ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშემ თავის თანამებრძოლებს, ბათუმის აქციების მონაწილეებს ციხიდან წერილი გამოუგზავნა. ზურა ჭავჭანიძე ამ წერილით ამხნევებს მათ და სწერს ასევე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობს, თავს კარგად გრძნობს.
ზურა ჭავჭანიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის მათ, ვინც წერილებს უგზავნის. ამბობს, რომ ეს წერილები მას აძლიერებს.
„ხალხო, ძალიან მიყვარხართ. მომენატრეთ, თქვენი სიყვარული და თანადგომა მაძლიერებს აქ, ციხეში. ვიცი, რომ ღელავთ ჩემზე, უკვე 25 დღეა ვშიმშილობ [ზურა ჭავჭანიძე დღეს, 26 დეკემბერს, უკვე 41-ე დღეა შიმშილობს – რედ]. მე როგორც ვთქვი, თავი გადადებული მაქვს ჩემი სამშობლოსთვის და ჯერჯერობით ვუძლებ, სანერვიულო არაფერი მჭირს, მუდმივად ექიმების კონტროლის ქვეშ ვიმყოფები. ჯერჯერობით კოსმონავტის წნევა მაქვს, როგორც ექიმები მეუბნებიან. აქამდე საერთოდ არ ვიცოდი, რამდენი იყო ჩემი წნევა. ასე შინაურულად იმიტომ ვწერ, რომ ყველას ჩემს შინაურებად აღგიქვამთ.
მე თუ ვშიმშილობ მხოლოდ იმისთვის, რომ ყველას ყურამდე და გულამდე მივაწვდინო, რა კატასტროფის წინაშე ვდგავართ. მიყვარხართ გეხვევით“.
ზურა ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების მედროშეა. პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას გულისხმობს ჯგუფურად. მას ასევე ედავებიან სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ეს მუხლი სასჯელის სახით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამონარიდი ზურა ჭავჭანიძის წერილიდან
ადვოკატის თქმით, ზურა ჭავჭანიძის საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრია, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში.
9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლეს მიმართა:
„მე ვარ სოხუმელი და 15 ვაჟკაცი სოხუმში დამეღუპა საქართველოსთვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ ყველამ ვიცხოვროთ კარგ საქართველოში. ვილაპარაკებ ფაქტებით: რას ნიშნავს რუსული მმართველობა? მილიონამდე ქართველი მოკლეს, ყველა რუსი მმართველის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე“.
მიუხედავად იმისა, ვინ ვართ და ვის ვემხრობით, მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება. ამის მაგალითებს ვხედავთ. „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, – ფიქრობენ ადამიანები. ყველას გვემუქრება ხიფათი.
ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ მთელი ცხოვრებაა. „ღმერთი სიყვარულია, გიყვარდეთ“ – დიდ კედელზე მაქვს დაწერილი. სიკეთე, სიყვარული, პატიოსნება და კანონმორჩილება მამოძრავებს.
სუსის თანამშრომელი მოვიდა სახლში და მითხრა თვითონვე, ყველაფერი ვიცით შენზე და კარგი კაცი ხარო. ერთადერთი ჩემი მოწოდება არის სიკეთე და სიყვარული, „მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და თუ მიყვარს, მართლა მიყვარს“ – ესაა ქართული სულის გამოძახილი. პატიოსნებისა და სიყვარულის მეტი მე არაფერი გამაჩნია“, – თქვა სასამართლო სხდომაზე ზურაბ ჭავჭანიძემ.







