მთავარი,სიახლეები

ვინ დაკარგავს სამსახურს ქობულეთის მერიაში – ორმა პირმა თანამდებობა უკვე დატოვა

13.01.2026
ვინ დაკარგავს სამსახურს ქობულეთის მერიაში – ორმა პირმა თანამდებობა უკვე დატოვა

ქობულეთის მერიაში დიდი რესტრუქტურიზაცია – რეორგანიზაციის პროცესი იწყება. მერია აუქმებს ზედამხედველობის სამსახურს და 2 ახალ ა(ა)იპ-ს და 1 შპს-ს ქმნის.

ამავე დროს, თანამდებობები დატოვეს მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური სამსახურების უფროსებმა: დავით ბოლქვაძემ და ზურაბ ამაღლობელმა.

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი რომანაძემ კი ჯერ ისევ არ იცის, რა პოზიცია ექნება ქობულეთის მუნიციპალურ ინსპექციაში, რომლის შექმნასაც მერია უახლოეს მომავალში გეგმავს.

„არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. მე ჯერ ვაგრძელებ მუშაობას, როგორც ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი“ – გვითხრა ირაკლი რომანაძემ.

ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა დავით ბოლქვაძემ გვითხრა, რომ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე საკუთარი სურვილით დაწერა: „კერძოში ვაპირებ გადასვლასო“, ზურაბ ამაღლობელმა კი ჩვენს კითხვებს საერთოდ არ უპასუხა. „რატომ მირეკავთ და მაწუხებთ“ – გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ორივე მათგანს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

ქობულეთის მერიაში უკვე წლებია ვაკანტურია არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობა. ამ სამსახურში უფროსის მოვალეობას მოადგილე, ნათია ბასიაშვილი ასრულებს, თუმცა მერიაში მისი სამსახურის უფროსად დანიშვნის გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით მერმა უკვე მოაწერა ხელი ბრძანებას რეორგანიზაციის დაწყების შესახებ და მას თანამშრომლებს შემდეგ კვირაში გააცნობენ.

რაც შეეხება ახალ ა(ა) იპებს, ქობულეთის მერია აპირებს შექმნას მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც საზედამხედველო სფეროებს ჩაიბარებს და მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, რომელიც მაღალბიუჯეტიანი პროექტების განხორციელებას გაუწევს ორგანიზებასა და კონტროლს.

ქობულეთის მერი გეგმავს ასევე შპს ,,ქობულეთის შუქურა 1960“ -ს დაფუძნებას. მერს საკრებულოს თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებითაც აქვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: