საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის, მიმართ.
„მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე პოლიციამ 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, დააკავა. შსს მას სავარაუდოდ, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
„მედიაჩეკერის“ ჟურნალისტები პროევროპული პროტესტის დაწყების დღიდან აშუქებენ საპროტესტო აქციებს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ სხვა ლოკაციებზე. ისინი ფოტო და ვიდეოკამერაზე ასახავენ ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შესაძლო ფაქტებსაც.
როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, ნინია კაკაბაძე 3 ნოემბერსაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ის იდგა არა მანიფესტანტებთან, არამედ სხვა ჟურნალისტებთან ერთად და კადრებს იღებდა.
ნინია კაკაბაძის და სხვა ჟურნალისტების დაკავებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის, მიმართ და გაუქმდეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,“ – ნათქვამია ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინია კაკაბაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა. ის იმ დროს დააკავეს, როცა სახლში ბრუნდებოდა. დაკავების შემდეგ ჟურნალისტი კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს.
ჟურნალისტის თქმით, მას დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ მცირეწლოვან შვილთან დარეკვის საშუალებას, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა. მოგვიანებით ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს.
სასამართლო მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით სავარაუდოდ დღეს, 4 ნოემბერს, იმსჯელებს.






