებულნი.

მერიის ცნობით, განაცხადების მიღება შესაძლებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

  • გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული – აფსაროსის მე-3 შეს. №22
  • აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული – აეროპორტის გზატკეცილის №55
  • სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული – დიდაჭარის ქ. №21
  • კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული – კახაბრის ქ. №28გ
  • აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული – დავით აღმაშენებლის ქ. №19ა
  • ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული – ტბელ აბუსერიძის ქ. №7
  • ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული – ი. ჯავახიშვილის ქ. №70
  • თამარის ადმინისტრაციული ერთეული – კონსტიტუციის ქ. №1
  • ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული – გოგოლის ქ. №14
  • ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეული – ვაჟა-ფშაველას ქ. №91ა
  • ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეული – ლერმონტოვის №46
  • რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული – ლერმონტოვის ქ. №8
  • ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული – ლუკა ასათიანის ქ. №37ა
  • მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული – თამარ მეფის გამზირი №1

უსახლკაროთა განაცხადები მერიის კომისიამ უნდა განიხილოს, კომისიას ბათუმის მერის მოადგილე, ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს.

სოციალურად დაუცველი უსახლკაროები წლებია ბათუმში მთავრობის ყურადღებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არანაირი პროგრამა არ შეუქმნიათ. მათი საცხოვრებელი პირობები და რეალური ქონება სახელმწიფო უწყებებს არ შეუსწავლიათ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: