მთავარი,სიახლეები

„არ გთხოვთ ჩვენთვის იბრძოლოთ. გთხოვთ, იბრძოლოთ ჩვენთან ერთად“ – ელენე ხოშტარიას მიმართვა

25.10.2025
„არ გთხოვთ ჩვენთვის იბრძოლოთ. გთხოვთ, იბრძოლოთ ჩვენთან ერთად“ – ელენე ხოშტარიას მიმართვა

„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია რუსთავის ქალთა კოლონიაში, სატელეფონო ზარის ჩანაწერით მიმართა ბრიუსელში, ევროპის ლიბერალური პარტიების გაერთიანების (ALDE) კონგრესის წევრებს. „დროას“ ცნობით, ელენე ხოშტარია კონგრესზე უნდა გამოსულიყო, თუმცა პატიმრობის გამო ეს ვერ შეძლო და დარბაზში იდგა ცარიელი სკამი მისთვის, საქართველოს დროშით.

ელენე ხოშტარიამ მზია ამაღლობელის ცნობილი ციტატით – „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“ – მიმართა კონგრესს.

კონგრესს მიმართა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფება წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.

ფოტო: „ალდე“ – X

„მოგმართავთ საპატიმროდან, თუმცა თავს პატიმრად არ ვგრძნობ, რადგან თავისუფლება არჩევანია.

თავისუფლება ჩემი და ქართველი ხალხის არჩევანია, მიუხედავად ყველაფრისა.

მოგმართავთ საპატიმროდან, თუმცა არა იმისთვის, რომ დახმარება გთხოვოთ. მე გთხოვთ, დავდგეთ ერთად და ხმა ავიმაღლოთ ჩვენი საერთო, ევროპული ღირებულებების დასაცავად.

მე არ გთხოვთ, ააშენოთ ქართული დემოკრატია, მე გთხოვთ, ერთად შევებრძოლოთ ავტოკრატებსა და ოლიგარქებს, ჩვენს საერთო საფრთხეს.

მე არ გთხოვთ, ააშენოთ ჩვენი ეკონომიკა, მე გთხოვთ, ერთად ავაშენოთ ევროპა, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი.

მე არ გთხოვთ, რომ ჩვენთვის იბრძოლოთ, მე გთხოვთ, იბრძოლოთ ჩვენთან ერთად, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ბრძოლას.

დროა, ევროპამ იმოქმედოს, გარემოებებზე რეაგირებით კი არა, იმოქმედოს სტრატეგიულად.

ციტატას მოვიყვან – „იმოქმედეთ, სანამ გვიანი არ არის“ – ეს სიტყვები ეკუთვნის პოლიტპატიმარს, თავისუფლებისათვის მებრძოლს, ჩვენი ბრძოლის სიმბოლოს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. და მე მსურს, ეს სიტყვები მთელს ევროპას მივაწვდინო, თქვენი, როგორც ჩემი ძვირფასი ევროპული ოჯახის, მეშვეობით“ – თქვა ელენე ხოშტარიამ ინგლისურენოვან მიმართვაში.

მის მიმართვას დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

ელენე ხოშტარია დააკავეს 15 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მან კალაძის ბანერს მარკერით „რუსული ოცნება“ დააწერა 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძის სოლიდარობის ნიშნად, რომელიც მანამდე კალაძის ბანერზე წარწერის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს და გირაო შეუფარდეს.

ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან ერთიდან 5 წლამდე ვადით პატიმრობით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: