Batumelebi | „საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს შშმ პირების მიმართ“ „საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს შშმ პირების მიმართ“ – Batumelebi
RU | GE  

„საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს შშმ პირების მიმართ“

მერაბ მახათაძე 25 წლის იყო, როცა საწარმოო ტრავმის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო – ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ნგრევის დროს რკინის კონტრუქციის ქვეშ მოყვა. „თაგვი რომ ხაფანგში მოყვება, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. 30-მა კაცმა ძვლივს გადაწია რკინის მასა, რომ ნანგრევებიდან გამოვეყვანე. ზემოთ როცა ამომათრიეს, გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე, მივხვდი, ქვემო კიდურებში გრძნობა აღარ მქონდა“, – ასე აღწერს ის ტრაგიკულ შემთხვევას. რთული წლების მიუხედავად, მერაბი ამბობს, რომ ყველა სირთულე დაძლია და დღეს არა მარტო საკუთარ თავს, სხვა ადამიანებსაც ეხმარება.

მერაბისთვის იმ დღეს უბედური შემთხვევა ამით არ დასრულებულა – საავადმყოფოში გადაყვანის დროს სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა. მას პოლიციის მანქანა შეეჯახა. „ალბათ მაშინაც მივიღე დაზიანებები, სასწრაფოს ექიმი თავზე რომ დამეცა, ეგ მახსოვს“, – გვეუბნება ის. მერაბის აზრით, სამოქალაქო კულტურა მას შემდეგ დიდად არ გაზრდილა, რადგან დღემდე ვერ ხვდებიან მძღოლები, სასწრაფოს მანქანას გზა რომ უნდა დაუთმონ. „ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება, აქ კი პოლიცია ეჯახება სასწრაფოს, რაზე უნდა ილაპარაკო“.

მერაბ მახათაძეს საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ამის შემდეგ კიდევ ორი ოპერაციის გაკეთება მოუწია თბილისში. „ექიმმა მითხრა, ყველაფერი შენზეა დამოკიდებულიო. ეტლში პრინციპულად არ ჩავჯექი, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს მოტივაციას შემისუსტებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გავივლიდი. 7 წელი ასეთ მდგომარეობაში დავრჩი.

ერთ დღეს მეგობარმა სატრენაჟორო დარბაზში წამიყვანა. ყურადღებიანი ინსტრუქტორი შემხვდა და ძალიან მეხმარებოდა. სამი წელი უწყვეტად ვვარჯიშობდი, იმდენი შევძელი, რომ სხვების დახმარებით გადაადგილებას ვახერხებდი. დღეს უკვე დამოუკიდებლად, ერთი ყავარჯნით ვახერხებ სიარულს“.

ტრავმის შემდეგ, 2012 წელს მერაბმა ბუღალტერიის შესწავლა დაიწყო. სიარული უჭირდა, მაგრამ გადაადგილებაში მეგობრები ეხმარებოდნენ. ოთხი თვის შემდეგ პირველი სამუშაო მიიღო, რაშიც 50 ლარს უხდიდნენ.

„ერთი წელი ვიმუშავე. ამასობაში ერთი გოგონა გავიცანი. ია ახლა ჩემი მეუღლეა. როცა დავქორწინდით, იმ საღამოს დამირეკეს და ახალი სამუშაო შემომთავაზეს. 300-ლარიანი სამსახური იყო, ძალიან გამიხარდა. ერთ-ერთი ინდმეწარმე იყო, დისტრიბუციის ქსელი ჰქონდა, შემდეგ კიდევ დამემატა ობიექტები და დღეს უკვე საკმაოდ მაღალი შემოსავალი მაქვს. მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ, ბუღალტერიას მასაც ვასწავლი და მეხმარება მუშაობაში. საკუთარი თავის რჩენა შემიძლია და სხვებსაც ვეხმარები. სამ ადამიანს  დასაქმებაშიც კი დავეხმარე“, – გვეუბნება მერაბი.

მისი თქმით, უსაქმოდ ყოფნა არ შეუძლია. „ტრავმამდე სოფელში ვმუშაობდი და იმდენი მოსავალი მომყავდა, ოჯახს ვარჩენდი. არც ტრავმის მერე მინდოდა დანებება. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ მთავარი მაინც სურვილია. ადამიანი, რომელსაც აქვს ხელი და ფეხი, თუ მოინდომებს, მშიერი არ დარჩება.“

მერაბი ძირითადად დისტანციურად მუშაობს, ზამთარში სამი მოსწავლე აიყვანა, მათ ბუღალტერიას ასწავლის. გადის პროფესიულ ტრენინგებსაც და ცდილობს კვალიფიკაცია კიდევ აიმაღლოს.

მერაბი ამბობს, რომ საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ, რადგან მცდელობების მიუხედავად, მაინც რთული მდგომარეობაა ქვეყანაში: „დამსაქმებლების მენტალობაც უნდა შეიცვალოს. მესმის, რომ ყველას ჯანმრთელი და მორბენალი სჭირდება, მაგრამ ამ ადამიანებსაც სჭირდებათ თანადგომა. ჩემს სიტუაციაში კვალიფიკაციამ უფრო იმუშავა. სახელმწიფომაც მაქსიმალური ყურადღება და თანამდომა უნდა გამოიჩინოს შშმ ადამიანების მიმართ“.

თავისუფალ დროს მერაბი „თავისუფალ სივრცეში“ მიდის. ეს კაფე ბათუმში შეზღული შესაძლებლობის მქონე პირებმა გახსნეს, სადაც ხშირად იკრიბებიან.  „აქ მეგობრებს ვხვდები და ძალიან სასიამოვნო გარემოა. შეიძლება ფეხზე ვერ დადგეს ადამიანი, მაგრამ სხვა რამით იყოს ბედნიერი და შეიძლება უფრო კარგადაც კი გრძნობდეს თავს, ვიდრე ორ ფეხზე მდგომი“.

მერაბს იმედი აქვს, რომ ვარჯიშის გზით ჯერ კიდევ სუსტ ფეხშიც აღუდგება ყველა ძირითადი ფუნქცია და ამ ფეხითაც გაივლის.

მერაბ მახათაძე

მერაბ მახათაძე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com