„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც მართვის მოწმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობას აუქმებს. თუმცა, ეს ცვლილება ასევე ითვალისწინებს ერთჯერად ამნისტიას, რის შემდეგაც ათიათასობით კანონდამრღვევ მძღოლს ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს უბრუნებს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში 35 445 პირს აქვს მართვის მოწმობა შეჩერებული. აქედან 18 310-ს მართვის მოწმობა შეუჩერდა ალკოჰოლური თრობის საფუძვლით, 3 504-ს – ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის, 1 134 პირს – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენის საფუძვლით, 327 პირს – სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და სხვა.
კანონპროექტის თანახმად, ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე აქვს ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე [სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვასა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებულ სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები] ან/და 123-ე [საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება] მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა ის მაინც მიიჩნევა სახდელდადებულად.
ეს ხდება მაშინ, როცა საქართველოს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს.
მაგალითად, 2025 წელს, მხოლოდ 6 თვეში, 216 ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად, აქედან სამი 6 წლამდე ბავშვი იყო, 11 კი – 17 წლამდე ასაკის მოზარდი. დაშავდა 3816 ადამიანი.
ასეთივე მძიმე შედეგებით დასრულდა 2024 წელიც – გასულ წელსაც 444 ადამიანი, მათ შორის 101 ქვეითი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად.
რატომ გახდა კანონდამრღვევი მძღოლებისთვის ამნისტიის გამოცხადება საჭირო, მით უმეტეს საახალწლო დღეებში, როცა გაცილებით მაღალია ალკოჰოლის მოხმარება და შესაძლოა გაიზარდოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების რიცხვი?
რამდენად ეფექტურია საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა ქვეყანაში და ხომ არ გამოიღებს ამნისტია უკუშედეგს? – ამ თემაზე „ბათუმელები“, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს ესაუბრა.

ეკატერინე ლალიაშვილი
„მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში, რადგან თუ აქამდე მართვის უფლების ჩამორთმეულ პირს შეეძლო ვადაზე ადრე დაებრუნებინა ეს უფლება, ამის შესაძლებლობა აღარ იქნება, რაც ცალსახად კარგი სიახლეა.
თუმცა რას ნიშნავს ის, რომ 10 დეკემბრამდე უფლებაჩამორთმეულ პირებს ამნისტირება შეეხებათ და კვლავ უფლებამოსილი მძღოლები იქნებიან 2026 წლიდან?
ვხედავთ, რომ წინა წელთან შედარებით, 10-12%-ით გაიზარდა როგორც დაღუპვის, ასევე დაშავებულობის და საგზაო შემთხვევების მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს.
ასევე, წლის განმავლობაში მილიონ ხუთასი ათასი დარღვევა გვაქვს მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე და ამ ყველაფრის ფონზე, ქულათა ჩამოკლებით, მართვის უფლების ჩამორთმევის მხოლოდ 871 შემთხვევა გვაქვს.
ასევე აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 35 000 მძღოლს მართვის უფლება შეჩერებული აქვს ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის. ეს სურათი გვეუბნება, რომ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ საგზაო უსაფრთხოების კუთხით“- ამბობს ეკა ლალიაშვილი.
შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით 2025 წელს, 9 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციული წესით საგზაო წესების დარღვევის 43 716 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო სისხლის სამართლის წესით დარღვევის – 4 480 შემთხვევა. 9 თვეში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 345 ადამიანი. აქედან, 25 პირი 17 წლამდე ასაკის იყო. დაშავდა 6041 ადამიანი.
ეკა ლალიაშვილის შეფასებით, ამნისტია გულისხმობს შანსის მიცემას კანონდამრღვევი მძღოლებისთვის, რაც ძალიან იშვიათი საერთაშორისო პრაქტიკაა, რადგან სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლური და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების მიერ ავტოტრანსპორტის მართვა, განსაკუთრებით საფრთხისშემცველ ქმედებად ითვლება.
მისი თქმით, საკითხავია, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ პირობებში, როდესაც მომავალი წლიდან დაახლოებით 35 000 მძღოლი კვლავ დაუბრუნდება გზას.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ არა მხოლოდ შანსი, არამედ მკაფიოდ გააზრებული პასუხისმგებლობა, რათა ეს შესაძლებლობა პასუხისმგებლობით გამოიყენონ და აღარ გაიმეორონ ის დარღვევები, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.
ამასთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის სწორად და გასაგებად იყოს განმარტებული, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს პასუხისმგებლობის შესუსტებას ან დარღვევების „პატიებას“, არამედ წარმოადგენს ერთჯერად შესაძლებლობას მკაცრი კონტროლისა და შედეგზე ორიენტირებული აღსრულების პირობებში.
პრევენციული და პროაქტიული საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა სწორედ ამას გულისხმობს – ქულათა ჩამოკლების სისტემის ეფექტიან ამოქმედებას, ერთიან და თანმიმდევრულ საკომუნიკაციო გზავნილებს და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, მაქსიმალურად შეამციროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკები გზაზე“ – ამბობს ეკა ლალიაშვილი.

ავარია ავტობანზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მისი თქმით, კამერები აფიქსირებს დარღვევებს, თუმცა მართვის მოწმობაზე ქულების ჩამოკლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევს საპატრულო პოლიცია აჩერებს.
„საპატრულო პოლიცია კი ფიზიკურად ვერ აუდის ამდენი დარღვევის დაფიქსირებას ქუჩაში, რომ ჩამოაკლოს ქულები. სახელმწიფო ხედავს, რომ ძალიან ბევრი დარღვევაა და იმატა კიდეც ამ ტენდენციამ, მაგრამ ვერ ხერხდება ქულათა ჩამოკლების სისტემის ეფექტურად აღსრულება. ტექნოლოგიების ჩართულობით უნდა გაუმჯობესდეს ქულათა სისტემის ადმინისტრირება.
ჯარიმების გადახდა ზოგისთვის ძალიან დიდი ტვირთია, თუმცა არიან აგრესიული მძღოლები, რომელთათვისაც ფინანსური სახდელი არ არის ტვირთი და ისინი მუდმივად არღვევენ საგზაო უსაფრთხოების წესებს. ჯარიმა არ არის მათთვის შემაკავებელი სანქცია.
მაგრამ თუ მოლოდინი ექნებათ, რომ 3-4 დარღვევაზე მათ ქულები გაუნულდებათ და შემდეგ უკვე ჩამოერთმევათ მართვის უფლება, ეს იქნება პრევენციული ხასიათის ზომა“- ამბობს ეკა ლალიაშვილი.
მისი შეფასებით, ეფექტურობისთვის ასევე მნიშვნელოვანია სიჩქარის გადაჭარბების რეგულირება.
„სიჩქარის გადაჭარბება არის წამყვანი ფაქტორი და დარღვევა, რომელიც ბევრი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იწირავს.
მილიონ ნახევარზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება ყოველდღიურად, არის ძალიან ბევრი დარღვევა და მართვის მოწმობა განულებული აქვს მხოლოდ 781 პირს. ეს ნიშნავს, რომ ამ დარღვევების ფონზე არაეფექტურია არსებული კონტროლის სისტემა.
მოიმატა ავტომობილების რაოდენობამ, გაიზარდა ფატალური შედეგები და მძიმე დაზიანებები. ამიტომ, ახალ საკანონმდებლო ინიციატივების პარალელურად უმნიშვნელოვანესია საკომუნიკაციო კამპანიები საზოგადოებასთან“ – ამბობს ეკა ლალიაშვილი.
გაზრდილი ავარიების, გაზრდილი მსხვერპლის და დანაშაულის ფონზე, ამნისტიის მიღება პოლიტიკური საკითხია? თუ რა მიზანი აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას? – ვკითხეთ ეკა ლალიაშვილს. ის ამბობს, რომ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.
„არ მაქვს ახსნა, რატომ დაუშვეს ეს. შეიძლება ვიმსჯელოთ სხვადასხვა ვარიანტებზე. შესაძლოა ეს იყოს შანსის მიცემა ამ მძღოლებისთვის, რაც უკვე აღვნიშნეთ. შესაძლოა, ეს იყოს ტექნიკური საკითხი, რადგან კანონში შედის ცვლილება და უკვე ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს ეს ნაწილი.
ჩვენ დამრღვევი მძღოლების ქცევის გამოსწორებაზე ვსაუბრობთ და თუ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე, მაშინ ამ მოქალაქეების ქცევის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს სწორი შეზღუდვებით და სწორი საკომუნიკაციო კამპანიით და არა მხოლოდ მართვის მოწმობების უმიზეზოდ დაბრუნებით.
ზოგმა ეს შანსი შესაძლოა პოზიტიურად გამოიყენოს, ზოგმა პირიქით, – კვლავ ჩაიდინოს იგივე ან უარესი დარღვევა“- ამბობს ეკა ლალიაშვილი.
ამავე თემაზე:






