საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც თავისუფლად შეკრებასა და მანიფესტაციებს შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ეს განცხადება მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას გააკეთა.
ჟურნალისტმა სახალხო დამცველს კითხვა დაუსვა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამკაცრებულ კანონებზე, რომელიც ოცნებამ ბოლო ერთ წელიწადში მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ცვლილება ეხებოდა ტროტუარზე დგომის აკრძალვას.
ლევან იოსელიანის თქმით, კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილების შესახებ მან პირადად მოითხოვა დასკვნა ეუთო-ოდირისგან. ვინაიდან ცვლილებები კანონმდებლობაში ორ ეტაპად განხორციელდა, სახალხო დამცველმა ორივე შემთხვევაში გაგზავნა ცვლილებების პაკეტი გაიგზავნა ეუთო-ოდირში.
ლევან იოსელიანის თქმით, ეუთო-ოდირის მიერ „კანონმდებლობაში შეტანილი ეს ცვლილებები შეფასდა ნეგატიურად“.
„მთელი რიგი დასაბუთება არის, თუ რატომ ზღუდავს ეს ცვლილებები ადამიანის უფლებებს ცალკეული მიმართულებებით. რაც შეეხება გაფრთხილებას [შსს-ს გაფრთხილება სანამ აქციას ჩაატარებ], გაფრთხილების შესახებ ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში, ეს არ არის სიახლე, ეს ყოველთვის ასე იყო, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ეს გაფრთხილება თავისი შინაარსით არ გახდეს რაღაც სავალდებულო ნებართვის აღებისმაგვარი, რაც თავისთავად კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.
მეორე მხრივ ამაზე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომ ასეთი ტიპის გაფრთხილება არ უნდა გულისხმობდეს რაღაც სანებართვო ვალდებულებას აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც ვთქვათ სპონტანურად მართავენ აქციას. მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ჩვენ ძალიან საფუძვლიანად ვმუშაობთ ამ ცვლილებების მიმართულებით – დაწყებული ნიღბების ბლანკეტური აკრძალვიდან, დამთავრებული სხვა ტიპის ცვლილებებით, რომლებიც არის კანონმდებლობაში შესული,“ – თქვა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანის თქმით, იმ უფლებებს, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული, წესით ვერაფერი ვერ უნდა შეეხოს. მან ასევე ისაუბრა აქციაზე ნიღბების ტარების აკრძალვაზე და თქვა, რომ არ მიაჩნია სწორად.
„ბლანკეტურად ნიღბების აკრძალვა ეს არ მიმაჩნია სწორად. როდესაც კანონმდებლობამ ბლანკეტურად ყველანაირი ნიღბის გამოყენება აკრძალა მშვიდობიანი შეკრების პირობებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თუ ვმონაწილეობთ მშვიდობიან შეკრებაში და არ გვინდა რომ დავავადდეთ რაღაც გადამდები დაავადებით და ამისთვის გავიკეთოთ ნიღაბი, ამ ნიღბის გაკეთება კანონმდებლობით არის აკრძალული. რაც მე ვფიქრობ, არათანაზომიერი სანქციაა შეკრებასთან მიმართებაში.
ზოგადად ლოგიკური არ არის. როგორ შეიძლება ადამიანს აუკრძალო ნიღბის გაკეთება თუ მას ეს ესაჭიროება. მარტო ჯანმრთელობის ნაწილი არ არის? არსებობს ნიღაბი, რომელიც რაღაც რელიგიური ატრიბუტი არის ვიღაცისთვის და ასე შემდეგ,“- თქვა ლევან იოსელიანმა.
ჟურნალისტმა სახალხო დამცველს შეახსენა ხელისუფლების არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, როდესა პირი აქციაზე ნიღბითაა და ძალადობს, საგამოძიებო პროცესში ჭირს იდენტიფიცირება პირების.
„მესმის, მაგრამ თუ პროტესტი სცდება მშვიდობიან ფორმას და გადადის ძალადობრივში, იქ ნიღაბი საერთოდ არაფერ შუაში არ არის, ხომ? ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობიან შეკრებაზე. მშვიდობიანი შეკრების პირობებში მაგალითად, სამედიცინო ნიღაბი, რასაც ძალიან ხშირად ვხმარობთ ხოლმე, ამ ნიღბის აკრძალვა არ მიმაჩნია გამართლებულად. ის რომ ვიღაცამ მერე გადაწყვიტოს კანონის დარღვევა და ამიტომ საგამოძიებო ორგანოს უნდა რომ გაიადვილოს თავისი ამოცანა და ამით უფრო დიდი სიკეთე დააზიანოს, ეს ვერ იქნება არგუმენტი.
სწორედ აქედან გამომდინარე, არა მარტო ეს, არამედ სხვა ცვლილებებზეც მიმდინარეობს დღეს მუშაობა და სავარაუდოდ წელს ალბათ ვერ მოესწრება, ან თუ მოესწრება შეიძლება წელსაც, წარვადგენთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მთელი რიგი მუხლები, რომელიც ბოლო წელს იქნა მიღებული პარლამენტის მიერ, იქნება გასაჩივრებული,“ – თქვა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, სახალხო დამცველი საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს კანონმდებლობაში ჯარიმების ოდენობაზე და უალტერნატივო პატიმრობებზე შეტანილ ცვლილებებსაც.
„პროპორციულობის და თანაზომიერების პრობლემას ვხედავთ ჩვენ. უალტერნატივოდ პატიმრობის გამოყენება, შემდგომში პირდაპირ სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემოღება… ამიტომ ვთვლით, რომ ეს ის ნაწილია, რომელიც უნდა გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობ რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ სასჯელების თანაზომიერების შესახებ.
მე იმედი მაქვს რომ ეს ძალიან საინტერესო განხილვა იქნება და ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები მოვიდეს შესაბამისობაში იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც დღეს არსებობს,“- განმარტა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველი ზუსტ დროს ვერ აკონკრეტებს, თუმცა პირობას დებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მალე შევა – მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში.
საკონსტიტუციო სარჩელი შეეხება ცვლილებათა პაკეტს და მის თანმდევ კანონებს, რაც შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია





