მთავარი,სიახლეები

„რაც უფრო მეტად დაჭიმავენ ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდებათ“ – ჯანაშია პარტიების გაუქმებაზე

16.10.2025
„რაც უფრო მეტად დაჭიმავენ ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდებათ“ – ჯანაშია პარტიების გაუქმებაზე

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აპირებს და ამისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. „ოცნების“ ლიდერების განცხადებით, არა მარტო აკრძალავენ მათთვის მიუღებელ პარტიებს, არამედ საქმიანობას აუკრძალავენ ყველა იმ პირს, ვინც „ოცნების“ აზრით, „სრულ თანხვედრაში იყო“ რომელიმე აკრძალული პარტიის მიზანთან.

რაზე მეტყველებს საქართველოში ოპოზიციის დაანონსებული აკრძალვა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელსა და განათლების ექსპერტს.

  • ბატონო სიმონ, „ქართული ოცნება“ აპირებს ფაქტობრივად უუფლებოდ დატოვოს ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვისთვისაც მიუღებელია მათი პოლიტიკა. რას აკანონებენ სინამდვილეში ამ დაანონსებული ცვლილებებით?

ქართულ ოცნებას“ უკვე რამდენიმე წელია ხელისუფლების შენარჩუნების პრობლემა აქვს, რადგან ვერ არწმუნებს ხალხს, რომ ისინი შეძლებენ ამ საზოგადოების პრობლემების გადაჭრას, გარდა რაღაც საბაზისო საჭიროებების მოგვარებისა. ასევე, ვერ აგვარებენ იმას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, იმიტომ, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ის გზები, რაც მათ აირჩიეს, არ არის თანხვედრაში ევროკავშირის ღირებულებებთან.

ამიტომ, ვინც კი ხელს უშლის მათ, იქნება ეს შიდა ძალები, ევროპელი ლიდერები თუ სხვა, ყველა უნდა გამოაცხადოს მტრად. გამოიგონეს რაღაც არარსებული ორგანიზაციები, – გლობალური ომის პარტია, „დიფ სთეითი“ და ასე შემდეგ, რომ ამის შიგნით ყველას ეძახონ მტერი.

ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენონ საბაბად, რადგან მასაც ჰქონდა გარკვეული დანაშაულები ჩადენილი და აკრძალონ ყველა პარტია, რომებიც მათ ხელს უშლიან ძალაუფლების შენარჩუნებაში. ყველა მოიშორონ და გაანეიტრალონ.

  • „ნაციონალურ მოძრაობას“ ამჟამად „ოცნების“ ძალიან ბევრი დეპუტატი თუ მაღალჩინოსანი წარმოადგენდა წლების წინ. რა სახელი შეიძლება დავარქვათ ამას?

მე მგონი, საზოგადოება მშვენივრად ხვდება იმას, რომ რეალურად ეს არის რაღაც ფასადი და სინამდვილეში ხდება საქართველოს კონსტიტუციური წყობის შეცვლა. საქართველოს კონსტიტუციური წყობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ როგორც გაერთიანების უფლება, ისე საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება პარტიების გამოყენებით.

ამიტომ, თუ აკრძალავენ პარტიებს და ადამიანებს პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, მაშინ რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ არა იმაზე, რომ კონკრეტული პარტია იკრძალება, არამედ იმაზე, რომ როგორი სახელმწიფო იქნება საქართველო? იქნება კი დემოკრატიული რესპუბლიკა? თუ იქნება რაღაც ავტორიტარული ქვეყანა, სადაც ერთი კონკრეტული პარტია წყვეტს, რომელი პარტიები იქნება დაშვებული და რომელი არა, რომელი ჩაითვლება რადიკალურად და რომელი – დემოკრატად.

ანუ საზოგადოება კი არ გადაწყვეტს დემოკრატიულია თუ არა რომელიმე პარტია, არამედ სახელმწიფო და კერძოდ ის კონკრეტული პარტია, რომელიც მმართველობაშია.

  • გამოდის, ხალხს საერთოდ უუქმებენ ხმას?

არა მარტო ხმას, ბევრ რამეს უუქმებენ. მათ შორის გაერთიანების უფლებას, რაც დღეს ხალხს აქვს კონსტიტუციით. ხალხს აქვს უფლება შექმნას ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები – ეს არის თავისუფალი საზოგადოების საფუძველი და ეს არის მოქალაქეობის ნაწილის გაუქმებაც, სინამდვილეში.

ანუ, მე მინდა რაღაც პარტიაში გავერთიანდე და ხელისუფლება ამბობს, რომ არა. ჩვენ გადავწყვიტეთ, იარსებებს თუ არა ასეთი პარტია.

ზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას, რადგან პოლიტიკური პარტიები არის ინსტრუმენტი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამოხატვის. თუ მე მინდა რაღაც შეიცვალოს სახელმწიფოში, გარდა იმისა, რომ შემიძლია ეს პირადად ვთქვა, შეიძლება ეს გააკეთოს ჩემ მიერ ორგანიზებულმა ან ჩემ მიერ მანდატმიცემულმა ჯგუფმა ჩემი სახელით. ამ კანონით კი, მე, როგორც მოქალაქეს, მიკრძალავენ გამოხატვის უფლებას პარტიების გზით.

ასევე, პოლიტიკურ მონაწილეობას მიკრძალავ, ანუ მართმევ უფლებას, რომ ჩავერთო პოლიტიკურ პროცესში იმით, რომ ავირჩიო ჩემი წარმომადგენლები ან მე თვითონ ვიყო არჩეული რომელიღაც წარმომადგენლობით ორგანოში.

მეუბნები, რომ ან მე შემომიერთდი და ჩემს პარტიაში შემოდი, ან იმ პარტიაში შედი, ვისაც მე ვაღიარებ ლეგიტიმურად. ეს არის ავტორიტარული სისტემა.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა მოხდა მერე, იყოს ერთი პარტია, ოღონდ იყოს კარგი პარტია, გააკეთოს რაღაც. მაგრამ პრობლემაა ის, რომ რაც უფრო ცოტაა პოლიტიკური პარტიების რაოდენობა, მით უფრო ნაკლებია პოლიტიკური დებატები. აღარ არსებობს პოლიტიკური პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი, არ ხდება ან ვიწროვდება ხელისუფლების კრიტიკა და ასეთ გარემოში რაღაც ჯგუფური აზროვნება ყალიბდება, სადაც არ არსებობს ალტერნატიული აზრი.

  • ხელისუფლების კრიტიკის უფლება ერთმევა რეალურად ხალხს, არა?

ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, რადგან როცა არსებობს ალტერნატიული პარტიები, მაშინ უფრო მეტად ანგარიშვალდებულია ხელისუფლება საზოგადოების წინაშე. იცის, რომ თუ არ შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას, მაშინ შეიძლება ეს გააკეთოს სხვამ, რომელსაც აირჩევს საზოგადოება. და თუ ეს სხვები გაუქმებულია, მაშინ არჩევანიც არ არსებობს.

აღარ არსებობს ხელისუფლების შემაკავებელი ძალა, რაც იწვევს საზოგადოების უკონტროლო ძარცვას, ან გადადის ძალადობაზე და აღარ არსებობს ისეთი პოლიტიკური წარმომადგენელი, რომელსაც მიმართავ შენი უფლებების დაცვისთვის, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ძალა გავიწროებს.

ასეთ მოცემულობაში ხელისუფლება იმდენად ირყვნება, რომ შესაძლებლობა აქვს აკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ასეთი რეჟიმები იწვევს არასტაბილურობას და პოლიტიკური მოძრაობები გადადის იატაკქვეშეთში, რაც იწვევს წინააღმდეგობის გაჩენას, არეულობას, რევოლუციებს და ასე შემდეგ.

სინამდვილეში, შეიძლება აქეთკენ უბიძგოს ხელისუფლებამ ხალხს, პარტიების აკრძალვით.

თუ ხელისუფლება პროდასავლური პარტიების უმეტესობას აკრძალავს, მაშინ დასავლეთისკენ სწრაფვა გახდება იატაკქვეშა საქმიანობა.

ერთპარტიულობა დაკავშირებულია კიდევ ერთ პრობლემასთან. წარმოიდგინეთ, რუსებმა რომ მოინდომონ საქართველოს ხელში ჩაგდება, მხოლოდ ერთ პარტიასთან მოუწევთ გამკლავება და საზოგადოების ყველა ინსტიტუტის ხელში ჩაგდება და საზოგადოებისთვის ეს არის ძალიან საშიში.

  • გარდა პარტიების აკრძალვისა, „ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ასევე საუბრობდა იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობა გაუუქმოს პირს, თუკი ამას ხელისუფლება გადაწყვეტს. გამოდის, რომ ხალხს საერთოდ არ უტოვებენ უფლებას, საკუთარი, არჩეული წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში ან საკრებულოში?

ეს საერთოდ აბსურდია.

ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე რუსეთში, მაგალითად, ნავალნის გაუუქმეს პარტია და გამოაცხადეს ექსტრემისტულ ორგანიზაციად, რადგან არის უცხოეთის აგენტიო. გვეცნობა ხომ ეს ტერმინები?

რუმინეთში აკრძალეს კონკრეტული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობა. საფრანგეთში აუკრძალეს მაგალითად მარი ლე პენს ხუთი წლით პოლიტიკური საქმიანობა, მაგრამ მას კორუფციაში ედება ბრალი, პარტიისთვის გამოყოფილი ფული გახარჯა არასწორად. მაგრამ ის, რომ მთელი რიგი პარტიები აკრძალო, როგორც ეს თქვა კობახიძემ, ხდება მხოლოდ ავტორიტარულ სისტემებში.

  • აქ მარტო პარტიებზე არ არის საუბარი, ფაქტობრივად პარტიის წევრებს ან მათი იდეოლოგიების გამზიარებლებსაც უკრძალავენ საქმიანობას. ეს ხომ ათასობით ადამიანს შეიძლება შეეხოს.

საქართველოში პოლიტიკური პარტიები სუსტია იმის გამო, რომ ადამიანებს არ უნდათ პარტიებში გაწევრიანება იმ მიზეზით, რომ აქვთ სამსახურიდან გაგდების საფრთხე, შეავიწროებენ სახელმწიფო ტენდერებში და ბევრი სხვა მიზეზია. თუ ამ საფრთხეებს დაემატება ახალი აკრძალვები, ეს კიდევ უფრო დაასუსტებს ოპოზიციურ პარტიებს. უფრო სუსტი გახდება პოლიტიკური ცხოვრება და ადამიანებს კიდევ უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი პრობლემები პოლიტიკური გზებით მოაგვარონ და მიმართავენ სხვა გზებს.

ეს სხვა გზები რა არის? – ეს იქნება ნაცნობობა, კორუფცია, რადიკალიზმი, – მაგალითად, დაშინება ერთმანეთის, ან რაღაც აგრესია და ასე შემდეგ. თუ პოლიტიკა აღარ არეგულირებს, მაშინ არეგულირებს ძალა, კუნთი, იარაღი, ფული, რაღაც გავლენა, წარმომავლობა და ასე შემდეგ, ხომ?!

მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვკარგავთ სახელმწიფოებრიობას, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირი გზაა თვითიზოლაციისკენ, იმიტომ, რომ არავის სურს ასეთ სახელმწიფოსთან ურთიერთობა. არც პოლიტიკური ურთიერთობები აწყობთ ასეთ ქვეყნებთან და არც ეკონომიკური.

გეოპოლიტიკურადაც პრობლემურია ეს, რადგან თუ ქვეყნის კურსი მთლიანად იცვლება და შენ აღარ ხარ დემოკრატიული, მაშინ შენი ალიანსებიც იქნება არადემოკრატიულ სახელმწიფოებთან და ვისთვისაც ასეთი რეჟიმები მისაღებია, ისინი არც კულტურულად არიან ჩვენთან ახლოს მაინცდამაინც, ხომ?

  • პარტიების გაუქმება და ადამიანებისთვის საქმიანობის აკრძალვა ალბათ სხვა სფეროებზეც გავრცელდება, არა? მაგალითად, თუ აკრძალული პარტიის წევრი უნივერსიტეტში ან სკოლაში ასწავლის, ალბათ ამ სისტემებიდანაც გამოაგდებენ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ასე იწყებენ ხოლმე ავტორიტარული რეჟიმები, – ჯერ პოლიტიკურ ოპონენტებს იშორებენ თავიდან, შემდეგ მისწვდებიან განათლების სფეროსაც.

30-იან წლებში მეტი არაფერი უკეთებია ბოლშევიკურ, კომუნისტურ პარტიას. ის ცდილობდა ჩამოეშორებინა ყველა, ვინც მანამდე, ან დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს, სხვა პარტიებში იყვნენ გაწევრიანებული.

მხოლოდ კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანება იყო ლოიალობის წინაპირობა, თუკი დათმობდი საკუთარ პრინციპებს და ღირებულებებს, უარს იტყოდი საკუთარ ახლობლებზე და ასე შემდეგ. შეიძლება მხოლოდ ასე დაწინაურებულიყავი სისტემაში.

  • როგორ ფიქრობთ, გაუძლებს ეს ქვეყანა კიდევ ერთ რუსულ ტერორს?

გაუძლებს. ყველა ვარიანტში ვაჯობებთ ამ რეჟიმს, რადგან „ქართული ოცნების“ მომხრეებიც კი არ არიან თანახმა, რომ ასეთი რაღაც მოხდეს. შეიძლება გულში უხაროდეთ, რომ რაღაც საფრთხე გაჩნდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მაგრამ არა მგონია მზად იყვნენ იმისთვის, რომ აიღონ და პარტიები გააუქმონ.

ეს ნიშნავს, რომ თვითონაც აღმოჩნდებიან ტყვეობაში და როცა მათ დაემუქრებათ საფრთხე, იქნება ეს განათლების სფერო, სპორტი თუ ბიზნესი, მათი დამცველი არავინ იქნება.

ვერც რეჟიმი გაუძლებს, შეუძლებელია, რომ ასეთ წნეხს გაუძლოს და თან, რაც უფრო მეტად დაჭიმავენ ამ ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხდებათ. რაც უფრო მეტად მიაყენებ კუთხეში და კედელთან ადამიანებს, მით უფრო მეტად გააფთრებულად დაიწყებენ თავის დაცვას. საქართველოში ასე მარტივად არ ეგუებიან რეპრესიებს. აჯანყებებიც ბევრი გვახსოვს.

  • თუმცა ცდილობენ ჯარიმებით და ციხით გატეხონ ეს წინააღმდეგობა. ეუთოს თავმჯდომარეც კი დააჯარიმეს ქუჩაში დგომისთვის…

ჩვენი ისტორიის მანძილზე კი არა, მსოფლიოში კი ვერ ვიპოვე მსგავსი პრეცედენტი, რომ დიპლომატი დაეჯარიმებინოთ. ეს არის უპასუხისმგებლობა, რაღაც ბავშვური საქციელი, ნაწყენი ბავშვის შურისძიება, რომ მზად ხარ გადაწვა საკუთარი სახლი, ოღონდ ვიღაცას აჩვენო რომ მაგარი ხარ, რომ გაქვს შეუზღუდავი ძალაუფლება. და ამ დამწვარ სახლში თვითონ არ უნდა იცხოვრონ?!

ამიტომ, „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი არ არის საქართველო იქნება თუ არა დემოკრატიული. ეს გადაწყვიტეს საქართველოს მოქალაქეებმა მაშინ, როდესაც დავაფუძნეთ დამოუკიდებელი საქართველო. მაშინ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ეს სახელმწიფო უნდა იყოს დემოკრატიული და დემოკრატია გულისხმობს იმასაც, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოქალაქეს.

ამიტომ, კობახიძე რას იტყვის ან რას გააკეთებს, ეს არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. და რაც უფრო მეტ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, მით უფრო ეჭვქვეშ დადგება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ლეგიტიმურობა. საკუთარ მომხრეებშიც კი უკვე ჩნდება ეჭვი, რომ ისინი არალეგიტიმურები არიან და არაფერი დემოკრატიასთან საერთო არ აქვს მათ გადაწყვეტილებებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: