მთავარი,სიახლეები

„პროტესტის უფლება გვერთმევა, მე ვეღარ ავიღებ აქციებზე პასუხისმგებლობას“ – თამაზ ბაკურიძე

17.10.2025 •
„პროტესტის უფლება გვერთმევა, მე ვეღარ ავიღებ აქციებზე პასუხისმგებლობას“ – თამაზ ბაკურიძე

„ესე იგი, პროტესტის უფლება გვერთმევა… რა ვუთხრა ამ ხალხს, არ ილაპარაკოთ, დაჯექით სახლში და კარები დახურეთ, ფანჯარაც მიიხურეთ, რადგან კანონი ისეთია გამოსული, შეიძლება, გარეთ რომ გამოიხედო, ამაზეც პასუხი მოგთხოვონ,“ – ამბობს უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თქვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე.

მას „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო შეიზღუდა პროტესტის გამოხატვა, მაგალითად, პროტესტის ნიშნად ქუჩის გადაკეტვა უკვე პატიმრობას ითვალისწინებს.

თამაზ ბაკურიძე ბათუმში არაერთი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო, როცა ქუჩა გადაკეტეს. „ოცნების“ რეჟიმის ახალი გადაწყვეტილებით, ქუჩის გადაკეტისთვის პირდაპირ ციხეში მოხვდებით. მნიშვნელობა აღარ აქვს: რას აპროტესტებთ, ან სად მართავთ ამ აქციას.

რა იქნება ახლა, როცა პროტესტის გამოხატვისთვის შესაძლოა ციხეში აღმოვჩნდეთ?

„დღე-დღეზე უნდა ჩაგვეტარებინა საპროტესტო აქცია მიწების საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, რა გამოდის: ყველა, ვინც გამოდის აქციაზე, უნდა დაიჭირონ, დააპატიმრონ? მე ვეღარ ავიღებ ამ პასუხისმგებლობას, ვერც ადვოკატს დავუქირავებ ამ ხალხს და ვერ ვირბენ საპყრობილეში დილიდან საღამომდე,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე „ბათუმელებთან“.

უფლებადამცველი რამდენიმე საპროტესტო აქციას იხსენებს, როცა მაღლმთიანი აჭარის სოფლებიდან საგანგებოდ ჩამოვიდა ხალხი, თავისი ხმა ხელისუფლებისთვის რომ მიეწვდინა.

„სასეირნოდ კი არ ჩამოდიან ბათუმში, ჩამოდიან იმისთვის, რომ ხელისუფლება მათ არ უსმენს და უნდა მიაწვდინონ ხმა მთავრობას,“ – გვიყვება თამაზ ბაკურიძე. – „ბათუმში ჩამოსასვლელად გზის ფულს აგროვებს ეს ხალხი. რა ვუპასუხო ამ ხალხს: არ ილაპარაკოთ, დაჯექით სახლში და თქვენი პრობლემები თქვენშივე ჩაკალით? ასე ვკლავთ სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას.

პროტესტი ნიშნავს ქუჩაში გამოსვლას, ქუჩის გადაკეტვას, მათ შორის, სამთავრობო უწყებებთან. აბა, სად უნდა ჩატარდეს ეს აქცია? ამას ხელისუფლება ბედავს იმიტომ, რომ საზოგადოება უშვებს… მთავრობა ვისია? მთავრობა არის ხალხის დაქირავებული მონა და არა პირიქით – ხალხია მთავრობის მონა.

მეც დამაკავეს ერთ-ერთ აქციაზე, როცა ბათუმში ოჯახს ასახლებდნენ და აღსრულების პოლიციელს მივმართე: სახლის სახურავზე ადამიანი თავს იწვავს და მას უნდა ვუშველოთ, ხალხს დაანებეთ თავი-მეთქი, დამაკავეს და ბორკილებიც დამადეს. მაშინ მოსამართლემ ჩათვალა, რომ აღსრულების პოლიციის მოქმედება იყო გადამეტებული. გამოდის, რომ ჩვენ ახლა ამას ვაკანონებთ?

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როცა ოპოზიციაში იყვნენ, თავადაც იზიარებდნენ, მაგალითად, იპოთეკის გამო დაზარალებული მოქალაქეების პროტესტს,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე და საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის დაპირებასაც იხსენებს: ხალხმა უნდა მართოს ხელისუფლება და ჩვენ ასეთი ხელისუფლება ვიქნებითო.

თამაზ ბაკურიძე

„ახლა გამოდის, რომ კანონით იმასაც ვკრძალავთ, რომ ხელისუფლება საერთოდ არ შევაწუხოთ,“ – დასძინა თამაზ ბაკურიძემ. ის „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობას ნეპალში მომხდარ ამბებს ახსენებს:

„როცა 50 ან 100 კაცი კეტავს ქუჩას, ეს შეიძლება შეფასდეს ხელოვნურად, მაგრამ როცა ბუნებრივად იკეტება ქუჩა, რას ვშვრებით, ყველას ვაპატიმრებთ? ციხეებში ადგილები არ გეყოფათ. როცა რუსთაველი გადაიკეტება ბუნებრივად, ყველას ხომ ციხეში ვერ გამოამწყვდევთ?

ეს გამოიწვევს უფრო მეტ პროტესტს. ახლა ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

ნეპალში ხომ ნახეთ რამხელა ამბავი მოხდა იმის გამო, რომ ადამიანებს მესინჯერის გამოყენების უფლება არ მისცეს. ღმერთმა ნუ ქნას, ნეპალის მსგავსი არეულობა მოხდეს, ვერ გადავიტანთ ამ ყველაფერს, მაგრამ შეცდომებზე ვსწავლობთ და გამოცდილებას ვიღებთ: ისეთ რამეს ნუ გავაკეთებთ, რომ ხვალ გასაქცევი საშუალება აღარ დაგვრჩეს“, – მიმართავს „ქართული ოცნების“ მთავრობას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

ამ თემაზე:

ციხე გზის გადაკეტისთვის – ვის შეეხება “ოცნების” მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: