„ადამიანურად ძალიან დასანანია, რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება. ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები,“ – უთხრა „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს, 23 ოქტომბერს მას შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე დაუსვეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი 2024 წლის თებერვალს, როცა ის პრემიერ-მინისტრი გახდა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ამ პერიოდიდან კითხვები კორუფციაზე აღარ არსებობს. „ოცნების“ პრემიერმა თქვა, რომ კითხვებს ღარიბაშვილის საქმეზე გამოძიებამ უნდა უპასუხოს.
„შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერი გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რატომ არ რეაგირებდა მმართველი პოლიტიკური გუნდი კორუფციაზე, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი:
„მე შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. ყოველთვის ასე იყო. მინდა შეგახსენოთ 2023 წლის დეკემბერში, როცა ის შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადი პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ვახერხებთ გამოწვევებზე პასუხის გაცემას…
შეგიძლიათ ამოიღოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, აქტი, ნებისმიერი ტენდერი, პრივატიზაცია. თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ყველაფერს ვუპასუხებთ, ვერ გვაძლევთ ვერცერთ ასეთ ფაქტს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს შეახსენეს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო „ქართული ოცნების“ ლიდერი მაშინაც, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი და გასაჯაროვდა, მაგალითად, ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის შესახებ.
„თქვენ არასდროს არ ხართ მართალი… იქ საუბარი იყო კონკრეტულ ფაქტზე, ეს არ უარუყვია არც ირაკლი ღარიბაშვილს,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და აქცენტი ისევ იმ პერიოდზე გააკეთა, როცა თავად გახდა პრემიერი.






