დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა, რომელმაც წინა სხდომაზე მზია ამაღლობელს შემინული სივრციდან გამოსვლის და ადვოკატების გვერდით დაჯდომის უფლება მისცა, დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელს სპეციალური, შუშით შემოსაზღვრული ადგილიდან გასვლის საშუალება აღარ მისცა.
11 ნოემბერს, 10-თვიანი პატიმრობის განმავლობაში, მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა პირველად მისცა მზია ამაღლობელს სხდომაზე ადვოკატების გვერდით დაჯდომის საშუალება. ყველა სხვა პროცესზე მზია ამაღლობელი საათების განმავლობაში იდგა ფეხზე და არ ჯდებოდა ბრალდებულის სკამზე. ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არაერთხელ მიმართეს მოსამართლე ნინო სახელაშვილს, მზია ამაღლობელს ადგილი დაეკავებინა არა შუშის სივრცეში, არამედ ადვოკატების გვერდით, თუმცა მოსამართლე სახელაშვილმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დღეს, 14 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოში, უკვე მეორედ,მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი კვლავ პატარა, 24-კაციან დარბაზში ჩაატარეს და არა უფრო დიდში, თუმცა მოსამართლე მარგველაშვილმა დიდ დარბაზში სხდომის ჩატარების პირობა 11 ნოემბრის სხდომაზე დადო. დღეს კვლავ დაიკეტა სააპელაციო სასამართლოს ეზოს ჭიშკარი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მოსული მოქალაქეებისთვის.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული მართლმსაჯულების დიაგნოზს.
„არანაირი ეჭვები არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით – დიახ, მათ ამ საკითხზე თითი დაუქნიეს, ამაში ეჭვი არ მეპარება. უთხრეს – „აქ თქვენ ასეთი კეთილები და კეთილგანწყობილები ვერ იქნებით. აი, სამწუხაროდ, ეს არის დიაგნოზი ამ სასამართლოსი და ზოგადად, ქართული მართლმსაჯულების.
მოსამართლეები ეცადნენ რაღაც ადამიანური სხივი ეჩვენებინათ წინა პროცესზე და მაშინვე უთხრეს – „არც გაბედოთ!“ წარმოიდგინეთ, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე რა დღეშია სასამართლო“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროკურორებმა საბოლოო სიტყვა თქვეს. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს ითხოვს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მზია ამაღლობელის მორიგი, სავარაუდოდ ბოლო სხდომა სააპელაციო სასამართლოში 18 ნოემბერს გაიმართება – დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ ადვოკატები. დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას ითხოვს ორწლიანი პატიმრობის შესახებ და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
- რა ხდება?
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 10 თვეა უკანონო პატიმარია. მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. მას 2 წელი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.






