მთავარი,სიახლეები

რას ამბობს დაკავებულების გაშიშვლებაზე ბათუმში მყოფი შს მინისტრის მოადგილე დარახველიძე

25.11.2025
რას ამბობს დაკავებულების გაშიშვლებაზე ბათუმში მყოფი შს მინისტრის მოადგილე დარახველიძე

“მაგ კითხვაზე გავეცი პასუხი პარლამენტში. სტამბოლის საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად [აშიშვლებენ დაკავებულებს იზოლატორში]”, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ “ბათუმელების” კითხვას, თუ რატომ ხდება წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოქალაქეთა გაშიშვლება.

ალექსანდრე დარახველიძე ბათუმში საერთაშორისო სემინარს ესწრება სახელწოდებით, “პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა შავი ზღვიდან ევროკავშირამდე”.

“ბათუმელებმა” “ქართული ოცნების” მინისტრის მოადგილეს ძალადობრივი, უკანონო დაკავებების შესახებაც დაუსვა კითხვა.

„პოლიცია აკავებს ყველა იმ პირს, ვინც არღვევს კანონს,“ – ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.

24 ნოემბერს, თბილისში, პოლიციამ საპროტესტო აქციაზე, 8 დემონსტრანტი დააკავა. პოლიციას მათი დაკავების მიზეზი არ განუმარტავს.

თბილისში მიმდინარე აქციაზე დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრადიციულად პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები თავისუფლების მოედნისკენ მშვიდობიანი მსვლელობით დაიძრნენ.

მსვლელობის დროს პოლიციამ ტროტუარებზე 4 ადამიანი დააკავა. დაკავებების შემდეგ მსვლელობის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტთან დაბრუნება გადაწყვიტა, რა დროსაც პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე კი ამტკიცებს, რომ პოლიცია მხოლოდ კანონდამრღვევებს აკავებს.

„შესაბამისად, ამ პირების წარდგენა ხდება სასამართლოში და იქ ყველა ხედავს, რომ არის საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ კონკრეტული პირები ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევად. არაერთი ფაქტი ვნახეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა, როდესაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ესა თუ ის პირი იქნა ცნობილი სამართალდამრღვევად და შესაბამისი ჯარიმა ან სხვა ტიპის სახდელი დაეკისრა,“ – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ. ის ბათუმში პორტების უსაფრთხოების შესახებ სემინარს ესწრება.

კითხვაზე, როგორ არის ძელსკამზე მჯდომი ან ტროტუარზე მიმავალი ადამიანის დაკავება კანონიერი, დარახველიძე პასუხობს:

ყველა დაკავების შესახებ წარდგენილი არის სასამართლოში მტკიცებულებები, ხდება ღია სასამართლო სხდომაზე განხილვა და შემდგომში თქვენ ხედავთ, რომ ის პირები ცნობილი არიან სამართალდამრღვევად. შესაბამისად, ფაქტი არის სახეზე, რომ სასამართლომ ნახა და დაინახა, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ პირები ცნობილიყვნენ სამართალდამრღვევად,“ – ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.

ნახეთ ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ პასუხობენ პოლიციელები მოქალაქეებს კითხვაზე, თუ რატომ არ შეუძლიათ ტროტუარზე გადაადგილება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: