მთავარი,სიახლეები

რატომ ანიჭებენ მზია ამაღლობელს ამდენ ჯილდოს? – პასუხი კითხვებზე

13.11.2025
რატომ ანიჭებენ მზია ამაღლობელს ამდენ ჯილდოს? – პასუხი კითხვებზე

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია საუბრობს მზია ამაღლობელის დამსახურებასა და როლზე, როგორც მოქალაქეზე და როგორც ჟურნალისტზე.

„ბათუმელები“ ვახო სანაიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში ბოლომდე მაინც არ არის გააზრებული მზია ამაღლობელის მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში არის ხალხი, ვისაც არ ესმის, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.

რეჟიმის პრიმიტიული გზავნილია – პოლიციელს (არ დაგვავიწყდეს – სინამდვილეში ფორმიან მოძალადეს) შეეხო და უნდა დაისაჯოსო. ზოგიერთი ამას არგუმენტად იღებს; ზოგიც იჯერებს, რომ ასეც უნდა იყოს; ზოგიც თავს იტყუებს, რადგან ასე აწყობს; ზოგიც სხვას ატყუებს.

სხვები ამბობენ:  კარგი, ვთქვათ, არ უნდა იჯდეს საპატიმროში მზია, მაგრამ რა დამსახურებისთვის ანიჭებენ მას ამდენ ჯილდოს? რა არის შესაქები და საამაყო სილის გაწვნაში ?

აი, აქაა ძაღლის თავი დამარხული. მთავარი ვერ გაუგიათ და ვეცდები, ამ სტატუსით გავაგებინო.

მართლაც დავსვათ ეს შეკითხვები. რატომ ჯილდოვდება მზია, როგორც ჟურნალისტი?

რომ არ დაეჭირათ, ხომ არ მიანიჭებდნენ?

კი ბატონო, სილის გაწვნის საბაბითაა  დაპატიმრებული და ალბათ არ უნდა იჯდეს, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, შეიძლება, ჯილდო გადასცე?

რა არის ამ ყველაფერში ასეთი განსაკუთრებული ?

სწორედ ამ შეკითხვებს მინდა ვუპასუხო, რადგან მიმაჩნია, რომ აქაა პასუხი იმაზე, რაშიც საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გაერკვა. მიზეზი კი ისაა, რომ ფოკუსი სულ სხვაგანაა გადატანილი.

  • რატომ აჯილდოებენ მზიას, როგორც ჟურნალისტს ?

ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა მხილებას გულისხმობს. პრობლემის ასახვას, მის გამოძიებას, საზოგადოებისთვის მიწოდებას.

შეგიძლიათ, დამისახელოთ ჟურნალისტი, რომელმაც ეს მზიაზე უკეთესად შეძლო?

მე ვერ დაგისახელებთ.

მან შექმნა ამ პროფესიაში საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი. ბრწყინვალე საგამოძიებო მასალა. ის თავისი ჟურნალისტური კვლევის პერსონაჟი, გმირი თავადვე გახდა. მან საკუთარ თავზე გადაიტანა ის, რაც თითოეულ მოქალაქეს შეიძლება დაატყდეს თავს.

აჰა, ესაა სისტემა, სადაც ვცხოვრობთ – დაუნდობელი, სასტიკი, რუსული, გვითხრა მან. ამასთან, გვაჩვენა, როგორ შეიძლება რეჟიმის დამარცხება.

გვაჩვენა გამოსავალი, მოგვცა პასუხი – მხოლოდ ბრძოლითა და შეუპოვრობით. მან, პატიმარმა, მოამზადა ისეთი რეპორტაჟი, რომელიც ამ ქვეყანაში ჩვენს პროფესიას არ ახსოვს.

ამასთან, ეს არ არის ერთი ქვეყნის ამბავი. ეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა. ესაა ამბავი დიქტატურაზე და ამიტომ იპყრობს ამხელა ყურადღებას საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ერთდროულად ამხილა პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ამ ქვეყნის მმართველი. აღწერა მთელი სისტემა, გააშიშვლა ბოლომდე. მან, ციხეში მყოფმა, რეჟიმი იქამდე მიიყვანა, მოახსნევინა და გააქრობინა სისტემიდან პოლიციის უფროსი.

ეს მარცხის აღიარება იყო.

შეგიძლიათ, მითხრათ სხვა ჟურნალისტური ნაშრომი, რომელმაც თავიდან ბოლომდე ასე განძარცვა რეჟიმი? და ეს შეძლო პატიმრობაში მყოფმა ჟურნალისტმა.

ამიტომ აჯილდობენ მზია ამაღლობელს, უპირველეს ყოვლისა, როგორც ჟურნალისტს. მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. მან პატიმრობა პროფესიულ მივლინებად აქცია.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მას არა მხოლოდ პატიმრობის პერიოდის, არამედ ბოლო 25-წლიანი საქმიანობისთვისაც აჯილდოებენ. უბრალოდ, პატიმრობამ ახლა დაგვანახა და მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა ის დამსახურება და წვლილი, რასაც იქამდე სათანადოდ ვერ ვხედავდით.

  • კიდევ რატომ აჯილდოებენ მზიას?

იმიტომ, რომ სინდისის პატიმარია. ის დღემდე ციხეში ზის რეჟიმის პოლიტიკური მოტივაციით. ის მოძალადე პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო გაასამართლეს სისხლის სამართლის კოდექსით, რაც სრული აბსურდია.

  • კიდევ?

იმიტომ, რომ საოცრად მამაცი და უკომპრომისოა. სხვა ისეთი თვისებებიც გამოავლინა, რაც აღფრთოვანებას იწვევს. კიდევ იმიტომ, რომ რეჟიმმა მთავარ მტრად მიიჩნია, მაგრამ მის ბიოგრაფიას ვერაფრით მიაყენა ჩრდილი. აღმოჩნდა, რომ მის პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ საამაყო საქმეები ყოფილა.

  • კიდევ ?

იმიტომ, რომ ქალია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალი ანგრევს სისტემას.

P.S. ქვეყანამ დიდი ადამიანი აღმოაჩინა. მას კიდევ ბევრი და მაღალი აღიარება ელოდება.

რაც უფრო შორს გადის მზიას სახელი, მით უფრო მეტი იგებს მსოფლიოში ქართველი ხალხის ბრძოლაზე. სამწუხაროა, რომ ეს მისი ფიზიკური თავისუფლებისა და ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება,“ – წერს ვახო სანაია.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. მორიგი პროცესი ხვალ, 14 ნოემბერს, დღის 2 საათზეა ჩანიშნული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: