მთავარი,სიახლეები

ევროსასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე მალე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად – ინტერვიუ საიას ხელმძღვანელთან

26.01.2026
ევროსასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე მალე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად – ინტერვიუ საიას ხელმძღვანელთან

„მალე დასრულდება ამ საქმის წარმოების ეტაპი და სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად,“ – ამბობს საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი „ბათუმელებთან“ მზია ამაღლობელის ერთ-ერთ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშია.

ვიდრე ევროსასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, „კლუნების ფონდმა“ თავისი ანგარიში გამოაქვეყნა და ქართული სასამართლო სისტემა საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დარღვევაში ამხილა.

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ფონდის ექსპერტი ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტია. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელმაც შეისწავლა „მზია ამაღლობელის საქმე“, ანგარიშში წერს: „მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოებაში გამოვლინდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მრავალი დარღვევა, რომლებმაც სერიოზულად შეარყია, როგორც მისი დაკავებისა და სასამართლო პროცესის სამართლიანობა, ისე მის მიმართ გამოყენებული მსჯავრის სამართლიანობა“.

„ეს არის ფაქტობრივად გამოაშკარავება საქმეში არსებული მთელი იმ დარღვევებისა, რასაც დაცვის მხარე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობს… თავიდან ბოლომდე ამ საქმეს რაც გასდევს, არის ის, რომ მართლმსაჯულების ნაცვლად, მთელი სამართალწარმოება ემსახურება ადამიანის – მზია ამაღლობელის დასჯას,“ – ამბობს თამარ ონიანი, საიას ხელმძღვანელი. საია  ევროსასამართლოში მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს.

რამდენად დიდია მზია ამაღლობელის საქმის მოგების შანსი სტრასბურგის სასამართლოში? – „ბათუმელებმა“ საიას თავმჯდომარესთან, თამარ ონიანთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო თამარ, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?

მზია ამაღლობელის ორი საჩივარი გვაქვს სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი. პირველი ეხება მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას და აქედან გამომდინარე სხვა დარღვევებს.

მეორე საქმე, რომელიც 2025 წლის ნოემბერში გაიგზავნა, ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის პარალელურად მიმდინარეობდა. პირველი საქმე უკვე კომუნიცირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე არის გადასული და სასამართლოსგან შეკითხვები უკვე გამოეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელზეც მან გასცა პასუხები და შემდეგ უკვე ჩვენ ვუპასუხეთ, ხუთ იანვარს გავაგზავნეთ შეპასუხება.

როცა სტრასბურგი იღებს საქმეს არსებითად განსახილველად, მიმართავს მეორე მხარეს, ანუ სახელმწიფოს შეკითხვებით. როდესაც სახელმწიფო ამ შეკითხვებს პასუხს გასცემს, მომჩივანს აქვს უფლება, უპასუხოს იუსტიციის სამინისტროს, ანუ, ასე ვთქვათ, შეპასუხების შეპასუხება გააკეთოს. საერთო ჯამში არის ორი რაუნდი: საჩივარი – იუსტიციის სამინისტროს პასუხი, შემდეგ ჩვენი პასუხი იუსტიციის სამინისტროს შეპასუხებაზე და საბოლოოდ, იუსტიციის სამინისტროს პასუხი.

თამარ ონიანი

  • იუსტიციას ჯერ არ გაუგზავნია თქვენს შეპასუხებაზე პოზიცია?

არა, 5 იანვარს გავგზავნეთ ჩვენი შეპასუხება. იუსტიციას კვლავ ექნება უფლება, გვიპასუხოს. სასამართლოს მხრიდან გარკვეული კვირების განსაზღვრა ხდება, თუ სახელმწიფო არ მოითხოვს ასევე ვადის გახანგრძლივებას, რასაც ითხოვს ხოლმე და სასამართლო გარკვეულ შემთხვევებში ამას კმაყოფილებს, თუმცა კოლოსალურად არ წელავს ამ პროცესს.

სავარაუდოდ უკვე მალე დასრულდება ამ საქმის წარმოების ეტაპი და სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად.

მეორე საქმეს [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე] საკმაოდ სწრაფად მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი, იმიტომ, რომ ეს საქმე 2025 წლის 14 ნოემბერს გავაგზავნეთ და 12 იანვარს მივიღეთ ფოსტით გზავნილი, რომ რეგისტრაციის ნომერი მიენიჭა. რეგისტრაციის ნომრის მინიჭების უკვე შემდეგი ეტაპი არის საქმის კომუნიცირება, ანუ საქმის არსებითი განხილვის დაწყება და შეკითხვების გამოგზავნა იუსტიციის სამინისტროსთვის.

  • დაახლოებით რა დროს დასჭირდება სტრასბურგის სასამართლოს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ გადაწყვეტილების მისაღებად? 

სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი ვადები არ აქვს და გამიჭირდება, რაიმე წინასწარი ვადა განვსაზღვრო, თუმცა ის, რომ ეს პროცედურები საკმაოდ მჭიდრო დროში მიდის, ეს უკვე კარგია და ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მალე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად.

  • თქვენი აზრით, როგორია ამ საქმის წარმატებით დასრულების შანსი, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, როცა ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, სერ ნიკოლა ბრატცა „კლუნების ფონდის“ დასკვნაში წერს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დარღვევებმა „სერიოზულად შეარყია, როგორც მზია ამაღლობელის დაკავების და სასამართლო პროცესის სამართლიანობა, ისე მის მიმართ გამოყენებული მსჯავრის სამართლიანობა“. 

თავიდან ბოლომდე ამ საქმეს რაც გასდევს, არის ის, რომ მართლმსაჯულების ნაცვლად, მთელი სამართალწარმოება ემსახურება ადამიანის – მზია ამაღლობელის დასჯას. ამ სამართალწარმოების მიღმა არსებობს ფარული განზრახვა, რომელზეც ჩვენ, სხვათა შორის, სტრასბურგშიც ვდაობთ და ეს ფარული განზრახვა, საბოლოო ჯამში, შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

ეს საქმე არ არის ჩვეულებრივი საქმე, სადაც, მაგალითად, მართლმსაჯულებას სხვადასხვა გამოწვევა შეიძლება ჰქონდეს. ინდივიდუალურ საქმეებშიც შეიძლება დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, მაგრამ ამ საქმეში გარდა იმისა, რომ ირღვევა ინდივიდუალური ელემენტები სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვეშ, ამავდროულად, ამ დარღვევების პარალელურად მთელი სამართალწარმოება არის პოლიტიკურად მოტივირებული.

ეს არის ჩვენი საჩივრების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტაციის ხაზი სტრასბურგის სასამართლოში.

„კლუნების ფონდის“ შეფასებაც ქალბატონი მზიას საქმესთან დაკავშირებით ამას მოწმობს და, მათ შორის, ექსპერტი, რომელიც ამ შეფასებაში იყო ჩართული – სერ ნიკოლას ბრატცა, რომელიც არის ძალიან გამოცდილი ექსპერტი, ამავდროულად ის იყო სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე და არის ძალიან ავტორიტეტული ადამიანი, რომელმაც ეს საქმე ასე შეაფასა.

  • პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებს იგივე „ოცნების“ მაღალჩინოსნების, ირაკლი კობახიძის, თუ შალვა პაპუაშვილის განცხადებები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ? „კლუნების ფონდის“ ანგარიშში ხაზგასმულია ის, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზეც კი.

ეს იყო ის დამაზიანებელი განცხადებები, რომელიც „კლუნების ფონდის“ ანგარიშშიც არის ასახული და არა მხოლოდ ამ ანგარიშში, პირველ საჩივარშიც ვდაობთ. „კლუნებს ფონდის“ ანგარიში ხაზს უსვამს იმას, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვეშ შეიძლება დაირღვეს არა მარტო მოსამართლის, სასამართლოს მიერ, არამედ, მათ შორის, მაღალი რანგის სახელისუფლებო პირების მიერ, როდესაც ისინი აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ბრალდებული პირის რეალურ დამნაშავედ წარმოჩენას საზოგადოების წინაშე.

ქალბატონი მზიას საქმეში ასეთი არაერთი განცხადება ვნახეთ ჩვენ მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან, რასთან დაკავშირებითაც იურისტების მხრიდან დაყენებული იყო სხვადასხვა არგუმენტაცია, როგორც სისხლის სამართლის სამართალწარმოების ფარგლებში, ასევე სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში.

  • სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა ხუთი კატეგორიიდან A B C D E „მზია ამაღლობელის საქმეს“ მიანიჭა D კატეგორია. რას ნიშნავს ეს?

ყველა ორგანიზაციას, რომელსაც აქვს სასამართლო მონიტორინგი [ჩვენც ვაკეთებთ სასამართლო პროცესის მონიტორინგს] მათ აქვთ თავიანთი კატეგორიები და მეთოდოლოგია. „კლუნების ფონდის“ ამ საქმისთვის D კატეგორიის მინიჭების ქვეშ ჩვენ ვკითხულობთ, რომ ეს კატეგორია საქმეს მიენიჭა იმის გამო, რომ საქმეში გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის დარღვევა.

პირველ რიგში, ეს შეეხებოდა, მათ შორის, ეფექტურ მონაწილეობას პროცესზე, როდესაც, მაგალითად, ქალბატონი მზია მოთავსებული იყო შუშის კაბინაში, სადაც რეალურად ნაკლებად ჰქონდა ჯეროვანი შესაძლებლობა, საკუთარ ადვოკატებთან კონფიდენციალურად და ეფექტურად ჰქონოდა კომუნიკაცია. სამართლიანი სასამართლოს უფლებისთვის არის განუყოფლად მნიშვნელოვანი, რომ კლიენტსა და ადვოკატს შორის არსებობდეს ჯეროვანი და ადეკვატური კომუნიკაციის შესაძლებლობა.

ადამიანი სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში მონაწილეობას იღებს, მათ შორის, ადვოკატების დახმარებით. თუ კლიენტს და ადვოკატს შორის არ არის შესაძლებლობა პროცესზე, რომ ჯეროვანი და ადეკვატური კომუნიკაცია ჰქონდეთ – თუნდაც ლოჯისტიკურმა საკითხმა მოახდინოს გავლენა ამაზე – ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ასეთი ლოჯისტიკური საკითხი იყო ზუსტად კაბინა, რომელმაც საბოლოო ჯამში მარტო ლოჯისტიკაზე კი არა, მზია ამაღლობელის ძირითად უფლებაზე მოახდინა გავლენა და ეს ეხებოდა ადეკვატურ კომუნიკაციას მის ადვოკატებთან.

სხვათა შორის, ასეთი ლოჯისტიკური დაბრკოლებები არა მარტო ქალბატონი მზიას საქმეში შეინიშნება, არამედ სხვა პატიმრების საქმეებშიც ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როცა სასამართლოს არ ჰქონდა უზრუნველყოფილი ისეთი დარბაზის შერჩევა, სადაც ყველა ადვოკატს ყველა ბრალდებულთან, ან მინიმუმ ერთ ადვოკატს საკუთარ დასაცავ პირთან ექნებოდა ჯეროვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამაზე ჩვენ, საიას, არაერთი გამოხმაურება გვქონია.

განსაკუთრებით დამახასიათებელია ასეთი ლოჯისტიკური დაბრკოლებები, ან რაღაც სპეციალურად შექმნილი დაბრკოლებები პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებებისთვის.

  • მოსამართლე ნინო სახელაშვილმა თქვა, რომ ასეთი მიდგომა, ანუ მინის კაბინაში გამოკეტვა აქვს სასამართლოს ყველა ბრალდებულის მიმართ. ეს მიდგომა რომ უსამართლოა, დადასტურდა სააპელაციო სასამართლოში? აქ მზია ამაღლობელს მისცეს საშუალება, ადვოკატების გვერდით დაეკავებინა ადგილი. 

ის, რომ რაღაც წესი ყველაზე ვრცელდება, არ ნიშნავს იმას, რომ ეს წესი დასაშვებია, ან თავსებადია ადამიანის უფლებათა სამართალთან. რაღაც არადისკრიმინაციული პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ბრალდებული შეიძლება შუშის კაბინაში იყოს მოთავსებული – არ გამორიცხავს იმას, რომ შუშის კაბინაში ადამიანის მოთავსება შეიძლება იყოს შეუსაბამო სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.

შუშის კაბინის შეუსაბამობის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადვოკატს და დასაცავ პირს შორის კომუნიკაცია რამდენად ადეკვატურია ასეთ დროს? – ეს არის აქ მთავარი შეკითხვა.

  • კლუნების ანგარიშში საუბარია მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის დაუსაბუთებლობის პრობლემაზეც: „განაჩენში არ იყო მოყვანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისა და საპატიმრო სასჯელის სათანადო დასაბუთება, რაც საერთაშორისო სამართლის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს,“ „განაჩენი არ განმარტავს, როგორ გაუწია „წინააღმდეგობა“ მზიას ამაღლობელის სილამ ირაკლი დგებუაძეს“, „გადაწყვეტილება ვერ ხსნის, თუ როგორ წარმოადგენდა დარტყმა „ძალადობას“, – ვკითხულობთ ანგარიშში. ეს ნიშნავს იმას, რომ მზია ამაღლობელმა ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით?

ამ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების აღსრულებაზე ადგილობრივ დონეზე თუ სამართალი ნაპოვნი არ იქნება, ბოლო სიტყვას იტყვის ევროპული სასამართლო.

საბოლოო სიტყვას იტყვის საერთაშორისო მექანიზმები და „კლუნების ფონდის“ ეს შეფასება უკვე წინსწრებით, ფაქტობრივად, საცნობად ხდის, თუ რა შეიძლება დაინახონ ამ საქმეში, როგორც პრობლემა.

  • რას აჩვენებს ასეთი მკაფიო შეფასება ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტისგან და „კლუნების ფონდისგან“? რამდენად დიდია შანსი, მზია ამაღლობელმა მოიგოს საქმე სტრასბურგის სასამართლოში?

„კლუნების ფონდის“ ანგარიში და ეს შეფასება არის ფაქტობრივად დადასტურება იმისა, რასაც ქალბატონი მზიას ადვოკატები, მათ შორის საია, ქალბატონი მაია მწარიაშვილი, ყველა ჩართული პირი ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდა. გარე, ობიექტურმა დამკვირვებელმა – „კლუნების ფონდის“ წარმომადგენლები სასამართლო პროცესებსაც ესწრებოდნენ – დაინახა ეს, როგორც პრობლემა. ეს არის ფაქტობრივად გამოაშკარავება ამ საქმეში არსებული მთელი რიგი იმ დარღვევებისა, რასაც დაცვის მხარე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობს.

„კლუნების ფონდი“ ასევე საუბრობს საქმის გადაკვალიფიცირებაზე, რაც ბოლო ეტაპზე მოხდა. რეალურად სასამართლოს არ მიუცია შესაძლებლობა დაცვის მხარისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები წარედგინა უშუალოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე: მანამდე სხვა მუხლით მიდიოდა სასამართლო წარმოება და მოსამართლემ კვალიფიკაცია მოგვიანებით შეცვალა უკვე გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

მთელი პროცესების განმავლობაში არ ჰქონია დაცვის მხარეს შესაძლებლობა, კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით, ესეც ბუნებრივია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის მნიშვნელოვან გამოწვევას.

ფაქტობრივად, გადაკვალიფიცირება ბოლო ეტაპზე შესაძლებლობას ართმევს დაცვის მხარეს, იყოს სრულყოფილად ჩართული საქმის პროცესში. სისხლის სამართალშიც ჩვენ გვაქვს შეჯიბრებითი პროცესი პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის. მათ აქვთ შესაძლებლობა, შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლოს წარუდგინონ, რა არის სიმართლე, შეაპირისპირონ ეს არგუმენტები. როდესაც ეს შეპირისპირება მიდის სხვა მუხლის საფუძველზე და შემდეგ უკვე პროცესის ბოლოს მოსამართლე ამ საფუძველს ცვლის, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რამდენად მოხდა დაცვის მხარის პოზიციების მოსმენა, იმიტომ, რომ დაცვის მხარეს რეალურად არ ჰქონდა შესაძლებლობა იმ მუხლთან დაკავშირებით წარედგინა საკუთარი არგუმენტები.

  • მზია ამაღლობელის საქმე ახლა უკვე უზენაეს სასამართლოშია. დავუშვათ, რომ უზენაესმა სასამართლომ გაამართლა მზია ამაღლობელი, ეს ამცირებს საქმის მოგების შანსს სტრასბურგის სასამართლოში?

უკვე წარდგენილი რა საჩივრებიც არის სტრასბურგის სასამართლოში, ისინი ეხება საქმის წარმოების სხვა ეტაპებს. ამიტომაც, ამ საჩივრებს არაფერი არ ემუქრებათ. როცა საჩივარი შეეხებაა აღკვეთ ღონისძიებას, იქ უკვე ამოწურულია უფლების დაცვის საშუალებები. სტრასბურგი იწყებს საქმის განხილვას მაშინ, როცა ეროვნულ დონეზე უკვე ამოწურულია უფლების დაცვის საშუალებები. აღკვეთთან დაკავშირებით ეს საშუალებები უკვე კარგა ხანია ამოწურულია. ადმინისტრაციული საქმეებიც უკვე დასრულებულია. ამ საქმეებს არაფერი არ ემუქრებათ. სტრასბურგის სასამართლო განაგრძობს მათ განხილვას.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდების საქმეს, აქ, ასე ვთქვათ, უფლების დაცვის საშუალება ბოლო ეტაპი უკვე არის უზენაესი სასამართლო და შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს შედეგების მიხედვით გადავწყვეტთ, წავიღებთ თუ არა ამ საქმეს ევროპულ სასამართლოში.

ჩვენ ქალბატონი მზიას ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედებთ და, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს. თუ ეროვნულ დონეზე ქალბატონი მზია ამაღლობელი სამართალს ვერ იპოვის, ჩვენ აუცილებლად მისი თანხმობით და მისი ნების გათვალისწინებით, ყველა საერთაშორისო მექანიზმს მივმართავთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: