მთავარი,სიახლეები

„მოვითხოვთ გამართლებას და არა შეწყალებას“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი

18.11.2025 •
„მოვითხოვთ გამართლებას და არა შეწყალებას“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი

დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატმა თავისი დასკვნითი სიტყვა დაასრულა.

5 საათიანი სიტყვის დასასრულს, მან მოსამართლეებს – ნიკოლოზ მარგველაშვილს, ნანა ჯოხაძეს და მარინა სირაძეს მიმართა.

„ბატონო მოსამართლეებო!

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველაფერი ნახა, მოისმინა, არ შეიძლება იმაზე ცხადად ჩვენება, ვიდრე ეს ჩვენ ვაჩვენთ სასამართლოს, მაგრამ მაინც დააკანონა უსამართლობა, მაინც მწვანე შუქი აუნთო სისტემის ძალადობას მოქალაქეზე.

მზია სინდისის პატიმარია და სინდისის პატიმარი ვერ იქნება დამნაშავე.

დამნაშავეა სისტემა, რომელიც მწვანე შუქს აძლევს ინსტიტუციურ ძალადობას. ნებისმიერი სისტემური ძალადობა წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როდეაც სასამართლო ამის უფლებას იძლევა.

ბატონო მოსამართლეები, ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ სისტემამ შეწყვიტა სამართლიანობა. ეს ამერიკელი მოსამართლის გადაწყვეტილებაში წავიკითხე და ძალიან მომეწონა.

დიახ, ამ ქვეყანაში სისტემამ დიდი ხანია შეწყვიტა სამართლიანობა.

არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის დოკუმენტს, მხოლოდ განაჩენია და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის ქვეყანას. ეს განაჩენი განაპირობებს, თუ როგორი იქნება ეს ქვეყანა სავარაუდოდ ბევრი წლის განმავლობაში.

კანონი მარტივია, სადაც არ არის დანაშაული, არ უნდა იყოს სასჯელი.

მოვითხოვ არა შეწყალებას, არამედ გამართლებას – ეს არის ერთადერთი სამართლებრივი და სამართლიანი გადაწყვეტილება.

მინდა მჯეროდეს, რომ კანონი თქვენთვის მხოლოდ ტექსტი არ არის,” – ამ სიტყვებით დაასრულა მაია მწარიაშვილმა თავისი დასკვნითი სიტყვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, 18 ნოემბერს მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. შესაძლოა დღესვე გახდეს ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

პროკურატურა ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით. დაცვის მხარე კი მოითხოვს მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას.

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელის საქმე – განახლებადი ინფორმაცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: