ბათუმის საკრებულომ რეგლამენტი შეცვალა და ღია კარის სხდომის ჩატარების ვალდებულება აღარ ექნება.
აქამდე კანონის ეს ჩანაწერი საკრებულოს ამომრჩევლის მოსმენას ავალდებულებდა პერიოდულად. ამ დღეს ამომრჩეველს შეეძლო სხდომაზე დასწრება და კონკრეტული საკითხების დღის წესრიგში დაყენება, საკუთარი მოთხოვნებისა და პრეტენზიების გაჟღერება ქალაქის საკითხებზე.
სხვა დროს, სტანდარტული სხდომის მიმდინარეობისას, თავმჯდომარის თანხმობისა და დროის გამოყოფის გარეშე ამომრჩეველს სიტყვით მიმართვის, ასევე კითხვების დასმის უფლება არ აქვს.
ამ დრომდე მოქალაქეებს ასეთი შესაძლებლობა ბათუმის საკრებულოში, რიგ შემთხვევებში, მისცეს კიდეც, თუმცა შეზღუდულად. იყო შემთხვევები, როცა სხდომაზე დასასწრებად მისული მოქალაქეები სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს და იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საკრებულოს სხდომათა დარბაზის კარს გაბრაზებული მოქალაქეებისგან დაცვის პოლიცია იცავდა.
წინა მოწვევების საკრებულოებში სხვადასხვა დროს კონკრეტული საკითხის დამტკიცებას მოქალაქეები საკრებულოს შენობის ფოიეში აპროტესტებდნენ და სკანდირებდნენ – „შემოგვიშვი“.
ბათუმში მოქალაქეები ხშირად აქტიურობდნენ თვითმმართველობის გადაწყვეტილებებზე – საკრებულოს პროტესტით მიმართავდნენ ქონების გასხვისებაზე, პლაჟების განკარგვაზე, ბულვარის მრავალწლიანი იჯარით გაცემასა თუ სხვა საკითხებზე.
საკრებულომ თავისი გადაწყვეტილებებით მოქალაქეთა მონაწილეობის და ჩართულობის შესაძლებლობა ეტაპ-ეტაპ შეზღუდა. მაგალითად, როცა წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა 25-დან 35 წევრამდე გაიზარდა, დარბაზში რკალისებურად განლაგებულ მაგიდებსა და სკამებს კიდევ ერთი მწკრივი [მაგიდები და სკამები] დაამატეს. ამის გამო დარბაზში, სხდომაზე დასწრების მსურველთათვის, ადგილი უფრო დავიწროვდა.
მანამდე ბათუმის საკრებულოში მოქალაქეებისთვის სკამების ორი რიგი, ჯამში 24 სკამი იყო განთავსებული. ამ ადგილების ნაწილს ხშირად ჟურნალისტები და ოპერატორები ითვისებენ, ნაწილს კი – მერიის სამსახურების უფროსები. ზოგ შემთხვევაში ისინი სხდომას ესწრებიან, როგორც მომხსენებლები, ხშირად კი ინტერესის გამო – ისინი დარბაზში უპრობლემოდ შედიან და გარეთ მყოფი მოქალაქეების მსგავსად სპეციალური საშვი არ სჭირდებათ. საშვთა ბიუროს კი შეუძლია ამომრჩეველს უარი იმ მოტივით უთხრას შენობაში შესვლაზე, რომ „დარბაზში ადგილი არ არის.“
ახლა საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და რეგლამენტი შეცვალა – ჩაწერა, რომ ღია კარის მოწყობა სავალდებულო აღარ არის.
ამ დრომდე რეგლამენტში „საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი, იგივე საკრებულოს „ღია კარის სხდომა“, განისაზღვრებოდა ასე:
„სამ თვეში ერთხელ მაინც, საკრებულო სხდომათა დარბაზში ატარებს ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მოსმენას საკრებულოს „ღია კარის სხდომას“. ეს იყო კანონით განსაზღვრული ვალდებულება, ახლა კი ამომრჩეველს უთხრეს, რომ ღია კარის სხდომის ჩატარება თავმჯდომარის სურვილით გადაწყდება.
ახალი ჩანაწერის მიხედვით:
„საკრებულო უფლებამოსილია [და არა ვალდებული] სხდომათა დარბაზში ჩაატაროს ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მოსმენა-საკრებულოს „ღია კარის სხდომა”. ამომრჩეველთა მოსმენა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. ბრძანება გამოიცემა მოსმენამდე 7 დღით ადრე მაინც.
საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება 7 დღით ადრე განთავსდება საკრებულოს ვებგვერდზე: batumicc.ge და საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება შეიძლება გამოქვეყნდეს შესაბამისი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით“.
ამ დრომდე არსებული ჩანაწერი ითვალისწინებდა ღია კარის სხდომაზე მოქალაქეების მიერ დღის წესრიგში დასმული საკითხების განხილვა-რეაგირების კონტროლს:
„საკრებულოს აპარატი აცნობებს „ღია კარის სხდომაზე“ მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტას.“
საკრებულოს წევრმა „ლელოდან“, ვაჟა დარჩიამ ამ საკითხზე მეტი განმარტება მოითხოვა:
„ნაცვლად იმისა, რომ იქ იყო მავალდებულებელი ნორმა, ახლა იქნება სრული თავისუფლება. როცა იქნება საჭირო, საკრებულო უფლებამოსილია ჩაატაროს ღია კარის სხდომა და მოუსმინოს თითოეულ ამომრჩეველს“, – აუხსნა საკითხის მომხსენებელმა ირაკლი თავართქილაძემ ვაჟა დარჩიას და თან დაამატა, რომ „ეს უკეთესი და მოქნილი ნორმაა.“
როგორც ჩანს, საკრებულოს იურისტს ასე ესმის თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა – ამომრჩევლის მაქსიმალურ ჩართულობასა და საჯაროობაზე. მისი აზრით, საკრებულოს „სრული თავისუფლება“ სჭირდება და არა ვალდებულება.
სხვათა შორის, ირაკლი თავართქილაძე წინა მოწვევის საკრებულოს იურისტიც იყო, რომელსაც ვალდებულება ღია კარის მოწვევის თაობაზე ერთხელაც არ შეუსრულებია.






