საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) და ევროკავშირი ხაშურში წყალმომარაგების მოდერნიზაციის პროექტის თანადამფინასებლები არიან.
წყალმომარაგების ქსელის მოდერნიზაციის შემდეგ ქალაქ ხაშურის, სოფელ ცხრამუხას, ზემო და ქვემო ოსიაურის 44 000-მდე მცხოვრებს 24 სთ-იანი წყალი ექნება.
საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ოლივიე კურტო 23 ოქტომბერს ხაშურში ჩავიდა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან ერთად ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ვიზიტის დროს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც ხელშესახებ და ხანგრძლივ შედეგებს იძლევა ადგილობრივი თემებისთვის.
„სწორედ ეს არის ევროპისა და საფრანგეთის მიზანი საქართველოში: ისეთი აუცილებელი საზოგადოებრივი სერვისების განვითარების მხარდაჭერა, რომლებიც პირდაპირ აუმჯობესებს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას.
დასრულების შემდეგ, პროექტი უზრუნველყოფს ხარისხიან სასმელ წყალსა და თანამედროვე სანიტარული სისტემებზე უწყვეტ წვდომას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებას, გარემოს დაცვას და ხაშურის მოსახლეობის კეთილდღეობას,“ – ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით კი, ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობას საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), ევროკავშირისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში – 350 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.


