„რასაც ივანიშვილი სჩადის ეს ნაცადი ხერხია, თუ ავტორიტარული რეჟიმების ფორმირების ისტორიას გადავავლებთ თვალს. ასე ხდებოდა ყველგან, როცა ერთპიროვნულ რეჟიმს აშენებ.
ტერორი, საკადრო წმენდა, შიშის დანერგვა პირველად საკუთარ რიგებში, მტრის ხატის შექმნა ამ სისტემის დამახასიათებელი ნაწილია.
„ხალხის მტრების“ და „უცხოელი აგენტების“ თემა ტერორის აუცილებელი ატრიბუტია. ეს კარგად მუშაობს მასებში, რაც რეპრესიებისადმი თანაგრძნობას აჩენს.
პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება ამ რეპრესიების უმთავრესი მიზანია,“ – წერს ეკონომისტი რომან გოცირიძე.
დღეს, 18 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან დიდი ოდენობის ფული და ძვირფასეულობაა ამოღებული.
სუს-ის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები.
ეკონომისტი, სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილს და სხვებს იმ დანაშაულებისთვის კი არ სჯიან, რაც მათ ჩაიდინეს, არამედ იმისთვის, რაც არ ჩაუდენიათ. მისივე თქმით, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ისინი რაიმე ფორმით ოპოზიციას ეხმარებოდნენ ან თანაუგრძნობდნენ.
“ასეც რომ იყოს, ეს დანაშაული არ არის. ივანიშვილისათვის ყურში ჩაჩურჩულებული ჭორიც კი, რომ ვიღაცას, რომელსაც ასვა, აჭამა, ქვეყნის ქონება და ბიუჯეტი საჯიჯგნად მიუგდო და ამით მილიონები აშოვნია, უნდა მისგან დისტანცირება, თუნდაც იგივე სანქციების შიშით და მშვიდი ცხოვრების სურვილის გაუჩნდა, უკვე დანაშაულია. არ არსებობენ ყოფილი და მოქმედი ყმები – ყველა, ვინც მის გარემოცვაში იყო, ბოლომდე მონებად უნდა დარჩნენ, მას და მის რეჟიმს უნდა ემსახურონ და თუ საჭირო გახდა, სამარეშიც უნდა ჩაჰყვნენ.
არასერიოზულია ვერსიები, რასაც ვისმენთ მენცარი ექსპერტებისაგან თუ ოპოზიციის წარმომდგენლებისაგან, რომ ივანიშვილს თურმე ფული შემოაკლდა და რაღაც შავ ყულაბაში მის შემოტანას ითხოვს მისი გუნდის ყოფილი წევრებისგან, რომ თურმე ნებადართულზე მეტი მოიპარეს და ზედმეტის ამოღებას ეწევა.
ეს და სხვა ბევრი მსგავსი მჩხიბავობა, თუნდაც იგივე ერთი ჯიხურის მიერ 700 მილიონი დოლარის გათეთრების ზღაპრისა არ იყოს, არის მოვლენის არასწორი შეფასება და ისევ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
მთავარი საკითხი ძალაუფლების კონსოლიდაციაა და არა ფული.
ფული საკმარისად აქვს.
30 მილიონ ლარს როცა ერთი თამაშის მოგებაში იხდის, რომლის მიზანი საზოგადოებრივი გავლენის მქონე ფეხბურთელების მოსყიდვაა, აქ ფულის დეფიციტზე საუბარი ზედმეტია. რასაც აკეთებს ვითარების დაძაბვას და რეპრესიებისათვის საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ფონის შექმნას ემსახურება.
ჯიხურის მიერ ფულის გათეთრების ასმაგად გაზვიადებული თემა გუშინდელი ჩხრეკების გამართლების პრელუდია იყო, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ. ამ ვერსიების ტირაჟირება ივანიშვილს კორუფციასთან მებრძოლ რაინდად წარმოაჩენს ხალხის თვალში.
როცა აბსურდული ვერსიების გავრცელებას უწყობ ხელს, რომ თურმე ჩხრეკისას 400 მილიონი დოლარი იპოვეს, ამით პროკურატურის მიერ შემოგდებულ „დიდ ფულს“ უკვე ნულებს უწერ და მილიონებში გადაგყავს, რითაც პირდაპირ ივანიშვილის გეგმას ამაგრებ. ოთხასი მილიონი კი არა ოთხი მილიონიც არ იქნება ამოღებული ( არ ინახავენ დღეს ფულს მუთაქაში). თვეების მერე რაღაცები გაირკვევა, ეს უზარმაზარი რიცხვი კი რჩება ადამიანების ტვინებში და რეპრესიების მხარდაჭერად განაწყობს მათ.
კორუფციასთან ბრძოლის კამპანია ყოველთვის მოსწონდა და მოსწონს ხალს. მასებს სანახაობა ყოველთვის იზიდავს. დაკავებები და „სამართლიანობის აღდგენა“, ავტორიტეტს სძენს უზურპატორს.
კორუფციას და სახელმწიფო რესურსების მითვისებას ცალკეული პირების სიხარბეს მიაწერენ და არა სისტემას.
ყოფილი მაღალჩინოსნების დაკვებას სიხარულით ხვდება ხალხი, რადგან მათ უღალატეს „იმ ბრძენ კაცს“. ერთი კაცის ერთგულების და პერსონალური ღალატის თემაც რეჟიმისათვის დამახასიათებელი მოვლენაა – „სტალინმა არ იცოდა“, „იმ ბრძენმა კაცმა არ იცოდა“ და ა. შ.
სისტემა ჭამს თავის შვილებს. ახლა ამას კობახიძის ხელით აკეთებენ, მერე კობახიძეს და მის გარემოცვას სხვა შეჭამს. ასეთია ამ რეჟიმის ბუნება. აქამდე არ უნდა მივუშვათ საქმე.
ეს სისტემა დროზე არის დასანგრევი. ადრე თუ გვიან ინგრევიან, როგორც წესი, სისხლიანად. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს გვიან და არც სისხლიანად გვინდა რომ მოხდეს.
გვინდა ადრე და მშვიდობიანად. ეს არის სწორი გზა. გზას რეჟიმიც ირჩევს. თუ არასწორი გზა აირჩიეს, საკუთარ თავს დააბრალონ,“ – წერს რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძე
სუსის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.






