უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტისას განიხილა კიევისთვის „პატრიოტის“ 25 საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების ხელშეკრულების შესაძლებლობა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „პატრიოტის“ 25 სისტემა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მოთხოვნაა, თუმცა, უკრაინა ამდენი სისტემის ერთდროულად მიღებას ვერ შეძლებს. საუბარია ყოველწლიურ მიწოდებაზე და თუ პოლიტიკური ნება იქნება, თეთრმა სახლმა შეიძლება შეცვალოს მიწოდების გრაფიკი, ასევე, შესაძლოა, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ კიევს პრიორიტეტი მიანიჭოს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას უკვე აქვს Patriot-ის სისტემები ექსპლუატაციაში და უკრაინა დათანხმდა ამ სისტემების მიღებას ახლის ნაცვლად, რომლებსაც შეუკვეთს.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, ევროკავშირის ლიდერები ტრამპს უკრაინისთვის „ტომაჰაკვის“ შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას სთხოვენ.
უკრაინული მედია წერს, რომ სავარაუდოდ, „პატრიოტის“ სისტემების შესაძენად საჭირო თანხა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით იქნება მოპოვებული.






