ზუგდიდის უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილე ალექსანდრე ჩილაჩავა პოლიციამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, 8 ოქტომბერს დააკავა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ვინ არის ალექსანდრე ჩილაჩავა და როგორ დაიწყო მისი პროტესტი „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ? – „ბათუმელები“ მის მეგობრებსა და ოჯახის წევრს ესაუბრა.
როგორც ალექსანდრეს ახლობლები გვეუბნებიან, იგი ზუგდიდში ცხოვრობს, ოჯახში ხანდაზმული მშობლები ჰყავს და ძმა, რომელიც ამჟამად ევროპაში იმყოფება, ემიგრაციაში.
ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, როგორც ალექსანდრეს ახლობლები გვეუბნებიან, ალექსანდრე დადიოდა ხოლმე ევროპაში, დროებით სამუშაოებზე, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, ალექსანდრე ჩილაჩავა საქართველოში დაბრუნდა და პროევროპულ საპროტესტო აქციებს შეუერთდა.
„უსასრულოდ შემიძლია ალიზე ლაპარაკი, იმდენად საინტერესო პიროვნებაა. ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრი საინტერესო რამ მახსენდება მასზე, მაგრამ პირველი, რაც მახსენდება, მისი ოთახის მაგიდაა, სავსე წიგნებით.
ფაქტობრივად მან შემაყვარა კითხვა. მაშინ მიკვირდა, ამ სიდიდე წიგნების კითხვა როგორ არ ეზარება-მეთქი. ისტორიული ჟანრი უყვარდა უფრო მეტად. სულ მეუბნებოდა, ჯერ ისტორიული წაიკითხე და რომანტიკა მერეო.
კიდევ ის მახსენდება, რომ მის ირგვლივ ბევრი მეგობარია, რადგან ძალიან ერთგული და დაუზარელია თვითონაც. ახლაც 72 წლის ადამიანი გამაცნო, როგორც მისი მეგობარი.
მოგზაურობს ძალიან ბევრს და კარგს რასაც ხედავს სხვაგან, ყოველთვის უნდა აქაც იგივე გვქონოდეს, ამიტომ იბრძოდა ევროპული მომავლისთვის. ევროპული სიკეთეები უნდა ამ ქვეყნისთვისაც. ამაში ჩვენც ვეთანხმებოდით ოჯახის წევრები და მის აზრს ვიზიარებდით“ – ამბობს მერი ჩილაჩავა, ალექსანდრე ჩილაჩავას ბიძაშვილი.
„შოკირებულები ვართ მისი პატიმრობით“ – გვეუბნება მერი და პატიმარი ბიძაშვილის ბრძოლას იხსენებს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
„ევროპაში მიდის ხოლმე სამუშაოდ, მაგრამ არასოდეს უფიქრია სხვაგან ცხოვრებაზე.
ამიტომ იდგა ზუგდიდში ყოველდღე აქციაზე. თავიდან მიკვირდა კიდეც, რადგან აპოლიტიკური ადამიანი იყო, ერთადერთი, რაც ზუსტად იცოდა და საუბრებშიც გამოხატავდა ხოლმე იყო ის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა და არა რუსეთი“ – გვეუბნება მერი.

მერი ჩილაჩავა ალექსანდრესთან ერთად.
მას შემდეგ, რაც ალექსანდრე დააპატიმრეს, მასთან კავშირი არ ჰქონიათ. არც ალექსანდრეს დაურეკავს ციხიდან.
„არ გვაძლევენ საშუალებას, რომ დავუკავშირდეთ.
ერთადერთი, გავუგზავნეთ თბილი ტანსაცმელი და რაღაცები, პირადი საჭიროებისთვის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ალი, რომელიც ასეთი მშვიდობიანი და უკონფლიქტო ადამიანია, ციხეში შეიძლება გვენახა. წარმოუდგენელია ის დააბრალო ალის, რასაც ედავებიან.
მხოლოდ იმისთვის იდგა ეს დღეები ქუჩაში – წვიმაში, ქარში, სიცივეში, რომ თავისი აზრი გამოეხატა მშვიდობიანად და ეთქვა, რომ ამ ქვეყნისთვის ევროპული მომავალი გვინდა.
მეც ისევე მინდა ამ ქვეყნის ევროპაში ხილვა, როგორც ალის უნდა და ვერც მე წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება. მხოლოდ ეს მინდა, საქართველო ევროპული ქვეყანა რომ გახდეს“ – ამბობს მერი ჩილაჩავა.
მერი ალექსანდრეს ხანდაზმულ მშობლებზეც წუხს, რადგან ისინი ალექსანდრეზე იყვნენ დამოკიდებულიო.
„ძალიან უჭირთ, ძალიან. მამას ორი კვირის წინ სტენტირება გაუკეთეს და ყველანაირად ვცდილობთ არ ინერვიულოს. საათში ერთხელ ვურეკავთ, რომ გავამხნეოთ. მეზობლები ახლოს ჰყავს, ყველას ძალიან უყვარს ალიკა და ისინიც ცდილობენ მისი მშობლების გამხნევებას.
ალიკას ძალიან უყვარს მცენარეები, პატარა ოაზისი აქვს ეზოში, ჰყავს ოქროს თევზები, ძაღლი და კატები, რომელიც ძალიან უყვარს. შემოქმედი ადამიანია ძალიან. ხეზე მუშაობდა და აპირებდა ავეჯის საწარმოს გაკეთებას.
მინდა, მხოლოდ კარგზე იფიქროს, იმაზე, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება“-ამბობს მერი ჩილაჩავა.

ალექსანდრე ჩილაჩავა
ვესაუბრეთ 72 წლის თორნიკე ბერაძესაც, რომელიც ალექსანდრე ჩილაჩავას ზუგდიდის აქციებზე დაუმეგობრდა.
„ალექსანდრე ჩემი შვილის ტოლაა, შარშან, 29 ნოემბერს გავიცანი. მაშინ პირველად გამოვედი აქციაზე. ასე, 70-80 კაცი იდგა და იქიდან დამამახსოვრა თავი კეთილი გამოხედვით.
მეც პირველი ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, იმ ამბებს ვუყვებოდი. იქიდან მოყოლებული, 310 დღეა ერთად ვიდექით აქციაზე, სანამ გაიტაცებდნენ.
სახლამდე მიმაცილებდა ხოლმე აქციის შემდეგ თავისი მანქანით და ყოველთვის სითბოს და ზრუნვას ვგრძნობდი ამ ახალგაზრდა კაცისგან. ეს ჩემთვის დაუვიწყარია. უკეთილშობილესი პიროვნებაა. მას ვერაფერი გატეხს. შვილივით მიყვარდა და მიყვარს.
ამ კაცს ქვეყანა რომ უყვარს, არ ვიცი. ანაკლიაშიც ვიყავით გასული და იქაც შევხვდით ხალხს. ამბობდა, ბედნიერი ვარ, ასეთ ხალხთან რომ ვდგავარ იმისთვის, ამ ქვეყანას თავისი დიდება რომ დაუბრუნდესო.
ახლაც, როცა აქციაზე ვარ, სულ იმ მხარეს ვიხედები, საიდანაც ალექსანდრე გამოჩნდებოდა ხოლმე. მგონია, რომ ისევ გამოჩნდება. დიდი ხანია ასეთი კარგი ადამიანი არ შემხვედრია. ყველაფერი მიატოვა და ქვეყნის დასაცავად ჩადგა. თუ საჭირო გახდა, თავს შევწირავ ჩემი ქვეყნის თავისუფლებასო, მეუბნებოდა“ – ამბობს თორნიკე ბერაძე.
ის გვიყვება 4 ოქტომბრის ღამეზეც. ამბობს, რომ იქაც ალექსანდრესთან ერთად წავიდა თბილისში.
„გვერდი-გვერდ ვიდექით, მაგრამ ცრემლსადენი გაზი რომ შეგვასხეს, ვეღარ გამოვიხედე თვალებში, სუნთქვაც მიჭირდა და სანამ თვალებიდან გამოვიხედე, დამეკარგა.
მოგვიანებით, რუსთაველზე შევხვდით. თბილისიდან ცალ-ცალკე წამოვედით. მეორე დღეს აქციიდან ისევ მან წამიყვანა სახლში და უკან მობრუნებისას აიყვანეს.
ის ვიცი, რომ ალექსანდრე უფრო მეტად თავისუფალია, ვიდრე ისინი, ვინც მას ეს მოუწყო.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქვეყანა ანარქიას ხელში არ შევატოვოთ. საქართველო თავისუფალი იქნება და დაადგება იმ გზას, რომელსაც ევროპული სივრცე ჰქვია“- ამბობს თორნიკე ბერაძე.
ალექსანდრე ჩილაჩავას ბრალად ედება „ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობა სხვა პირებთან ერთად“. იმავე ბრალდებით 4 ოქტომბრის საქმეზე 46 ადამიანი დააკავეს.
ალექსანდრე ჩილაჩავას წინასასამართლო სხდომა პირველ დეკემბერს, 12 საათზეა ჩანიშნული.






