შპს „გონიო 2020“ უკვე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილებას ითხოვს.
ამ ცვლილების მიხედვით, კომპანიას კ2-ის გაზრდისთვის დამატებითი, მაკომპენსირებელი ვალდებულებების აღება აღარ დასჭირდება, რადგან, მერიის განმარტებით, პროექტი კ2-ის გაზრდას აღარ ითვალისწინებს.
ამ წინადადებაზე ბათუმის საკრებულომ 2025 წლის პირველ დეკემბერს სხდომაზე უნდა იმსჯელოს.
მოქმედი შეთანხმებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] გადამეტების, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით კომპანიას მუნიციპალიტეტისთვის უნდა გადაეცა საცხოვრებელი აპარტამენტები, კ2 კოეფიციენტის გაზრდით ნამატი ფართობის 10 პროცენტის ოდენობით ან ამ აპარტამენტების [უკვე თეთრი კარკასების ] გაყიდვის შემდეგ ღირებულების 4% ბიუჯეტში უნდა შეეტანა.
როგორც ჩანს, კომპანიამ გადაიფიქრა და კოეფიციენტის გაზრდას აღარ ითხოვს, შესაბამისად შეუძლია უარი თქვას მაკომპენსირებელ ღონისძიებაზეც.
შპს „გონიო 2020“ გონიოში, ანდრია პირველწოდებულის I ჩიხში, ზღვის სანაპიროსთან, კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
ის, რომ კომპანია კოეფიციენტის გადამეტებას არ ითხოვს, არ ნიშნავს, რომ პროექტი მასშტაბური არ არის. 12 799 კვ. მეტრ ტერიტორიაზე 3 ბლოკის მშენებლობაა დაგეგმილი, შენობაში უნდა განთავსდეს სასტუმრო აპარტამენტები და კომერციული ობიექტები.

პროექტის რენდერი
შპს „გონიო 2020“ „ალიანსის“ დამფუძნებლის შვილის, თემურ ბიწაძის კომპანიაა. თემურ ბიწაძე „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია, ისევე როგორც „ალიანს ჯგუფში“ შემავალი კომპანიების სხვა დირექტორები და მენეჯერები.
სასტუმრო-აპარტამენტების პროექტი ამავე კომპანიის კიდევ ერთი მშენებარე პროექტის, ე.წ. ელიტური ვილების მომიჯნავედ არის დაგეგმილი, რომელიც გონიოში, ზღვისპირას „დაბალ განაშენიანებას“ და „სასტუმრო ვილების“ მშენებლობას ითვალისწინებს.

მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით რამდენიმე სახლის მშენებლობა უკვე დაწყებულია

წითელი ფერით მონიშნულია შპს „გონიო 2020“- ის მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანია კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, ზღვის მხარეს კი ჩანს ადგილი სადაც ვილების მშენებლობაა დაწყებული. ორივე პროექტის ფართობი ჯამში 3 ჰექტრამდეა.
ე.წ. „სასტუმრო ელიტური ვილების პროექტი“, რომელიც ჯერ მერიას შემდეგ კი საკრებულოს შპს „გონიო 2020“-მა წარუდგინა, სანაპიროზე ორსართულიანი, მსუბუქი კონსტრუქციის მქონე სახლებით გაშენებული უბნის მშენებლობას ითვალისწინებდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ სასტუმრო-ელიტური ვილების პროექტი „ოცნების“ მხარდამჭერი ინვესტორის და მისი კომპანიების დირექტორების, კიდევ რამდენიმე ბიზნესმენის და სხვების სახლების პროექტი იყო. სწორედ ამ ვილების გაგრძელებაზე, ზღვიდან 240 მეტრში სურს კომპანიას სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობა.
განაშენიანების დეტალური გეგმაში, რომელიც მერიაშია წარდგენილი, დიდი ადგილი ეთმობა პროექტის ავტოსადგომების სათანადო ინფრასტრუქტურის, შიდა გზების და გამწვანების მოწყობის საკითხებს. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით პროექტის ავტორები სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობის პირობებში აუცილებლობად მიიჩნევენ ცალკე პარკინგის მოწყობას:
„საქართველოში ავტომანქანების რაოდენობის მატების ტენდენციის შესაბამისად, სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობის პირობებში, აუცილებელია მობინადრე ავტომფლობელთათვის გათვალისწინებული იქნეს საპარგინგე სივრცის მოწყობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში, ავტომანქანების სიმრავლემ საკვლევი ობიექტის მიმდებარე ქუჩებზე გამოიწვიოს ავტომანქანების ნაკადების მოძრაობის შეფერხება.
აქედან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს საკვლევ ობიექტს გააჩნდეს ინდივიდუალური მიწისქვეშა და/ან მიწისზედა ავტოპარკი. პროექტით გათვალისწინებულია 190 ავტოსადგომი, მიწისზედა და მიწისქვეშა, მათ შორის მექანიზირებული, ორიარუსიანი“.
მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალურ გეგმაში არამხოლოდ ავტომანქანით გადაადგილების, არამედ ქვეითად გადაადგილების საკითხიც არის განხილული,
„… საკვლევი ობიექტის შესასვლელ არეალში ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით მოეწყოს შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა, საჭიროა მკაცრი საგზაო რეგულაციების დაწესება, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“. კერძოდ, ობიექტის შესასვლელთან, დასამონტაჟებელია შესაბამისი საგზაო გამაფრთხილებელი და მიმთითებელი ნიშნები“ – ვკითხულობთ განაშენიანების გეგმაში.






