მთავარი,სიახლეები

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ მართვაში ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს

23.12.2025
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ მართვაში ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ 100 პროცენტი წილი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მართვის უფლებით გადასცეს.

„შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით,
არსებობის ვადით გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,“ – აღნიშნულია „ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 18 დეკემბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

კომპანიის წილის სამინისტროზე მართვის უფლებით გადაცემა საჯარო რეესტრში ჯერ ასახული არ არის.

„სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება,“ – წერია განკარგულებაში.

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ სახელმწიფომ 2023 წელს დააფუძნა.

საწყის ეტაპზე კომპანიამ უნდა უზრუნველყოფს საზღვაო ინფრასტუქტურის [ფსკერდაღრმავების, ტალღმტეხელის] პროექტირება და მშენებლობა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება 8 წლის წინ დააანონსეს, თუმცა პორტი დღემდე არ აშენებულა.

2024 წლის მაისიდან საქართველოს ხელისუფლებას ანაკლიის პროექტის ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილი ჰყავს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელთან ხელშეკრულების გაფორმების თარიღი გამუდმებით იცვლება, შესაბამისად, ამ კონსორციუმთან ხელშეკრულება დღემდე არ არის გაფორმებული.

მიუხედავად ამისა „ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ „2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს“.

  • 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
  • საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო.

  • ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2024 წლის 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებული იყო და გამარჯვებული ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდებოდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის შერჩეულია ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომლის წამყვანი კომპანია China Communications Construction Company Limited [CCCC] სანქცირებულია აშშ-ში, რასაც ეკონომიკის სამინისტრო მანიპულაციურად უარყოფდა.

ამ თემაზე

“მთავრობა უუნაროა ანაკლია ან ფოთი აირჩიოს ერთადერთ ღრმაწყლოვან პორტად, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი არ აშენდება”- ინტერვიუ

 

რა შეცვალეს ანაკლიის პორტის პროექტში – კონსულტანციებში 3,4 მილიონი დაიხარჯება

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: