გლობალურ ბაზარზე ოქროსა და ვერცხლის ფასმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 ევროპული ქვეყნის მიმართ, გრენლანდიასთან დაკავშირებული პოზიციის გამო, 10%-იანი ტარიფები დააანონსა.
„ბიბისის“ ცნობით, 19 იანვარს, დილით, ერთი უნცია ოქროს ფასმა 4 689,39 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო უნცია ვერცხლის ფასმა – 94,08 აშშ დოლარს.
მედია წერს, რომ ძვირფასი ლითონები გაურკვეველი პოლიტიკური სიტუაციის დროს უსაფრთხო აქტივებად ითვლება და ოქროსა და ვერცხლის ფასები ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა. „ბიბისი“ აღნიშნავს, რომ გასულ წელს ოქროს ფასი 60%-ზე მეტით გაიზარდა.
17 იანვარს დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან გერმანია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი და შვედეთი შეერთებულ შტატებში გაგზავნილ საქონელზე 10%-იან ტარიფს დაექვემდებარებიან. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტარიფები 1-ელ ივნისს 25 პროცენტამდე გაიზრდება.





